24 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

საშობაო საკითხავი

spot_img
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, რომელშიც სიკეთით, იმედითა და ჯადოსნურობით სავსე დღეები ძველებურად ვეღარ ბრწყინავს. გარემო პირობებით გამოწვეულმა სევდამ ყველას გულები სამართლიანობის სურვილით აავსო. თუ დავფიქრდებით, სწორედ სამართლიანობის, სიმშვიდის, ყველა ადამიანის ბედნიერებისა და დაცულობის სურვილი სდევს თან დღესასწაულებს, განსაკუთრებით, შობას. შობა, როგორც ყველაზე ნათელი დღე მხსნელის დაბადების, რომელიც ადამიანთა გულების საიმედო მცველია. ისაა სიკეთის, ადამიანთა თანასწორობის, სიყვარულისა და, თვით სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლო.
სწორედ ამ იმედითა და რწმენით მინდა გესაუბროთ წიგნებზე, რომლებიც გვასწავლის, რომ ქრისტესშობის მთავარი არსი ბედნიერი ადამიანია. ამის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს.
აღსანიშნავია, რომ წიგნები, რომლებიც შობაზე გვიამბობს, არ არიან მხოლოდ დღესასწაულის სიხარულით სავსე. მათში დიდი წილია სევდისა და ცრემლის, ათასგვარი ემოციის, რომლებსაც პერსონაჟები გმირულად უმკლავდებიან, რადგან იციან, რომ სხვისი გასაჭირის საკუთარივით გასიგრძეგანებაა სწორედ შობის მთავარი იდეა. ეს წიგნები გვახსენებს, რომ ქრისტესშობა, როგორც ყველაზე დიდი სიმბოლო სიკეთის დაბადების, ყოველდღიურადაა გადასარჩენი და ვინც განსაცდელისგან იხსნის თუნდაც ერთ ადამიანს, ის ამ დღის იდეას გადაარჩენს.
სწორედ ამიტომ, საშობაო საკითხავად შევარჩიე ისეთი წიგნები, რომლებიც, სრულად თუ ნაწილობრივ, შობის იდეის გადარჩენას ეძღვნება.

ასტრიდ ლინდგრენი – „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“

ასტრიდ ლინდგრენის „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ შობისადმი მიძღვნილი წიგნი არაა, მაგრამ მასში ბრწყინვალედაა გამოხატული ამ დღის მთავარი იდეა: შობა ყველასთვის ბედნიერი უნდა გათენდეს, გული სიხარულით აავსოს და სიღარიბემ ვერ უნდა მოახერხოს ამ დღის სილამაზის გაცამტვერება. ვინ იცის, იქნებ ბავშვებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა სევდიან ადამიანს ხედავენ, როგორ უნდა შეებრძოლონ თავიანთი მცირე შესაძლებლობებითა და დიდი გულით ადამიანთა სიღარიბეს თუ მარტოობას, და ისინი ალბათ ყველაზე უკეთ გრძნობენ, რომ თითოეული ადამიანის პატარა ქმედება უმნიშვნელოვანესია, რათა ყველამ გაიხაროს და შობის სიხარულით დატკბეს.

შობის წინა დილაა. მადიკენი და ლისაბეტი ძამიკოს დაბადებას ელიან. ფორიაქობენ, დედას ჯანმრთელობაზე დარდობენ. ამ დროს სახლში მომავალ გოგონებს მია ხვდებათ, რომელსაც მამა არ ჰყავს და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს. მიას რძე მოჰქონდა და ნაღვლიანად ჩასჩერებოდა მიწას, მაგრამ როგორც კი მეგობარი დაინახა, მაშინვე გულიანად გაიკრიჭა და გოგონებს მოახლოებული შობის დღესასწაული მიულოცა.

მიამ გოგონებს გაანდო, რომ ღარიბთა დახმარების საზოგადოებიდან მოდიოდა, სადაც მას საშობაო ლორი მისცეს. უგემრიელესიაო, – დასძინა ბოლოს.

მადიკენს, რომლის თავშიც ახლა უამრავი ფიქრი ტრიალებდა, გული მოეწურა. ბავშვური ალღოთი მიხვდა, რომ სამწუხარო და უცნაური იყო, რომ ვიღაცებთან საშობაო გნომი მიდიოდა, ვიღაცებთან კი – მხოლოდ ღარიბთა დახმარების საზოგადოება.

ალბათ მადიკენს ის ამბავიც გაახსენდა, როგორ ესაუბრებოდა მამა ფულის ქონასა და არქონაზე, სიღარიბეზე, ისეთ სიღარიბეზე, როცა შვილებისთვის საჭმლის ყიდვაც არ შეგიძლია. მამამ თქვა, რომ ასეთი ადამიანი ბევრია, ზოგი მათგანი მას სწერს გაზეთში და დახმარებას სთხოვს. ერთ დღესაც, მშობლის მოსანახულებლად რედაქციაში მისულ გოგონას მის მაგიდაზე წერილი დახვდა, რომელიც ამ სიტყვებით სრულდებოდა: „ეს წერილი მწუხარებამ და სასოწარკვეთამ დამაწერინა, რაც სიღარიბით გამოწვეული უმწეობის შედეგია“. ამის შემდეგ მადიკენი კარგა ხანი დარდობდა სიღარიბით გამოწვეულ უმწეობაზე.

ვინ იცის, მიას სიტყვების მოსმენამ მის გულში ეს დარდი გააცოცხლა. ამიტომ გოგონამ ისეთი რამ ჩაიდინა, რაც შობის იდეას ალბათ, ყველაზე უკეთ გამოხატავს – მოყვასის დახმარება მაშინაც კი, როცა შეიძლება თავად შენ ბევრი არაფერი გქონდეს გასაცემი; მისთვის ყველაზე ძვირფასის მიძღვნა, რაც კი გაგაჩნია. ქრისტემ, რომლის შობასაც აღვნიშნავთ, ჩვენ ხომ ყველაზე ძვირფასი რამ – სიცოცხლე – შემოგვწირა.

„საშობაო ლორი, რა თქმა უნდა, კარგი იყო, მაგრამ მიას ალბათ კიდევ რამე უნდა მიეღო, ნამდვილი საშობაო საჩუქარი. მადიკენი დაფიქრდა, იქნებ რამე ისეთი მაქვს, რაც შემიძლია მიას ვაჩუქოო. ჯიბეები მოიჩხრიკა და ვერაფერი იპოვა, მაგრამ მერე მიხვდა, რაც უნდა ექნა. თავისი ოქროს გული ხომ თან ჰქონდა. გოგონამ სწრაფად მოიხსნა წვრილი ძეწკვი.

თუ გინდა, საშობაოდ ამას გაჩუქებ, – უთხრა და მიას გული და ძეწკვი ხელში ჩაუდო. გოგონა მიაჩერდა, მაგრამ სანამ მიხვდებოდა, რა ბედნიერება ეწვია, მადიკენი და ლისაბეტი უკვე გზას ადგნენ“.

გზად დაიკომ დაამუნათა, შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი როგორ გაიმეტე, სულ გაგიჟდიო? უცებ კი გული ჩასწყდა მადიკენს, მასზე მშვენიერი ნივთი ლამის არც გააჩნდა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, რა უთხრა ერთხელ ლინუს-იდამ, რომელიც იუნიბაკენელებს სარეცხის რეცხვასა და მსგავს რამეებში ეხმარებოდა: ის, ვინც ღატაკებს შეეწევა, ყველაფერს ათმაგად დაიბრუნებსო. ამიტომ, როცა დაიკომ უთხრა, როგორ მეცოდები, ოქროს გული რომ აღარ გაქვსო, მადიკენმა უპასუხა: – ჰა-ჰა, შობაზე ათ ცალს მივიღებ საჩუქრად, ბიბლიაში ასე წერია.

და შობის დილას მადიკენმა მართლაც მიიღო ნანატრი საჩუქარი. თუ რა, ამ ჯადოსნურ წიგნში ამოიკითხავთ.

 

ტუვე იანსონი – „ნაძვის ხე“ (წიგნიდან „უჩინარი ბავშვი“)

ფინელი მხატვარი და მწერალი ტუვე იანსონი 25 წლის განმავლობაში ქმნიდა მუმინების სამყაროს. მის წიგნებს მთელ მსოფლიოში კითხულობენ და უყვართ. ტუვე იანსონის შექმნილი სამყარო ადამიანების სამყაროსგან აბსოლუტურად განსხვავდება. ამ სამყაროში უცნაურზე უცნაური არსებები ცხოვრობენ. აქ ვხვდებით სნორკებსა და ჰემულებს, ფილიფიონკებსა და მიმლებს, ჰატიფნატებსა და მორებს, სნიფებსა და მუმრიკებს.., რომლებსაც ადამიანთა სამყაროსთან ყველაზე მთავარი აერთიანებთ: ამ წიგნებში, რომელთა მთავარი გმირები ისინი არიან, ჩვენნაირად უყვართ, ჩვენნაირად სევდიანობენ, ჩვენნაირად უწვდიან ხელს მათგან სრულიად განსხვავებულ არსებებს, ჩვენნაირად გრძნობენ და განიცდიან და უმთავრეს ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გვახსენებენ.

ტუვე იანსონის შექმნილი მუმინების სერიის მეოთხე წიგნი ამ სერიის ერთადერთი წიგნია, რომელიც მოთხრობებს აერთიანებს. სწორედ ამ წიგნში ვხვდებით ერთ პაწაწინა მოთხრობას, სახელწოდებით „ნაძვის ხე“, რომელშიც პატარა ჰემული საშობაოდ ემზადება და ამ სამზადისში ზამთრის ძილს მიცემულ მუმინების მთელ ოჯახს ჩართავს. მუმინები, დათვების მსგავსად, მთელ ზამთარს ძილში ატარებენ, მაგრამ ჰემულმა მათ ეს წესი დაურღვია, ააწიოკა, შეაფხიზლა და გაუჯავრდა კიდეც, რა დროს ძილია, შობა მოდისო!

მუმინების ოჯახი ძილიდან გამოერკვა, ეგონათ, რადგან ჯერ გაზაფხული არ დამდგარა და ჰემულმა მაინც გაგვაღვიძა, რაღაც საშიშროება გველისო და შობის მოსვლას შიშით ელოდებოდნენ. მერე და მერე, ჰემულმა მიახვედრა, რომ საშობაოდ საჭიროა მორთული ნაძვის ხე, გემრიელზე გემრიელი სუფრა და ნაირ-ნაირი საჭმელი, ასევე საჩუქრები, რათა ერთმანეთი გავახაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ მუმინების ოჯახი ბოლომდე ვერ ჩასწვდა შობის საიდუმლოს და ამ დღის მნიშვნელობას, მათ გულით იგრძნეს, რომ შობა საშიში სულაც არ ყოფილა და პირიქით, ის აერთიანებს და აკავშირებს ოჯახს და მათ ერთად ფუსფუსის, სიყვარულის გამოვლენისა და ზრუნვის საშუალებას აძლევს. ასე იზრუნეს, მაგალითად, დედა მუმინმა და მთელმა ოჯახმა პაწაწკინტელა არსებაზე, რომელიც დღისით დედა მუმინმა ჩაიზე შემოიპატიჟა. შობის საღამოს მან მორცხვად გამოიჭყიტა შეშის ფარდულიდან. მას ნათესავები და ნათესავების მეგობრები ახლდნენ თან. ყველანი ერთნაირად პატარები, მორუხოები, საცოდავები და გათოშილები იყვნენ და ისინი სწორედ შობის მომლოდინე ოჯახმა გაათბო და გამოკვება. მათ კი პირველებმა მიულოცეს ეს დღესასწაული მუმინებს და ასწავლეს, რომ შობა საფრთხე კი არა, მოსალოცი რამ იყო.

და ამის შემდეგ მუმინებს არასდროს შეშინებიათ შობის. ვინ იცის, იქნებ მომავალ შობას თავადვე გამოფხიზლდნენ ზამთრის ძილისგან, რათა ეს დღესასწაული კიდევ ერთხელ აღნიშნონ და კიდევ ერთხელ იხილონ, ცაზე აკიაფებული ვარსკვლავებიდან ყველაზე დიდი და კაშკაშა ვარსკვლავი როგორ დანათის მათი ნაძვის ხის კენწეროს.

კლერ კიგანი – „ასეთი წვრილმანები“

„ასეთი წვრილმანები“ ირლანდიელი მწერლის, კლერ კიგანის, მცირე ზომის რომანია. წიგნი 2021 წელს გამოიცა და შემდეგ წელს ბუკერის პრემიის ნომინანტთა მოკლე სიაში მოხვდა.

წიგნში მოქმედება 1985 წელს, პატარა ირლანდიურ ქალაქში ვითარდება, რომელიც შობის აღნიშვნისთვის ემზადება. წიგნის მთავარი გმირი, ბილ ფერლონგი, ნახშირით მოვაჭრე მშრომელი კაცია. 5 გოგონას მამა მუხლჩაუხრელად შრომობს და ამ შრომაში არასდროს ავიწყდება წვრილმანების შემჩნევა, იმ სიკეთეების დაფასება, რომლებიც სამყარომ არგუნა.

იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებით, საბოლოო ჯამში, კმაყოფილია, ბილი გრძნობს, რომ ცხოვრება არ შეიძლება მხოლოდ ეს იყოს: რუტინა, ყოველდღიური შრომა და ბრძოლა არსებობისთვის და შიგადაშიგ ტკბობა ოჯახური სითბოთი და მყუდროებით; ტკბობა იმით, რომ სრულიად უქონელმა, ობოლმა ბიჭმა ამდენი შეძლო საკუთარი პატიოსანი შრომით: ,,ნუთუ არასოდეს არაფერი არ შეიცვლება და რამე სხვად, რამე ახლად არ გარდაიქცევა? ბოლო ხანებში დაიწყო იმაზე ფიქრი, რა იყო ცხოვრებაში ღირებული, აილინისა და გოგოების გარდა. ორმოცს უკაკუნებდა, მაგრამ ვერ გრძნობდა, რომ ცხოვრებაში წინ მიიწევდა ან რამეს მიაღწია, და უკვე არაერთხელ ჩაფიქრებულა იმაზე, რისთვის თენდება ყოველი ახალი დღე“.

მას, ვისაც ემოციური ინტელექტი განვითარებული აქვს, ასევე, ვინც ბუნებით მგრძნობიარეა და უთქმელად გრძნობს სხვათა ტკივილს, სულ თან სდევს განცდა, რომ ცხოვრებაში იმდენს არ აკეთებს, იმდენ ტვირთს არ იკიდებს მხრებზე, რამდენიც ადამიანს მოეთხოვება. ბილიც საკუთარი მისიის ძიებაშია, რომლითაც სხვებისთვის იმაზე მეტად სასარგებლო გახდება, ვიდრე ახლაა. ვფიქრობ, ადამიანი, რომელიც პატიოსანია, მუხლჩაუხრელად შრომობს და ოჯახთან ერთად შეჭირვებულებზე ზრუნავს, ის ადამიანურ მოვალეობას ნამდვილად ასრულებს, თუმცა, როგორც ჩანს, სულგრძელი ადამიანებისთვის სულაც არაა საკმარისი კეთილშობილების თუნდაც ასეთი გამოვლინება:

„მაიკ სინოტის უმცროსი ბიჭი დღეს ისევ ქუჩაში ფიჩხს აგროვებდა.

– შენც, ალბათ, გაუჩერე.

– წვიმდა და… მანქანა გადავაყენე და სახლამდე მიყვანა შევთავაზე. რაც ჯიბეში ხურდა მქონდა, ისიც მივეცი.

– შენგან აღარ მიკვირს.

– გეგონება, მეც ახლა ასი გირვანქა მიმეცა“.

და 40 წლის ბილი, შობის მოახლოებასთან ერთად, უდიდესი არჩევანის წინაშე დგება: შეატოვოს ობოლი, დაჩაგრული გოგონა მჩაგვრელ ხელს, თუ წინ აღუდგეს ყველასა და ყველაფერს, რაც მას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს? როგორ მოიქცეს: დაუცველი გოგონა დაივიწყოს და ისე მოიქცეს, თითქოს მის თავს დატრიალებული უსამართლობა მას არ ეხება, თუ მის მრავალრიცხოვან ოჯახს კიდევ შემატოს ახალი წევრი? როგორ მოიქცეს: როგორც თავისი მეუღლე ეუბნება, არ შეიძლება ხალხის გადამტერება, ამ დროს შვილებზე ფიქრია ყველაზე მთავარიო, თუ გაჰყვეს საკუთარი გულის კარნახს და იმ აზრს, რომ ვერც თავად და ვერც მისი შვილები ვერ შეძლებენ ბოლომდე ბედნიერები იყვნენ, თუ მათ მამას შეეძლო სხვისთვის ხელი გაეწოდებინა და ეს არ გააკეთა?

ცხოვრება გზაგასაყარზე დგომისას გვახვედრებს, რისი გაკეთების ძალა და უნარი შეგვწევს. გზაგასაყარზე მდგომი ბილი აკეთებს არჩევანს და ამ არჩევანს შობის სიხარული, ამ დღის ჯადოსნურობა და მისი სიმბოლო – მაცხოვრის მარადიული სიკეთე – ანათებს: „რა აზრი აქვს ცხოვრებას, ერთმანეთს თუ არ დავეხმარეთო? ნუთუ შეიძლება წლები, ათწლეულები, მთელი ცხოვრება ისე გაატარო, რომ ერთხელაც არ გეყოს გამბედაობა, აღუდგე წინ იმას, რაც ხდება და თავს მაინც ქრისტიანი უწოდო და საკუთარ თავს სარკეში უყურო?“

შობასთან ერთად ბილ ფერლონგის არსებიდან საუკეთესო თვისებებმა ამოანათა და ზედაპირზე ამოხეთქა და კიდევ ერთხელ გაახსენდა ქალი, რომელმაც ობოლი ბიჭი გადაარჩინა, გაზარდა, გზა უჩვენა და პირადი მაგალითით ასწავლა, რომ როცა ვინმეს უჭირს, თითოეული ადამიანის გაწვდილი ხელია სწორედ ის, რასაც შობის სიხარული მოაქვს; ის, რაც დედამიწას ატრიალებს და შობის მადლით აღავსებს.

ეს წიგნი გვასწავლის, რომ სიკეთე არ იკარგება, მეტიც, ის გვაძლევს მაგალითს, როგორ ვიქცეთ ჩვენც მხსნელებად, ისე, როგორც ქრისტე იქცა კაცობრიობის მხსნელად: „მისის უილსონი გაახსენდა, იმ ქალის ყოველდღიური სიკეთე, როგორ ასწავლიდა და წინსვლისკენ უბიძგებდა, ის წვრილმანები, რომლებიც უთქვამს და გაუკეთებია, ან რის გაკეთებასა და თქმაზეც უარი განუცხადებია, ის, რაც იცოდა, ის ყველაფერი, რაც, ერთობლიობაში რომ ავიღოთ, ცხოვრებას შეადგენს“.

არ იფიქროთ, რომ ყველაფერი გიამბეთ. შეიძლება ითქვას, რომ მე ამ წიგნის მხოლოდ ერთ უმცირეს ნაწილზე ვისაუბრე. ამ წიგნის მთავარი სათქმელი ისეთი დიდი და უნიკალურია, მას თითოეული თქვენგანის თვალი და გული სჭირდება მკითხველად. და ეს ნამდვილადაა ის წიგნი, რომელიც შობის უმთავრეს მისიას ბოლომდე შეგვაგრძნობინებს. აქ დაგხვდებათ ისეთი სიღრმეები, რომლებიც ჩვენი, ადამიანების მისიასა და დანიშნულებაზე ფურცლიდან ფურცელზე უფრო და უფრო ხშირად დაგვაფიქრებს.

 

ჩარლზ დიკენსი – „საშობაო სიმღერა“

ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერას“ კლერ კიგანის წიგნშიც ვხვდებით. ამ წიგნს საშობაო საჩუქრად უძღვნიან ბილის, მთავარ პერსონაჟს. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო იმისათვის, რომ დიკენსის გარეშე არ დამესრულებინა საუბარი ისეთ ნაწარმოებებზე, რომლებიც შობის ნამდვილ არსს უღრმავდებიან.

აი, რას წერდა ამ წიგნის შესახებ თავად ავტორი: „მოჩვენებების ამ პატარა წიგნში შევეცადე ისეთი იდეა წარმომეჩინა, რომელიც მკითხველს არ გაანაწყენებდა არც საკუთარი თავის, არც სხვების, არც საშობაო დღესასწაულისა და არც ჩემ მიმართ. დაე, ეს წიგნი სამუდამოდ დარჩეს თქვენს სახლებში და ნურავინ შემოდებს მას თაროზე. თქვენი ერთგული მეგობარი და მონა-მორჩილი ჩ.დ.“.

„საშობაო სიმღერის“ მთავარი გმირი, ებენიზერ სკრუჯი ჩარლზ დიკენსს ასე ჰყავს დახასიათებული: „წუწურაქი, უხიაგი, მეთავისე, მომხვეჭელი, ხარბი, ბებერი ცოდვილი. იმ კაჟივით მაგარი და ბასრი, რომლისგანაც ჯერ ვერც ერთ სულიერს თანაგრძნობის ცეცხლი ვერ აეგიზგიზებინა. იდუმალი და ჩაკეტილი, ლოკოკინასავით მარტოსული. შინაგან სიცივეს მისი ბებერი ნაკვთები გაეყინა, წვეტიანი ცხვირი კიდევ უფრო დაეგრძელებინა, ლოყები ჩამოეხმო, ნაბიჯი დაემძიმებინა, თვალები ჩაეწითლებინა და თხელი ტუჩები გაელურჯებინა. ეს სიცივე მის ხრინწიან ხმაში ამოითქმებოდა. შუბლზე, წარბებსა და დაღარულ ნიკაპზე ყინულის ლიბრი გადაჰკვროდა. საკუთარ სიცივეს მუდამ თან დაატარებდა, ზაფხულის ხვატში სამუშაო ოთახს ყინავდა და შობისთვის ერთი გრადუსითაც კი არ ათბობდა“.

ალბათ ფიქრობთ, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ასეთ კაცს შობასთანო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩარლზ დიკენსი ადამიანის გასაოცარი გარდასახვის ბრწყინვალე ისტორიას გვიამბობს, რომელიც თითქოს შობის მადლით კაშკაშებს. საინტერესოა ავტორის ჩანაფიქრიც, რომ მთავარი პერსონაჟის, სკრუჯის სახელი – ,,ებინეზერ“ ბიბლიური წარმოშობისაა და პირდაპირი თარგმანით ნიშნავს „დახმარების ქვას“. სქოლიოში ვკითხულობთ, რომ დიკენსმა შემთხვევით არ დაარქვა თავის გმირს ეს სახელი, რადგან მისი ებრაული მნიშვნელობა თავის თავში მოიცავს სკრუჯის გარდასახვის ამბავს.

სკრუჯის გარდასახვა სწორედ მაშინ იწყება, როდესაც მთელი ქალაქი საშობაო სამზადისშია ჩაფლული. სახლში მარტოდმარტო გამოკეტილ კაცს თავისი ყოფილი პარტნიორი, აწ გარდაცვლილი მარლი გამოეცხადება. მარლი ებინეზერს უმხელს, რომ შვიდი წელია მისი სული ვერ ისვენებს, რადგან იმის საწინააღმდეგოდ ცხოვრობდა, როგორც უნდა ცხოვრობდეს ნამდვილი ადამიანი: „სიცოცხლეში ჩემი სული არასდროს გასცდენია ჩვენი ფულის სათვლელი სოროს ვიწრო საზღვრებს და ამიტომ დამქანცველი გზები მელის წინ!“.

მარლის მთელ სხეულზე უზარმაზარი და უმძიმესი ჯაჭვები აქვს შემოხვეული. როგორც სკრუჯს განუმარტავს, ეს ის ბორკილებია, რომლებიც მან ცხოვრებაში თავად გამოჭედა საკუთარი სულისთვის: „კაცობრიობა უნდა ყოფილიყო ჩემი საქმე! საყოველთაო სიკეთე! გულუხვობა, დანდობა, შემწყნარებლობა, კეთილგანწყობა, ესენი უნდა ყოფილიყო ჩემი საქმე“. და მარლის სული ყველაზე კეთილშობილური მისიით ეცხადება სკრუჯს, რათა გააფრთხილოს, რომ შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი. ჯერ კიდევ გაქვს დრო, არსებობს შესაძლებლობა და იმედი, რომ ჩემი ბედი აირიდოო, – ეუბნება მარლის სული ებინეზერს.

რომ დავფიქრდეთ, ჩვენში ძირეული ცვლილებები თავისთავად არასდროს ხდება. ამისათვის ძლიერი ბიძგია საჭირო, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ან გარდამტეხი მოვლენის სახით გვევლინება, ან – ადამიანის სახით, რომელიც ჭეშმარიტ გზას გვიჩვენებს. ქრისტიანობის არსიც ხომ სწორედ ისაა, რომ ადამიანი იყოს ჭეშმარიტების მცველი, სიკეთის შემოქმედი, გამცემი და სხვათა მშველელი. სწორედ ამ გზას დაადგება საშობაოდ ებინეზერ სკრუჯი და ჩვენ ადამიანის ნელი, თანმიმდევრული გარდაქმნის მოწმენი ვხდებით. სკრუჯი ხვდება თავის წარსულს, აწმყოსა და მომავალს და საკუთარ თავში მოგზაურობის შემდეგ, თითქოს სრულიად ახალ პიროვნებად გვევლინება, რომელიც გრძნობს თავისი თანამშრომლის რთულ ცხოვრებას და მისი ბიჭუნას, წრიპა ტიმის განუყრელი მეგობარი ხდება; პირველად სტუმრობს შობას საკუთარ დისშვილს, რომელზეც აქამდე არასდროს უზრუნია და, აი, სკრუჯი თავად გვევლინება შობის იდეის, ამ დღის ყველა სიმბოლოს მატარებელ კაცად, რომელიც ცხოვრების აზრს ზრუნვასა და გაცემაში დაინახავს.

დიდი ინგლისელი მწერალი გვასწავლის, რომ ცვლილება არასდროსაა დაგვიანებული და ადამიანს ყოველთვის შეუძლია, რომ საკუთარი თავი გარდაქმნას, უკეთეს ადამიანად აქციოს. შობა კი ამისათვის, შეიძლება ითქვას, საუკეთესო დღეა.

წერილის დასასრულს ებინეზერ სკრუჯის დისშვილის სიტყვებს გაგახსენებთ. დარწმუნებული ვარ, სკრუჯი ახლა მას სრულად ეთანხმება და ჩვენც, რა თქმა უნდა: „როცა კი შობა კარს მომდგარა, გარდა მისი წილი თაყვანისცემისა და წმინდა წარმოშობისა, მასზე, როგორც კარგი დროის ტარებაზე, სიკეთის, პატიების, გულუხვობისა და სიამოვნების დროზე, ისე მიფიქრია. როგორც წელიწადის გრძელ კალენდარში ერთადერთ დღეზე, როცა ქალები და კაცები თავს უფლებას აძლევენ, საკუთარი დახშული გულები ცოტა ხნით მაინც გაიხსნან და ღატაკ, მიუსაფარ ადამიანებს ისე შეხედონ, როგორც სამარისკენ მიმავალ გზაზე რიგით თანამგზავრებს და არა როგორც რაღაც უცხო არსებებს. უცხო გზებზე მავალთ. და ამიტომაც, ბიძაჩემო, თუნდაც ოქროს ან ვერცხლის ერთი მისხალიც არ მოეთავსებინოს ჩემს ჯიბეში, მაინც მჯერა, რომ კარგ საქმეს მიკეთებს და აწიც კარგ საქმეს გამიკეთებს. ამიტომაც დალოცვილი იყოს ეს დღე!“

იმ შობის შემდეგ თურმე მისტერ სკრუჯზე ჰყვებოდნენ, რომ არავის შეეძლო შობის ისე აღნიშვნა და პატივისცემა, როგორც მას!

„ნეტავ შეძლონ და ჩვენზეც იგივე თქვან! თითოეულ ჩვენგანზე!..“

 

მელანო კობახიძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები