ირმა გრიგალაშვილი
ფილოლოგი, თბილისის №214 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
დღესდღეობით თითქმის ყოველი ერის, ხალხის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენს განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა, ახალგაზრდებისთვის სათანადო ცოდნის მიცემა და თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება. ყველა ვთანხმდებით, რომ ძლიერი სკოლა ქვეყნის წარმატების საფუძველია, ხოლო სკოლის სიძლიერე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მასში მომუშავე პედაგოგთა კვალიფიციურობაზე. მართალია, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი ათეული წელი განათლების სფეროსთვისაც უმძიმესი იყო, მაგრამ თანდათანობით ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. დროთა განმავლობაში, შეიქმნა და დაიხვეწა სასკოლო სახელმძღვანელოები, შედგა ეროვნული სასწავლო გეგმა, დეტალურად გაიწერა ყოველი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები თითოეული საგნისათვის, განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი პროექტი. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ისაა, რომ 2007 წელს დაარსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (TPDC), რომლის მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების გზით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 2008 წელს, დამტკიცდა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. სტანდარტით გათვალისწინებული ძირითადი მოვალეობები პედაგოგისა შემდეგია:
„მუხლი 4. პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და კლასის მართვა…
მუხლი 5. სასწავლო პროცესის დაგეგმვა…
მუხლი 6. სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება…
მუხლი 7. სასწავლო რესურსების გამოყენება…
მუხლი 8. მოსწავლეთა შეფასება…
მუხლი 9. თვითგანვითარებაზე ზრუნვა…
მუხლი 10. სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია…
მუხლი 11. სკოლის განვითარებაზე ზრუნვა…
მუხლი 12. პროფესიული ეთიკის დაცვა…“ (მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი).
ჩამოთვლილი მოვალეობები, თავის მხრივ, სხვა არაერთი ინდიკატორით განისაზღვრება და არც იმდენად მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითვე განისაზღვრა დამატებითი მოთხოვნები და მოვალეობები წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვისაც.
2010 წლიდან ტარდება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები მასწავლებლობის კომპეტენციის დასადასტურებლად ცალკეულ საგანებსა და პროფესიულ უნარებში. ტესტი მიზნად ისახავს, შეამოწმოს, რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „მასწავლებლის პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურება იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ პროფესიისათვის აუცილებელი უნარებიც“ (პროფესიული უნარები 2021).
ზემოთ მოცემული ინფორმაციის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელთა მხარდაჭერა, მათი პროფესიული განვითარება და საგანმანათლებლო სფეროში კვალიფიციური კადრების მოზიდვა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი საქმეა. განათლების სფეროთი მეტ-ნაკლებად დაინტერესებული პირებისათვის ცნობილია, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომ ის საჯარო სკოლაში დასაქმდეს. აღნიშნული მოთხოვნები დეტალურადაა ჩამოთვლილი და განმარტებული შესაბამის საკანონმდებლო აქტში, კერძოდ, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში“.
დოკუმენტში, ასევე, მითითებულია, როგორ უნდა მიმდინარეობდეს მასწავლებლობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი, ვინ უნდა წარმართავდეს ამ პროცესს და იღებდეს საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩვენი წერილის მიზანია, მოკლედ და შეულამაზებლად აღვწეროთ, როგორ ხდება საჯარო სკოლაში დასაქმება ჩვენს სინამდვილეში, რამდენად მიესადაგება ის საკანონმდებლო დოკუმენტით განსაზღვრულ წესებს და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ვისაუბროთ იმაზეც, თუ რამდენად პრობლემურია საჯარო სკოლაში კვალიფიციური კადრის დასაქმება.
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში“ გარკვევითაა მითითებული, რომ „კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად სკოლის დირექტორის მიერ იქმნება შესაბამისი კომისია“ (მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი, მუხლი 5.1. კომისიის შექმნის წესი), „კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით“ (მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი, მუხლი 5.2. კომისიის შექმნის წესი). ამ მხრივ, ჩვენს სინამდვილეში, თითქმის ყველაფერი კანონიერად ხდება, თუმცა საინტერესოა, რამდენად არიან დამოუკიდებელნი კომისიის წევრები დირექტორისაგან? სოციალურ ქსელში პედაგოგთა ჯგუფებში ხშირად იწერება, რომ ჩატარებული გასაუბრებების უმეტესობა ფორმალურია, გადაწვეტილება დირექტორს წინასწარ აქვს მიღებული ან ჩანს, რომ კომისიის წევრები მოქმედებენ დირექტორის სურვილისა და სიმპათიის შესაბამისად. პრობლემური საკითხია კომისიის წევრთა კომპეტენტურობაც, რის შესახებაც უფრო ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი.
საყურადღებოა, რამდენად სრულყოფილად ხორციელდება სკოლაში დასასაქმებელ პედაგოგთა საკონკურსო ეტაპები. პირველ ეტაპს, წესისამებრ, წარმოადგენს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განცხადებების გადარჩევა. სამწუხაროა, რომ პედაგოგობის მსურველთა უმრავლესობისათვის დღემდე გაურკვეველია, რა პრინციპით ხდება მათი რეზიუმეების გადარჩევა, რა ინფორმაციაა პრიორიტეტული ამა თუ იმ კანდიდატის შესახებ. მდგომარეობას უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ხშირად ერთ ვაკანტურ პოზიციაზე ათეულობით მასწავლებელს იბარებენ გასაუბრებისათვის, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კანდიდატთა რეზიუმეები არავის არ წაუკითხავს და აპლიკანტებს ან შემთხვევითობის პრინციპით დაუკავშირდნენ, ან ყველა მათგანი დაიბარეს გასაუბრებაზე.
კონკურსის მეორე ეტაპია შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. სათანადო საკანონმდებლო დოკუმენტში მითითებულია, რომ „კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი კონკურსის ყველა ეტაპზე“ (მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი, მუხლი 7.4. კომისიის საქმიანობა). საინტერესოა, რამდენად ზედმიწევნით სრულდება კანონით გათვალისწინებული ეს მოთხოვნები? საფიქრებელია, რომ ზედაპირულად. ამას ცხადყოფს ის, რომ, ხშირ შემთხვევაში, გასაუბრებაზე დაბარებული აპლიკანტებისათვის არ არის დათქმული დროითი რეგლამენტი. ზოგიერთ კანდიდატთან გასაუბრება დიდხანს მიმდინარეობს, ზოგიერთის შემთხვევაში კი რჩება შთაბეჭდილება, რომ კომისია აპლიკანტს საერთოდ აღარ უსმენს და მოვალეობის მოხდის მიზნით უსვამს შაბლონურ შეკითხვებს. არაერთი პედაგოგისგან მსმენია, რომ გასაუბრება ხშირად გადაზრდილა ქაოსში. ასევე, საყურადღებო მომენტია ისიც, რომ მასწავლებლობის კანდიდატი თითქმის არასდროსაა ინფორმირებული, რა ტიპის გასაუბრება ელის, ჯგუფური თუ ინდივიდუალური. აპლიკანტს არ აქვს საშუალება გასაუბრების სპეციფიკიდან გამომდინარე იყოს მომზადებული.
„კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, გასაუბრების ან სხვა დავალების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას“ (მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი, მუხლი 7.5. კომისიის საქმიანობა) — ვკითხულობთ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში“. საინტერესოა, რა პრინციპით ფასდება აპლიკანტთა სამუშაო გამოცდილება? თუ არიან კომისიის წევრები სათანადოდ კომპეტენტურნი იმისათვის, რომ შეაფასონ მასწავლებლობის მსურველის კვალიფიციურობა. სამწუხაროდ ჩვენდა, ამ მხრივაც პრობლემური მდგომარეობა გვაქვს. გასაუბრებისას აპლიკანტებს ხშირად დარჩენიათ შთაბეჭდილება, რომ შემფასებელი კომისიის წევრები თავად არ იცნობენ სწავლა-სწავლების სფეროში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს, სწავლების თანამედროვე მიდგომებს, შეფასების პრინციპებს; უნდობლად უყურებენ განათლების სფეროში არსებულ რეფორმებს; მიაჩნიათ, რომ არ უნდა ტარდებოდეს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები და კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც არ არიან მოტივირებულნი. ხშირად კომისია დაკომპლექტებულია ისეთი პედაგოგებისაგან, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილნი ახალგაზრდა კადრების მიმართ, რაც გამოიხატება მათ საუბარსა და აპლიკანტისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებაში. ხაზგასასმელია ისიც, რომ კომისიის წევრად შეიძლება შერჩეული იყოს მასწავლებელიც, რომელსაც თავად არ აქვს დადასტურებული შესაბამისი საგნის სწავლების მინიმალური კომპეტენცია და არც პროფესიული უნარების გამოცდა ჩაუბარებია.
მოკლედ უნდა შევეხოთ გასაუბრებაზე დასმული შეკითხვების შინაარსსაც. უმეტესწილად, როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, გასაუბრებას წარმართავს შეკითხვები, რომლებზე პასუხიც მოითხოვს საგანმანათლებლო დოკუმენტაციის ცოდნას (მაგ., ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები…). ბოლო დროს აქტუალური გახდა ახალი სკოლის მოდელთან დაკავშირებული შეკითხვებიც (მაგ., რა არის კომპლექსური დავალება, როგორ აიგება საგნობრივი კურიკულუმი…). შედარებით მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ კომისიის წევრებს ისეთი შეკითხვები და დავალებები, როგორებიცაა: რატომ გსურთ მასწავლებლობა? როგორია სწავლების თქვენეული სტილი და მიდგომა? როგორ აამაღლებდით მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას? როგორ შექმნიდით საკლასო ოთახში კეთილგანწყობილ გარემოს? თქვენი სასკოლო პრაქტიკიდან გაიხსენეთ რთული სიტუაცია, რომელსაც წარმატებით გაუმკლავდით. როგორი ურთიერთობა გექნებათ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან?.. ამ ტიპის შეკითხვები კი ხშირად გვხვდება უცხოურ ლიტერატურაში, რომელიც მასწავლებელს ეხმარება მოემზადოს გასაუბრებისათვის. ჩვენს სინამდვილეში, როგორც აპლიკანტები იხსენებენ, ამგვარ შეკითხვებს კომისიის წევრები ერთგვარი ირონიული ტონითაც კი სვამენ, რაც მიანიშნებს, რომ მათთვის ზემოჩამოთვლილი საკითხები უმნიშვნელოა.
როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფო მოწოდებულია კვალიფიციური მასწავლებლების მოსამზადებლად. სწორედ ამ მიზნით, ბოლო წლებში, არაერთმა წამყვანმა ქართულმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა. აღნიშნული პროგრამის დანერგვა და განხორციელება ნამდვილად საჭიროებს საკმაოდ დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს. გამართლებულია თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ეს დანახარჯი? გამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამათა კურსდამთავრებულები შეძლებენ შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ გამოყენებას. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ახალბედა პედაგოგებისათვის ვერც მასწავლებელთა მომზადების პროგრამის გავლა ვერ იძლევა დასაქმების გარანტიას. უმთავრესი წინაღობა, რომელიც ახალბედა მასწავლებელს კომისიასთან გასაუბრებისას ეღობება, გამოცდილების უქონლობაა (მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლის მომზადების პროგრამა მოიცავს სასკოლო პრაქტიკის კომპონენტსაც). „თუ შანსი არ მოგვცეს, როგორ შევიძენთ გამოცდილებას?“ — ესაა შეკითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად დაისმის მასწავლებელთა ჯგუფებში. მასწავლებლობის კანდიდატებს ხშირად რჩებათ განცდა იმისა, რომ გამოცდილების უქონლობა ერთგვარი საბაბია სკოლისათვის უარი უთხრას დასაქმებაზე ახალბედა პედაგოგებს.
დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ზემოთქმული არ ეხება ერთ კონკრეტულ სკოლას და რომ განათლების სფეროში დასაქმება ჩვენი ქვეყნისათვის „საზოგადო ჭირად“ არის ქცეული. წერილში ყურადღება არ გაგვიმახვილებია იმგვარ იშვიათ შემთხვევებზე, როდესაც სკოლებში პედაგოგთა შერჩევა სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს და სკოლა მართლაც ობიექტურად ირჩევს საუკეთესო თანამშრომელს. მისასალმებელია, რომ არაერთმა სკოლამ შანსი მისცა ახალბედა პედაგოგებს, რომელთაც დღეს უამრავი კმაყოფილი მოსწავლე და მშობელი ჰყავთ.
„სკოლის მასწავლებლები ფლობენ ისეთ ძალაუფლებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ“ — უინსტონ ჩერჩილის ამ ნათქვამს დღესაც არაერთი ადამიანი იზიარებს. ჩვენი ვალდებულებაა, კარგად დავფიქრდეთ, ვის მივანიჭებთ ამ ძალაუფლებას, შევარჩიოთ ღირსეული მასწავლებლები, პროფესიონალები და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონენი. სასურველია, სახელმწიფო მეტად იყოს დაინტერესებული საჯარო სკოლაში დასაქმების პრობლემებით და ზრუნავდეს მათი აღმოფხვრისათვის.
ლიტერატურა და რესურსები ინტერნეტში
♦ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი — https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841342?publication=0
♦ როგორ მოვემზადოთ მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად, პროფესიული უნარები, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბილისი 2021 — https://edu.aris.ge/news/maswavlebelta-damxmare-krebulebebi-2021-wlis-gamocdistvis.html
♦ მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესი — https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4638766?publication=0
♦ 25 Common Teacher Interview Questions-and How to Answer Them — https://www.themuse.com/advice/interview-questions-for-teachers-answers