2 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლი

მარიამ ორბელიანი

1852-1941

 

მე-19 სა­უ­კუ­ნის 40-50-იანი წლე­ბის თბი­ლის­ში ვახ­ტანგ ვახ­ტან­გის ძე ჯამ­ბა­კუ­რი­ან-ორ­ბე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი ერ­თ­გ­ვარ კულ­ტუ­რულ კე­რას, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი მო­წი­ნა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გილს წარ­მო­ად­გენ­და. ახალ­გაზ­რ­და, უკ­ვე ცნო­ბი­ლი პო­ე­ტის სა­ლონ­ში ხში­რად იყ­რი­და თავს ლი­ტე­რა­ტუ­რი­თა თუ სხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბა, იყო მსჯე­ლო­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პა­ექ­რო­ბა­ნი, ქვეყ­ნის სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხე­ბის გა­და­საწყ­ვე­ტი გზე­ბის ძი­ე­ბა… ამ­გ­ვარ ოჯახ­ში და­ი­ბა­და 1852 წლის 11 ივ­ლისს (ძვ. სტ.) მა­რი­ამ ვახ­ტან­გის ასუ­ლი ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა.

პირ­ველ­დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა მა­რი­ამ­მა ოჯახ­ში მი­ი­ღო და, რა თქმა უნ­და, მშობ­ლი­ურ ენა­ზე, მაგ­რამ რო­ცა მის უფ­როს ძმას, ნი­კო­ლოზს, ფრან­გი ქა­ლი აუყ­ვა­ნეს მას­წავ­ლებ­ლად, მა­რი­ა­მიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა ენის შეს­წავ­ლით და 7 წლი­სა თა­ვი­სუფ­ლად კითხუ­ლობ­და თურ­მე ფრან­გულ სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნებს. 9 წლი­სა უკ­ვე, დე­დას­თან და ძმას­თან ერ­თად, ევ­რო­პა­ში წა­სუ­ლა სა­მოგ­ზა­უ­როდ. მათ თან ახ­ლ­დათ ირაკ­ლი ალექ­სან­დ­რეს ძე ბაგ­რა­ტი­ო­ნი (1827-1882), მე­ფე ერეკ­ლე II-ის შვი­ლიშ­ვი­ლი და ვახ­ტანგ ორ­ბე­ლი­ა­ნის დე­დით ბი­ძაშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­კო­სი დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძე და სხვა ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იტა­ლი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბით იყ­ვ­ნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. ერთ-ერთ სად­გურ­ზე ირაკ­ლი ბა­ტო­ნიშ­ვილს წა­უ­ქე­ზე­ბია პა­ტა­რა მა­შო, მა­ტა­რებ­ლის ფან­ჯ­რი­დან და­ე­ძა­ხა ჯუ­ზე­პე გა­რი­ბალ­დის ჯა­რის­კა­ცე­ბის­თ­ვის „გა­უ­მარ­ჯოს თა­ვი­სუ­ფალ იტა­ლი­ა­სო“, რა­საც ჯა­რის­კაც­თა ტა­ში და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი მოჰ­ყო­ლია. „პირ­ვე­ლად მა­შინ გა­იღ­ვი­ძა ჩემ­ში პატ­რი­ო­ტულ­მა გრძნო­ბამ“, – და­წერს მა­რი­ა­მი მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში.

16 წლი­სა იგი ზედ­მი­წევ­ნით ფლობ­და ქარ­თულ, რუ­სულ, ფრან­გულ და იტა­ლი­ურ ენებს და სიმ­წი­ფის ატეს­ტა­ტის მი­სა­ღე­ბად თბი­ლი­სის ქალ­თა კურ­სებ­ზე მო­ეწყო, სა­დაც მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­მელ­თა­გან მა­რი­ა­მი დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მით იგო­ნებს ცნო­ბილ ქარ­თ­ველ პე­და­გოგ­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს ნი­კო­ლოზ ღო­ღო­ბე­რი­ძეს, მას­წავ­ლე­ბელ ივა­ნი­ძეს და სხვ. 1870 წელს მა­რი­ამ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სე­ბი და­ას­რუ­ლა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბას შე­უდ­გა.

1872 წელს, და­ღეს­ტან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, მან გა­იც­ნო ქ. პეტ­როვ­ს­კ­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო პი­რი ალექ­სან­დ­რე ივა­ნეს ძე ორ­ბე­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც მა­ლე­ვე გაჰ­ყ­ვა ცო­ლად – 20 წლი­სამ შექ­მ­ნა ოჯა­ხი და და­იწყო მი­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბაც. რა­კი ცოლ-ქმა­რი სო­ფელ ლა­მის­ყა­ნა­ში და­სახ­ლ­და, მი­სი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა. პირ­ვე­ლი, რაც მა­რი­ამ­მა გა­ა­კე­თა, ლა­მის­ყა­ნე­ლი გლე­ხე­ბის შვი­ლე­ბის­თ­ვის გახ­ს­ნა დაწყე­ბი­თი სკო­ლა, სა­დაც თა­ვად იყო მას­წავ­ლე­ბე­ლი და ყვე­ლა სა­გა­ნი მშობ­ლი­ურ ენა­ზე ის­წავ­ლე­ბო­და. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ სკო­ლა მთავ­რო­ბის ნე­ბარ­თ­ვის გა­რე­შე გახ­ს­ნა, რა­მაც მა­ლე­ვე შე­უქ­მ­ნა პრობ­ლე­მე­ბი – გაფ­რ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სკო­ლას მუ­შა­ო­ბა არ შე­უწყ­ვე­ტია, მა­რი­ამს კი მზრუნ­ვე­ლო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი არ მო­უკ­ლია ლა­მის­ყა­ნე­ლე­ბის­თ­ვის. მის­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ა­ხალ­წ­ლო ნაძ­ვის ხე სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში ნა­ხეს პირ­ვე­ლად, რო­ცა მან ისი­ნი ახალ წელს და­პა­ტი­ჟა. ეს დღე­სას­წა­უ­ლი მთე­ლი კვი­რა გრძელ­დე­ბო­და მის სახ­ლ­ში, სა­ი­და­ნაც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ის­მო­და ბავ­შ­ვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი, სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა მრა­ვალ­ფე­რად გა­ღაჟ­ღა­ჟე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხის გარ­შე­მო.

მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ა­ნი­სა ყო­ველ­მ­ხ­რივ მფარ­ვე­ლობ­და ლა­მის­ყა­ნე­ლებს. მან დი­დი შრო­მა გას­წია სოფ­ლის კე­თილ­მოწყო­ბი­სათ­ვის. მი­სი თა­ოს­ნო­ბით და­არ­ს­და აქ ფოს­ტა, გა­მო­იყ­ვა­ნეს წყა­ლი; ასე­თი­ვე მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­და იგი სო­ფელ ატე­ნის მი­მარ­თაც.

1879 წელს, თბი­ლის­ში, და­არ­ს­და „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. მი­სი ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ნამ­დ­ვი­ლი წევ­რი მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ა­ნი­ცაა. ამა­ვე წელს შე­იქ­მ­ნა ქარ­თუ­ლი სკო­ლა და მი­სი დამ­ხ­მა­რე კო­მი­ტე­ტი, რომ­ლის გამ­გე­ო­ბა­ში არ­ჩე­ულ იქ­ნენ კ.ი. ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან-ბა­ტო­ნი (თავ­მ­ჯ­დო­მა­რე), მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ა­ნი (თავ­მ­ჯ­დო­მა­რის ამ­ხა­ნა­გი), მი­ხე­ილ ყი­ფი­ა­ნი, ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლი, პავ­ლე ყი­ფი­ა­ნი, ნი­კო­ლოზ ცხვე­და­ძე და რა­ფი­ელ ყაზ­ბე­გი. სკო­ლის ინ­ს­პექ­ტო­რად ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი და თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ე­ბიც ხში­რად იც­ვ­ლე­ბოდ­ნენ, მხო­ლოდ მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ა­ნი იყო ამ კო­მი­ტე­ტის უც­ვ­ლე­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე და ფაქ­ტობ­რი­ვი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მთე­ლი 35 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. და ეს სუ­ლაც არ იყო იოლი საქ­მე. იგი, კო­მი­ტე­ტის რო­მე­ლი­მე წევ­რ­თან ერ­თად, ხში­რად სტუმ­რობ­და მოს­წავ­ლე­თა ოჯა­ხებს, სწავ­ლობ­და მა­თი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებს (ზოგს პუ­რიც კი არ ჰქონ­და საკ­მა­რი­სი ოჯახ­ში) და სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით ეხ­მა­რე­ბო­და სას­წავ­ლო ნივ­თე­ბის, ტა­ნი­სა­მო­სის შე­ძე­ნა­ში. სწო­რედ მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მ­ნა ამ სკო­ლა­ში უფა­სო სა­სა­დი­ლოც, რომ­ლის საკ­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სათ­ვის სა­ჭი­რო თან­ხებს თა­ვად აგ­რო­ვებ­და სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­ე­ბი­სა თუ შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის სა­ხით; აწყობ­და ლა­ტა­რია-ალეგ­რო­ებს, შე­მო­სუ­ლი თან­ხა ხმარ­დე­ბო­და სა­სა­დი­ლოს მო­მა­რა­გე­ბას.

მა­რი­ა­მის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა – მან დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა „მას­წავ­ლე­ბელ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ შექ­მ­ნა­ში (1886 წ.). რო­გორც გამ­გე­ო­ბის წევ­რი, 33 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი თავ­და­უ­ზო­გა­ვად იღ­ვ­წო­და მას­წავ­ლე­ბელ ქალ­თა პე­და­გო­გი­ურ სარ­ბი­ელ­ზე და­საქ­მე­ბის­თ­ვის, მა­თი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბი­სა თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სათ­ვის. გამ­გე­ო­ბას თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ობ­და გა­მო­ჩე­ნი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ჟურ­ნალ „ჯე­ჯი­ლის“ და­მა­არ­სე­ბე­ლი და რე­დაქ­ტორ-გა­მომ­ცე­მე­ლი ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი-წე­რეთ­ლი­სა. ამ ორი ქალ­ბა­ტო­ნის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზრუნ­ვის, მრა­ვა­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვის შე­დე­გია, რომ „მას­წავ­ლე­ბელ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ“ თვალ­სა­ჩი­ნო რო­ლი შე­ას­რუ­ლა სა­ხალ­ხო  გა­ნათ­ლე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის საქ­მე­ში.

კი­დევ ერ­თი ას­პა­რე­ზი, სა­დაც მა­რი­ამ­მა კვა­ლი და­ტო­ვა, სა­მუ­სი­კო სკო­ლის კო­მი­ტეტ­ში მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბაა. სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან, ცნო­ბილ მუ­სი­კოს იპო­ლი­ტოვ-ივა­ნოვ­თან ერ­თად ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა, გა­აძ­ლი­ე­რა ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი, რა­მაც ურ­ყე­ვი სა­ფუძ­ვე­ლი შექ­მ­ნა ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ა­ნის ღვაწ­ლის შე­სა­ხებ ცოცხალ წარ­მოდ­გე­ნას შეგ­ვიქ­მ­ნის „ღა­რიბ მოს­წავ­ლე­თა შემ­წე­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ 1888 წლის ან­გა­რი­შის ერ­თი მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, თუ რო­გორ მოქ­მე­დებ­და, მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ა­ნის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ო­ბით, ქალ­თა კო­მი­ტე­ტი, რომ­ლის წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ: ოლ­ღა ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა, ეკა­ტე­რი­ნე ერის­თა­ვი­სა, ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი­სა, ანას­ტა­სია თუ­მა­ნიშ­ვი­ლი­სა, ელე­ნე ჟუ­რავ­ს­კი­სა და ეფ­რო­სი­ნე ჭი­ჭი­ნა­ძი­სა (ზოგი­ე­რ­­თი მათ­გა­ნის შე­სა­ხებ ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის წი­ნა პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი­და­ნაა ცნო­ბი­ლი). მათ ბევ­რი თა­ნამ­გ­რ­ძ­ნო­ბი შეს­ძი­ნეს კო­მი­ტეტს, რომ­ლე­ბიც, პე­რი­ო­დუ­ლად, გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხით ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. იქ­ვე და­ზუს­ტე­ბუ­ლია, რომ „ამ კო­მი­ტეტს მოგ­რო­ვე­ბუ­ლი აქვს 600 მა­ნე­თი“. ამის შე­სა­ხებ გა­ზე­თი „ივე­რი­აც“ წერ­და და მად­ლო­ბას უხ­დი­და მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ანს სა­ღა­მო-ბა­ლის გა­მარ­თ­ვის გა­მო, რომ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი მთლი­ა­ნად სას­წავ­ლებ­ლის კო­მი­ტეტს გა­და­ე­ცა ღა­რიბ მოს­წავ­ლე­თა სა­სარ­გებ­ლოდ.

და­ბო­ლოს, მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ანს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა აქვს გა­წე­უ­ლი სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლე­ბის­თ­ვის: „ჯე­ჯი­ლი“ და „ნა­კა­დუ­ლი“; აგ­რეთ­ვე 1908 წელს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის – „გა­ნათ­ლე­ბა“ – ფონ­დის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თ­ვის; ამა­ვე წელს „სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, ე.წ. წიგ­ნ­სა­ცავ-მუ­ზე­უმს, მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ან­მა, გარ­და ფუ­ლა­დი სახ­ს­რე­ბი­სა და წიგ­ნე­ბი­სა, შეს­წი­რა შემ­დე­გი ნივ­თე­ბი: ვერ­ცხ­ლით მო­ჭე­დი­ლი კე­ხი, ოქ­რო­თი და­ფე­რი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ხა­ტი, ოქ­რომ­კე­დით ნა­კე­რი ქა­ლის პირ­სა­ბუ­რი, ქა­ლის ვერ­ცხ­ლის ჯი­ღა, ოქ­რომ­კე­დით ნა­კე­რი სარ­ტყე­ლი, სამ­ზე­უ­რი, ხე­ლოვ­ნუ­რი ნაწ­ნა­ვე­ბი, სამ­ღ­ვ­დე­ლო ფი­ლო­ნი, სტი­ქა­რი, ქა­მა­რი, ოლა­რი და სხვ., ყვე­ლა შემ­კუ­ლი მარ­გა­ლი­ტე­ბით.

შვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბით თურ­მე ძა­ლი­ან ამა­ყობ­და მი­სი სა­ხე­ლო­ვა­ნი მა­მა, არა­ერ­თი ლექ­სიც მი­უძღ­ვ­ნია მის­თ­ვის, მხარს უჭერ­და და ახა­ლი­სებ­და კე­თი­ლი და ქვეყ­ნის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ში. თა­ვის მხრივ, მა­რი­ამ­მაც და­ა­ფა­სა მა­მის ამა­გი და მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა – გა­მო­ჩე­ნი­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის: პეტ­რე უმი­კაშ­ვი­ლის, იონა მე­უ­ნარ­გი­ას, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სა და ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის თა­ნად­გო­მით და მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ა­ნის თა­ოს­ნო­ბი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით გა­მო­ი­ცა კი­დეც ვახ­ტანგ ჯამ­ბა­კუ­რი­ა­ნის ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი პო­ე­ტის სუ­რა­თით, ბი­ოგ­რა­ფი­ი­თა და წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბით.

მა­რი­ა­მის მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ერ­თი ასე­თი ეპი­ზო­დიც არის: 1906 წელს, თვით­მ­პყ­რო­ბე­ლო­ბის დამ­ს­ჯე­ლი რაზ­მე­ბი, გე­ნე­რალ ალი­ხა­ნო­ვის სარ­დ­ლო­ბით, შე­ე­სივ­ნენ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­რი­ას და ცეცხლს მის­ცეს მთე­ლი ეს მხა­რე. ქარ­თ­ველ ქალ­თა ნა­წილ­მა, მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ა­ნის მე­თა­უ­რო­ბით, საპ­რო­ტეს­ტო წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნა საზღ­ვარ­გა­რეთ, მა­ლე­ვე შექ­მ­ნა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის კო­მი­ტე­ტი, სა­დაც მას­თან ერ­თად იყ­ვ­ნენ და­ვით ჭავ­ჭა­ვა­ძის ასუ­ლი თა­მარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი და მწე­რა­ლი ნი­ნო ნა­კა­ში­ძი­სა. მათ მო­ი­ზი­დეს შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი თან­ხე­ბი­სა თუ სა­ჭი­რო ნივ­თე­ბის სა­ხით და უგ­ზავ­ნიდ­ნენ და­ზა­რა­ლე­ბულ რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნერ­თა ოჯა­ხებს. ამის­თ­ვის ნი­ნო ნა­კა­ში­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს კი­დეც, მაგ­რამ კო­მი­ტეტ­მა მუ­შა­ო­ბა ბო­ლომ­დე გა­აგ­რ­ძე­ლა.

უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მა­რი­ამ ჯამ­ბა­კუ­რი­ან-ორ­ბე­ლი­ა­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბას დი­დად აფა­სებ­დ­ნენ მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე, ასე­ვე ღვაწ­ლ­მო­სი­ლი და საქ­ვეყ­ნო საქ­მის­თ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს კარ­გად გა­მოჩ­ნ­და მის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე, სა­დაც ვა­ლე­რი­ან გუ­ნი­ამ ვრცლად ისა­უბ­რა მა­რი­ა­მის ღვაწ­ლ­ზე ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის და­არ­სე­ბის და, ზო­გა­დად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ და დას­ძი­ნა: „იგი ჯერ ახალ­გაზ­რ­და და ჯან-ღო­ნით სავ­სე ადა­მი­ა­ნია, რაც სრულ იმედს გვაძ­ლევს, სა­კე­თილ­დღე­ოდ და­ამ­თავ­რებს ამ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მეს და მით ხელ­თუქ­მ­ნელ ძეგლს და­იდ­გამს მად­ლი­ერ ქარ­თ­ველ­თა სულ­სა და გულ­ში“. ამ „საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო საქ­მის“ დაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბა იყო 1919 წელს „სა­ხალ­ხო გა­ზეთ­სა და ჟურ­ნალ „კლდე­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი „სა­ინ­ს­ტ­რუქ­ციო“ წე­რი­ლი, სა­დაც მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ა­ნი ვრცლად სა­უბ­რობ­და ქა­ლის როლ­ზე ქვეყ­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ქალს აქვს უნა­რი, ხე­ლი მოჰ­კი­დოს მე­ურ­ნე­ო­ბას, შე­ის­წავ­ლოს მე­ფუტ­კ­რე­ო­ბა, მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბა, აბ­რე­შუ­მის მოყ­ვა­ნა; რომ იგი მო­მა­ვა­ლი დე­დაა და მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და იყოს ამ მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად… „რად­გან დე­და­კა­ცის გავ­ლე­ნა დი­დია ყო­ველ აღ­საზ­რ­დელ­ზე, თა­ვად უნ­და იყოს აღ­ზ­რ­დი­ლი, ეს­მო­დეს სა­ზო­გა­დო სა­კითხე­ბი, შე­ეძ­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის შეგ­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­შის გა­წე­ვა. ამ­გ­ვარ სა­კითხებ­ში ჩა­მორ­ჩე­ნილ დე­და­კაცს არ შე­უძ­ლია, იყოს გო­ნი­ე­რი დე­და და მე­უღ­ლის ნამ­დ­ვი­ლი მე­გო­ბა­რი“…

ამა­ვე წე­რილ­ში იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობს ქარ­თუ­ლი სკო­ლის სას­წავ­ლო გეგ­მას, რო­მე­ლიც ხუ­თი ძი­რი­თა­დი მუხ­ლის­გან შედ­გე­ბა:

  1. ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საგ­ნე­ბი;
  2. აღ­მ­ზ­რ­დე­ლი ქა­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი საგ­ნე­ბი;
  3. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საგ­ნე­ბი;
  4. სა­ში­ნაო-სა­ო­ჯა­ხო;
  5. ხე­ლოვ­ნე­ბა.

თი­თო­ე­ულ მუხლს ერ­თ­ვის იმ ძი­რი­თა­დი საგ­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, რო­მელ­თა და­უფ­ლე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი იყო სას­წავ­ლებ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის.

და­ბო­ლოს, კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შტრი­ხი მა­რი­ამ ორ­ბე­ლი­ა­ნის სრუ­ლი პორ­ტ­რე­ტის­თ­ვის – 1917-18 წწ. იგი ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი მებ­რ­ძოლ­თა­გა­ნი და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის საქ­მე­ში. 1918 წელს იგი ერ­თხ­მად აირ­ჩი­ეს ახალ­და­არ­სე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შექ­მ­ნი­ლი დამ­ხ­მა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რად.

70 წლი­სა იყო მა­რი­ა­მი, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დამ­ყარ­და. მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი ეწე­ო­და მთარ­გ­მ­ნე­ლო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას, ას­წავ­ლი­და უცხო­ურ ენებს… 90 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი, 1941 წლის 23 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მასალა მომზადებულია ლელა გაფრინდაშვილის საავტორო პროექტის მიხედ­ვით
განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება