29 ოქტომბერი, პარასკევი, 2021

სახალხო დამცველი შშმ აბიტურიენტებისთვის გონივრული მისადაგების ვალდებულების შესრულებას ითხოვს – ნინო ლომჯარია სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ზოგადი წინადადებით მიმართავს

spot_img

სახალხო დამცველმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აბიტურიენტებისთვის გონივრული მისადაგების ვალდებულების შესრულების საკითხზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს ზოგადი წინადადებით მიმართა.

2020 წელს საქართველოს სახალხო დამცველს, ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისას არასათანადო წვდომასთან დაკავშირებით, სმენის პრობლემის მქონე სამმა აბიტურიენტმა მიმართა. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ უცხო ენის გამოცდისას, მოსასმენი დავალების შესასრულებლად დამატებითი დროის გამოყოფა და ხმის გამაძლიერებელთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს ვერ პასუხობდა. ამასთან, განმცხადებლები გამოცდების ეროვნული ცენტრის მხრიდან მათი სპეციალური საჭიროებების შესახებ არასათანადო კომუნიკაციაზე მიუთითებდნენ.

საქმეების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინების კუთხით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, გონივრული მისადაგების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები პირის ინდივიდუალურ საჭიროებებთან სრულად შესაბამისობაში არ არის.

ზოგად წინადადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან ინდივიდუალური, ამომწურავი კომუნიკაციის პროცედურის დანერგვა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც შესაბამისი პირის სპეციალურ საჭიროებას სათანადოდ უპასუხებს.

 სახალხო დამცველმა განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ზოგადი წინადადებით მიმართა:

ნორმატიულ დონეზე გაიწეროს, გონივრული მისადაგების ღონისძიების განსაზღვრისას, მხარესთან დიალოგის, ამომწურავი კომუნიკაციის პროცედურა;

კანონმდებლობაში არ არსებობდეს იმგვარი ბარიერები, რომელიც დაგვიანებულად მიმართვისას გონივრული მისადაგების ფორმის შერჩევას გამორიცხავს, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც დარჩენილ დროში პრაქტიკულად შეუძლებელია გონივრული მისადაგების ღონისძიების განხორციელება;

გონივრული მისადაგების ღონისძიების შერჩევისას გაითვალისწინონ ჩასაბარებელი საგნის სპეციფიკის და აბიტურიენტის შეზღუდული შესაძლებლობის ფორმის ურთიერთდამოკიდებულება.

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები