სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ყვარლისა და ონის მუნიციპალიტეტების მერებს, სოფელ თივსა და სოფელ გლოლაში მცხოვრები ბავშვებისთვის, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობისა და საბავშვო ბაღით უზრუნველყოფის რეკომენდაციებით მიმართა.
ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელ თივში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაგა-ბაღი. მოსახლეობა ითხოვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების გახსნას, სადაც ბავშვები სახელმწიფო ენასაც შეისწავლიან და სასწავლო-სააღმზრდელო მომსახურებასაც მიიღებენ.
სოფელ თივის საჯარო სკოლის ბაზაზე გახსნილა სკოლამდელი აღზრდის ცენტრი, სადაც 12 ბავშვი ირიცხება. ცენტრის მომსახურებით სარგებლობენ სასკოლო მზაობის პროგრამის შესწავლის მსურველი ბავშვები, ძირითადად, 5-6 წლის ასაკის. მოკვლევისას დადგინდა, რომ სოფელში მოქმედი სკოლამდელი განათლების მოსამზადებელი ალტერნატიული სასწავლო ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ბავშვებს კვებითა და საძინებლით, შექმნილი პირობები ქვეყანაში დაწესებულ სტანდარტებს არ მიესადაგება.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა თითოეული ბავშვისთვის, მათი რაოდენობის მიუხედავად, აღნიშნული უფლებით სოფელ თივში მცხოვრები ბავშვები ვერ სარგებლობენ. შედეგად, მათ ეზღუდებათ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიღების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის მხრიდან გატარდეს სათანადო ღონისძიებები, რათა სოფელ თივის აღსაზრდელებისთვის უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლების რეალიზება, კერძოდ, სრულფასოვანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ რეკომენდაციით, დროულად გამოიყოს საბიუჯეტო სახსრები სოფელ თივის სკოლამდელი განათლების ცენტრის სათანადო ინვენტარითა და პერსონალით უზრუნველყოფის მიზნით, რათა შესაძლებელი იყოს იქ მცხოვრები ბავშვებისთვის საყოველთაო, უფასო და სრულფასოვანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიღების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლების რეალიზება. გთხოვთ, გატარებული ღონისძიებების შესახებ მაცნობოთ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში. “ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის დასკვნაში.
სოფელ გლოლაში კი, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობა გარემონტებულია, მაგრამ სპეციალური პერსონალის არარსებობის გამო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები არ მოქმედებს. შესაბამისად, მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამა ფუნქციონირებს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღსაზრდელების კვებასა და ძილს.
„მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვებისთვის არ არის ხელმისაწვდომი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდა და განათლება.
სოფელ გლოლაში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების შენობა გარემონტებულია და გამოყოფილია სათანადო ოთახები, როგორც საძინებლისთვის, ასევე სამზარეულო და საწყობი ოთახებისთვის, შესაბამისი ინვენტარისა და სამზარეულოსთვის სპეციალური პერსონალის არარსებობის გამო, არ ფუნქციონირებს კვების ბლოკი და საძინებელი. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ამჟამად ირიცხება მხოლოდ 4 აღსაზრდელი, მათი სიმცირის გამო, დაწესებულება არ უზრუნველყოფს ბავშვებს სათანადო კვებითა და საძინებლით. შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი, შეფერხებით, მხოლოდ დილის 10:00 საათიდან დღის 14:00 საათამდე მიმდინარეობს და ფუნქციონირებს, როგორც სკოლამდელი განათლების ცენტრი.
ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, დაწესებულება ეფუძნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, თუმცა სოფელ გლოლის სტანდარტული საბავშვო ბაღით უზრუნველყოფა მხოლოდ აღსაზრდელთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში იგეგმება.“
სახალხო დამცველი რეკომენდაციაში ასევე წერს, რომ სკოლამდელი აღზრდა-განათლება არის საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანონში არ არის დადგენილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სრულფასოვანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის აღსაზრდელთა საჭირო მინიმალური რაოდენობის ზღვარი.
ცხადია, რომ თივსა და გლოლაში მცხოვრები ბავშვები ვერ სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უფლებით.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ბიუჯეტიდან დროულად უნდა გამოყონ საჭირო სახსრები საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისთვის, ასევე სკოლამდელი განათლების ცენტრების სათანადო ინვენტარითა და პერსონალით უზრუნველყოფის მიზნით, რათა ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს საყოველთაო, უფასო და სრულფასოვანი სკოლამდელი აღზრდა-განათლება.