საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი დასრულდა. დაფინანსების მოპოვების მსურველებს როგორც ელექტრონული აპლიკაციის შევსება, ასევე ცენტრის ვებგვერდზე – iec.gov.ge რეგისტრაციის გავლა 2 თვის განმავლობაში შეეძლოთ.
აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აწარმოებენ.
2021-2022 აკადემიური წლის კონკურსისათვის რეგისტრაცია 2000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა. აქედან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე გამარჯვებულია:
⇒ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022 – 24 აპლიკანტი;
⇒ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2021-2022 – 7 აპლიკანტი;
⇒ საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2021-2022 – 5 აპლიკანტი;
⇒ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2020-2021- 3 აპლიკანტი.
2021-2022 სასწავლო წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:
√ სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) – 2021-2022 -69აპლიკანტი;
√ სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში – 2020-2021 – 7 აპლიკანტი;
√ აკადემიური პროგრამები იტალიაში – 2020-2021- 5 აპლიკანტი;
ამჟამად მიმდინარეობს ,,ფულბრაიტის” სამაგისტრო პროგრამის კონკურსი, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განათლების საერთაშორისო ცენტრი ერთობლივად ახორციელებს, ასევე, აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და სან-დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდებათ ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელებს. გამარჯვებულთა სია, პროგრამების მიხედვით, ცენტრის ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის უკვე 1000-ზე მეტი სტიპენდია გასცა. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.