14 ივლისი, კვირა, 2024

სახალხო დამცველის მიმართვა განათლების მინისტრს

spot_img

20 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის, შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში მოისმინა.

რეკომენდაციების ჩამონათვალში, რომელიც ლევან იოსელიანმა სხვადასხვა უწყებების მიმართ გააკეთა, მოხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეთა სწავლის მიტოვების პრევენციის პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. მინისტრისადმი გაკეთებულ მიმართვაში ვკითხულობთ, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლის მიტოვების პრევენციის პოლიტიკის გასატარებლად, უნდა დაიხვეწოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოებული სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა და სისტემატიზებულად აღირიცხოს მოსწავლის სტატუსის შეჩერების რეალური მიზეზები, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და, ზედიზედ გაცდენების ზღვრული რაოდენობის საფუძველზე, სწავლის მიტოვების შემთხვევებშიც.

სახალხო დამცველი მოუწოდებს განათლების მინისტრს: სიღრმისეულად შეფასდეს მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების მზარდი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზები და როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით, შემუშავდეს სამომავლო სტრატეგია მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის რისკების შესამცირებლად.

ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს, საქართველოში, 215 კერძო და 2086 საჯარო სკოლა ფუნქციონირებდა, აქედან 11 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო კერძო და საჯარო დაწესებულებებში 631 758 მოსწავლე ირიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს გამოვლენილი 10 404 არასრულწლოვნიდან, რომელსაც არასდროს მინიჭებია მოსწავლის სტატუსი, 2022 წლის მონაცემებით, 1 863 ბავშვი სკოლაში ჩაირიცხა, რაც 182-ით აღემატება გასული წლის რაოდენობრივ მონაცემს. კვლავ დამუშავების პროცესშია 4362 ბავშვის შესახებ ინფორმაცია. „მართალია, გასულ წლებთან შედარებით, 2022 წელს მაღალია მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის მაჩვენებელი და აქედან ყველაზე მაღალი ნიშნული თბილისზე (4 834), ქვემო ქართლსა (2 301) და აჭარაზე (1 231) მოდის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოსწავლეთა შორის, 1831 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, ხოლო 1163-მა მოსწავლემ სკოლებში სწავლა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით მიატოვა,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომკვლავ დასახვეწია მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის სტატისტიკა, რომელიც, რიგ შემთხვევებში, გასული წლების მსგავსად, არ იძლევა სწავლის შეწყვეტის რეალური მიზეზის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას, ისეთი საფუძვლების მითითებისას, როგორიცაა „მშობლის განცხადება“ და „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“. ამას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან გამოთხოვილი 2021-2022 წლებში მოსწავლეთ სტატუსის შეჩერების შესახებ წარდგენილი განცხადებების ასლების შეფასებაც. ირკვევა, რომ სამინისტროს სტატისტიკაში გამოყოფილი საფუძვლების გარდა, სწავლის მიტოვების მიზეზად ხშირად გვევლინება ოჯახური მდგომარეობა, საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილის არქონა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამასთანავე, ბევრია ისეთი განცხადება, რომელშიც მითითებული არ არის სწავლის შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, ემიგრაციასთან დაკავშირებით, ისეთი გარემოებებიც გამოიკვეთა, როგორიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, სამკურნალოდ გამგზავრება და საზღვარგარეთ განათლების მიღების გაგრძელება.

დამატებით, გამოიკვეთა პირველკლასელი ბავშვების მშობლების მიერ მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებების წარდგენის ტენდენცია, რომლის მიხედვით, მათ შვილებს არ ჰქონდათ სასკოლო მზაობა. ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი თვით გადაიწია, მომავალ სასწავლო წელს, სკოლაში შესვლის ასაკმა და პირველ კლასში დარეგისტრირებას, 2023-2024 წელს, უკვე ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

სახალხო დამცველმა, ასევე, მოუწოდეა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომ შეიქმნას ბავშვთა მიმართ ძალადობის, სექსუალური ძალადობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ბულინგის თემაზე არასრულწლოვნების მშობლებთან საინფორმაციო შეხვედრების ტრენინგ მოდულები და ფართო საზოგადოებისთვის მისაწოდებელი საინფორმაციო მასალები. ბუნებრივია, ამის საჭიროებასაც აქვს წინაპირობა, რადგან იმავე ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, შემთხვევებზე დროული და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რასაც ემატება უწყებებს შორის კოორდინაციისა და დროული მიმართვიანობის პრობლემა.

„2022 წელს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გაორმაგებული რაოდენობა – ჯამში 4,131 შემთხვევა – გადამისამართდა, 1,013 ბავშვი კი დაზარალებულად იქნა ცნობილი. ყოველწლიურად მზარდია, ბავშვთა მიმართ ძალადობის საფუძველზე, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური ცენტრისადმი მიმართვიანობაც, რომელმაც 2022 წელს 315-ს მიაღწია და საერთო მიმართვიანობის 16% შეადგინა. თუმცა, შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ, როგორც ბავშვთა მიმართ, ასევე, მათ შორის ძალადობი თავიდან არიდება და სპეციალისტების მხრიდან შემთხვევებზე რეფერირების პროცედურების შესაბამისად რეაგირება, კვლავაც არაერთ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ამ მხრივ, ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის, ფიზიკური დასჯის აკრძალვა და შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება, რაც 2022 წელს, 79 შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი გახდა.

საყურადღებოა, რომ სპეციალისტების ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გადამზადება არ მოიცავს მათი ინფორმირებულობისა და უნარ-ჩვევების პროგრესის შემოწმებას. გარდა ამისა, უწყებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკის წარმოება კვლავ არასრულყოფილია და ვერ უზრუნველყოფს შემთხვევათა ძალადობის ფორმების მიხედვით, სეგრეგირებულ აღრიცხვას, რაც ართულებს ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასებას. ამასთანავე, ისევ მწირია საერთო სასამართლოებსა და უწყებებში ბავშვზე მორგებული სივრცეების რაოდენობა, არასაკმარისია არასრულწლოვნებთან მომუშავე სპეციალისტები, რეაბილიტაციასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები, რაც ვერ აკმაყოფილებს გეოგრაფიული მისაწვდომობის აუცილებლობას.

ანგარიშში ხაზგასმულია, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებს შორის, ჭარბობს მათ მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტები. კერძოდ, 2022 წელს ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის 1934 შემთხვევა გადამისამართდა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში, 754 ბავშვი კი დაზარალებულად იქნა ცნობილი.

საერთო სასამართლოებმა 28 ბავშვის მიმართ გასცეს დამცავი ორდერი, ოჯახში ძალადობის 196 საქმეზე კი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. „წლების განმავლობაში თითქმის უცვლელია ოჯახში ძალადობი მსხვერპლი ბავშვების ასაკობრივი მონაცემები და გამოვლენილი დანაშაულები, ყველაზე მეტად 7-16 წლის ბავშვების მიმართ არის ჩადენილ. უცვლელია ბავშვებზე ოჯახში ძალადობის დანაშაულების გამოვლენის გამოწვევებიც, რაც სახელმწიფო უწყებების ჩართულობასთან ერთად, უკავშირდება ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების არაინფორმირებულობას ძალადობის ფორმებისა და მისგან დაცვის მექანიზმების შესახებ. განსაკუთრებით საგანგაშოა, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის დავების წარმოებისას და აღსრულების პროცესში, თავად მშობლების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის, მანიპულირებისა და შედეგად, ბავშვებში ემოციური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული – ქვეყანაში არ არსებობს პოზიტიური მშობლობის, მშობლის უნარების, ქცევის კორექციის სერვისები. ამასთანავე, ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის ეჭვის შემთხვევაში, გვიან ხდება საჭირო სპეციალისტების ჩართვა და ბავშვის დაცვაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება, რაც რეაგირებას, ფაქტობრივად, უშედეგოს ხდის.

გამოწვევად სახელდება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და სექსუალური ძალადობის დანაშაულების თავიდან არიდება, დროული გამოვლენა და მათზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებაც.

„არსებული მტკიცებულებითი სტანდარტიც კვლავ არ ითვალისწინებს სათანადოდ სექსუალური ხასიათის დანაშაულთა სპეციფიკას. გაზრდილია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების, ბავშვის დაზარალებულად ცნობის მაჩვენებელი. კერძოდ, 2022 წელს, ჯამში, 339 საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, ხოლო, დაზარალებულად 247 არასრულწლოვანი იქნა ცნობილი, 143 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია მიღებული.

სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაამზადოს საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეებისთვის კი, ჩატარდეს საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ბულინგის, სექსუალური ძალადობის, დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე და რეფერირების ვალდებულების შესახებ. ამასთანავე, დაინერგოს ამ ღონისძიებების ზეგავლენის შეფასების მექანიზმი.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები