„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელსაც 1 თებერვალს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც სახელოვნებო პროფესიული განათლება და შესაბამისი უნარ-ჩვევები აქვთ, თუმცა არ აქვთ უმაღლესი განათლება, შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი გადამზადების კურსის გავლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმდნენ.
ინიციატორის, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განმარტებით, კანონის მიღების შედეგად, სახელოვნებო სფეროს პროფესიული განათლების მქონე პირს ასევე შესაძლებლობა ექნება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლობის მაძიებლად დასაქმდეს, რაც მას საშუალებას მისცემს, გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად, მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ჩაერთოს.
მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ითვალისწინებს თვითრეგულირებად დისტანციურ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს, სკოლაში მუშაობის პარალელურად, მისთვის მოსახერხებელ დროის პერიოდში, გაიაროს თეორიული კურსი და ტუტორის (სკოლის მიერ, სკოლის ბაზაზე, მაძიებლის პროფესიული განვითარების მიზნით გამოყოფილი კვალიფიციური კადრი) დახმარებით წარმართოს აკადემიური კურსის პრაქტიკული ნაწილი.
„კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებებს, რომლებსაც არ გააჩნიათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, გაუჩნდებათ სტიმული, დაინტერესება, რომ მოიპოვონ სათანადო ავტორიზაცია, რის შედეგადაც მათ მიერ მომზადებულ სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.“ – მიიჩნევენ კომიტეტში.