პროექტებით სწავლება რომ მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოების, ახალი ცოდნის პრაქტიკული მაგალითების შეძენის საუკეთესო საშუალებაა, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით, მაგრამ პროექტი, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ, გამორჩეულად და განსაკუთრებულად მიმაჩნია იმიტომ, რომ იგი ჩვენი ისტორიული მეგობრების – ვაინახების, იგივე პანკისელი ქისტების სტუმრობას ეხება გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთის 3 საჯარო სკოლაში. დიახ, ეს ჩვენი იდეა გახლდათ, ჩვენივე პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული, რასაც წინ სერიოზული სამუშაოები უძღოდა. მათი მოყოლით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ჩემს ემოციას მაინც გაგიზიარებთ – პანკისელმა სტუმრებმა თან მოიტანეს ამ სკოლის ისტორიაში თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარული, მისთვის თავდადების აუცილებლობა. ბევრი განსაცდელი გადაიტანეს, მაგრამ არ დაკარგეს წინაპართა ტრადიციები და ადათ-წესები, რაც ასე კარგად ჩანს მათთან ურთიერთობისას.
ემოციური იყო სტუმრობის პირველი დღე ტრადიციული მისალმებით, ქართული სიმღერებითა და ცეკვებით… ტოლი არც ქისტებმა დაგვიდეს. მათ მიესალმნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე და, ბუნებრივია, მეც.
სამადლობელი სიტყვები წარმოთქვეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მწერალმა და მეცნიერმა, მექა ხანგოშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის ომალოს საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია მუთოშვილმა.
ქისტმა სტუმრებმა ინტერესით დაათვალიერეს ჩვენი პატარა ქალაქი, ეწვივნენ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.
შეხვედრისა და გაცნობის პირველი დღე დააგვირგვინა მეგობრობის კოცონმა. ლამპიონებით გაჩირაღდნებულ სკოლის ეზოში გაიმართა სასწავლო აქტივობები, სპორტული თამაშები. მიმზიდველი იყო კოცონის გარშემო ხელჩაკიდებული გურულებისა და ქისტების ფერხული.
მეორე დღეს ჩვენს საპატიო სტუმრებს სკოლის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა, სადაც გაიმართა ქისტი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ხასო ხანგოშვილის წიგნის „ქისტები“ (გამომცემლობა „არტანუჯი“) პრეზენტაცია. მასში 100 მოთხრობაა შეტანილი და „თან საკითხავი“ ჰქვია. ეს უნიკალური წიგნი დიდი აზარტითა და სიამოვნებით წაიკითხეს მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. ჩვენი შეხვედრა ამ არაჩვეულებრივ წიგნთან და ასეთ აუდიტორიასთან, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან პრეზენტაციას ესწრებოდნენ მისი წევრები, ბატონ ხასოს ქალიშვილები: მწერალი და პარლამენტარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი მრჩეველი მექა ხანგოშვილი და ხელოვნებათმცოდნე და მწერალი, სამი წიგნისა და ასობით სტატიის ავტორი ნონა ხანგოშვილი. ტკივილნარევი სიამაყე, ცრემლი და სიხარული ახლდა წიგნის წარდგენას. ქალბატონმა მექამ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა რამდენიმე წიგნი, რომელიც მკითხველს ნათელ წარმოდგენას შეუქმნის ქისტებზე, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია; შრომატევადი და აქტუალური იყო სასწავლო კონფერენცია. გურულმა და ქისტმა მოსწავლეებმა საინტერესო თემები წარმოადგინეს გურული და ჩეჩნური სამზარეულოს შესახებ, ისაუბრეს ჩეჩნებისა და ქართველების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე, საზოგადო მოღვაწეებზე, ჩეჩნურ და ქართულ ფოლკლორზე. კონფერენციას სილაღე და ხალისი შემატა თემამ – „გურია და იუმორი“.
შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა, სკოლის ეზოში, ჩვენი ბავშვების ნახატების გამოფენა დაათვალიერეს; იქვე დააგემოვნეს გურული კერძები, თავისი ტრადიციული „ატრიბუტიკით“, რამაც საოცარი კოლორიტი შემატა ჩვენს მასპინძლობას.
ემოციურად და თემატურად დატვირთული დღე დააგვირგვინა დასკვნითმა ღონისძიებამ „გურია და გურულები“. ეს იყო შესანიშნავი პროექტი, სრული სახე გურიისა, დახვეწილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომელმაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
და აი, დადგა დამშვიდობების დღეც. ჩვენი პროექტის მთავარი გზავნილი – „ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ“, რეალიზებულია – ორივე სკოლის ბავშვებმა და პედაგოგებმა გადავლახეთ ფსიქოლოგიურ-სარწმუნოებრივი ბარიერი. ჩვენ გაგვაერთიანა არა მარტო საგანმანათლებლო გარემომ, არამედ სტუმარ-მასპინძლობისა და მეგობრობის ორასწლოვანმა ტრადიციამ, გაგვაერთიანა სახელმწიფო ენამ, რომელიც პანკისის ვაინახებსა და ქართველებს ერთი გვაქვს; გაგვაერთიანა ერთმანეთისადმი ნდობამ და ურთიერთპატივისცემის გრძნობამ, რომელშიც სიყალბის ნიშანწყალიც კი არ ყოფილა.
ჩვენი მეგობრობის ჯადოსნური დღეები დასრულდა შეკვეთილში, სადაც შემოგვეგება მზის სხივებით გამთბარი ზღვის ტალღები, იშვიათი ფლორითა და ფაუნით დამშვენებული ტყე-პარკი, იმიტირებული საქართველოს კუთხეები, მუსიკალური პარკი და საბავშვო გასართობები…
ამაღელვებელი იყო პროექტის ფინალი. თანამშრომლობისა და პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადავეცით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს; სამახსოვრო ვიმპელი, „ვეფხისტყაოსანი“ და გურული ყაბალახი – ომალოს საჯარო სკოლას და თან საგზლად გავატანეთ გურულების დიდი სიყვარული. ასეთ სიყვარულს ყავლი არასოდეს გაუვა, რადგანაც მეგობრობა ისეთი ციხე-სიმაგრეა, რომელსაც ვერავინ დაანგრევს. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და მისი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში განსაკუთრებულია პანკისელი ქისტების ისტორიული დამსახურება ფარნავაზის ეპოქიდან დღემდე.
დაბოლოს, ჩვენი გაზეთის მკითხველს არაჩვეულებრივი ქალბატონის, მწერლისა და მეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მექა ხანგოშვილის შთაბეჭდილებას გავაცნობთ: „ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს“ – ამბობს სულმნათი გოეთე და ეს სრული ჭეშმარიტებაა და ამისი დასტური იყო ის დიდი ადამიანობითა და საოცარი მასპინძლობით აღსავსე დღეები, რომლებიც პანკისელებმა გურიაში გაატარეს.
ჩემი ნახევარსაუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე მსოფლიოს ბევრი კუთხისა და ეთნოსის გაცნობისა და შესაშური მასპინძლობის ბედნიერება მხვდომია წილად, თუმცა ლანჩხუთმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ, ქისტები, გურიასა და გურულებს დამოუკიდებლობის ჟინით შეპყრობილ, დაუდეგარ და მშფოთვარე ფირალებად ვიცნობდით, აქ კი ისეთი სათნოება, სიტკბო და სითბო დაგვხვდა, გული სიყვარულით გაგვითბა…
ასეთი დონის ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება სჭირდება, არამედ დიდი გულიც, რომელიც უფალს ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორისთვის, ქალბატონი მაია ჯიმშელეიშვილისთვის და მთელი პედკოლექტივისა და მოსწავლეებისთვის დიდი დოზით გაუმეტებია.
უღრმესი და გულწრფელი მადლობა სტუმარ-მასპინძლობის კავკასიური წესის ასეთი განსაკუთრებული დაცვისთვის!
შეგვიყვარდით გურულებო, გვერწმუნეთ, სულ გულისგულში გვეყოლებით…
შეხვედრამდე პანკისში, საქართველოს ულამაზეს კუთხეში!“.
მაია ჯიმშელეიშვილი
სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის №3 საჯარო სკოლის დირექტორი