ცისნამი ბერიძე
წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი
გახანგრძლივებული დღის ჯგუფი სასკოლო მომსახურების ფორმაა, რომელიც დასაქმებულ მშობელთა მხარდაჭერით სარგებლობს. დაწყებითი კლასის მოსწავლე გაკვეთილების შემდეგ, 4-5 საათი არის გახანგრძლივებულ ჯგუფში. ეს დრო მრავალფეროვანი საქმიანობის მომცველია: შესვენება, სადილი, საშინაო დავალების მომზადება.
საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ საჭიროა საშინაო დავალების მომზადების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. II კლასს, რომელშიც ვმუშაობ, გამოცდილი მაღალკვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან. მოსწავლეებიც წარმატებულები არიან, მაგრამ გახანგრძლივებულ ჯგუფში მუშაობამ სპეციფიკური მიდგომები მოითხოვა. სამწუხაროდ, ამ მიმართებით მეთოდური ლიტერატურა და რეკომენდაციები თითქმის არ არის.
ჩემი ნაფიქრი საგნის მასწავლებლებს გავუზიარე. მათ მირჩიეს, რომ თავად მომეძიებინა სათანადო წყაროები პრობლემის ირგვლივ, შემესწავლა კლასის მოსწავლეთა საჭიროებები და შემემუშავებინა მეთოდური მიდგომები. პრობლემა რთული იყო, მაგრამ კოლეგების, განსაკუთრებით უფროსი მასწავლებლის, ცირა დუმბაძის, თანადგომამ წამახალისა და დავიწყე მუშაობა, რომელმაც ერთი სემესტრის განმავლობაში უკვე დადებითი შედეგი მომცა.
თავდაპირველად დავიწყე პასუხის ძიება კითხვაზე: „არის თუ არა საშინაო დავალება შედეგიანი?“ საერთაშორისო კვლევების გაცნობამ შემდეგი სურათი აჩვენა: კუპერის მიერ ჩატარებული კვლევის (1994) მიხედვით აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები, რომლებიც საშინაო დავალებას ასრულებენ, გაცილებით წარმატებულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც არ ასრულებდნენ.
TIMSS საერთაშორისო კვლევის შედეგებით (2007), მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, საშინაო დავალების დიდ მოცულობასა და მოსწავლეთა მიღწევებს შორის დადებითი ურთიერთდამოკიდებულებაა.
ფინური სკოლის წარმატებების (2008) ანალიზში აღნიშნულია, რომ მოსწავლეებს საშინაო დავალებას არ ან ძალიან მცირედ აძლევენ.
პედაგოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში საშინაო დავალება სწავლების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილადაა მიჩნეული (დ. ლორთქიფანიძე (1967), ა. გობრონიძე (2000), ვ. გაგუა (2002)). მკვლევრები — მუისი და რეონოლდსი (2005) მიიჩნევენ, რომ დაწყებით კლასებში არ არის სასურველი საშინაო დავალების მიცემა, რადგან ეს იწვევს ბავშვების გადაღლას. კვლევის ამ შედეგს მაშინვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი და აღინიშნა, რომ საშინაო დავალება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლის უნარს უვითარებს. ამასთან, დიდი მოცულობის საშინაო დავალებით გადატვირთვას უარყოფენ და დროს მიუთითებენ 20-30 წუთამდე.
საშინაო დავალება ეფექტიანი სწავლების ერთ-ერთ ფაქტორადაა მიჩნეული გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ წიგნში „ეფექტიანი სწავლება“ (2010).
მოსწავლეთა საჭიროებების შესწავლით დავადგინე, რომ მათ საშინაო დავალების შესრულება სურთ, ოღონდ არ უნდა იყოს ბევრი და დამღლელი. მშობლების დამოკიდებულების შესწავლით კი გავარკვიე, რომ ისინი საშინაო დავალების შესრულებას საჭიროდ მიიჩნევენ. აღნიშნავენ იმასაც, რომ ეს ოჯახში არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია, ხშირად მათ ძალისხმევას მოითხოვს. კმაყოფილება გამოხატეს იმით, რომ მოსწავლეები საშინაო დავალებას, ძირითადად, გახანგრძლივებულ ჯგუფში ასრულებენ.
სასწავლო საგნის მასწავლებლებთან დიალოგით ცხადი გახდა, რომ საშინაო დავალების გარეშე სასწავლო პროცესი დასრულებულად არ მიაჩნიათ.
თეორიებისა და პრაქტიკის ანალიზით ჩამოვაყალიბე ჩემი სამუშაო პროგრამა, რომელმაც მოიცვა შემდეგი საკითხები:
√ დავხმარებოდი მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, თუ რით არის სასარგებლო საშინაო დავალება;
√ თითოეული სასწავლო საგნის მიხედვით გამერკვია რა მიზანი აქვს საშინაო დავალებას და ამის მიხედვით დამეგეგმა შემდგომი საქმიანობა;
√ დამედგინა რა სახის შეიძლება იყოს საშინაო დავალება;
√ განმესაზღვრა დრო, რომელიც თითოეულ სასწავლო საგანში საშინაო დავალების შესრულებას დაეთმობოდა;
√ შემესწავლა მოსწავლეთა დასწავლის სტილი;
√ შემესწავლა მოსწავლეთა ინტერესი შესასრულებელი სამუშაოს მიმართ;
√ შემესწავლა მოსწავლეთა მზაობა საშინაო დავალებით გათვალისწინებული მასალის დასწავლისთვის;
√ კოლეგებთან თანამშრომლობით განმეხორციელებინა მრავალფეროვანი მიდგომები.
მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბე ინფორმაციული სამახსოვრო: „რა უნდა ვიცოდე საშინაო დავალების შესახებ“:
საშინაო დავალების შესრულება დამეხმარება:
√ ახალი ცოდნის გაღრმავებასა და უკეთ გააზრებაში;
√ გამოვთქვა ჩემი შეხედულებები;
√ შევამოწმო რა ვიცი, რა შემიძლია;
√ დამოუკიდებლად გადავჭრა სწავლის დროს წარმოქმნილი პრობლემა;
√ ვიმუშაო განსაზღვრულ დროში;
√ ავიღო პასუხისმგებლობა საკუთარი სწავლის შედეგზე;
√ რას დაამატებთ?
ინფორმაციულ სამახსოვრო მცირე ფლიფჩარტზე განვათავსეთ და დავტოვეთ ადგილი, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, სიტყვით, ნახატით, ლექსით, ახალი სამახსოვრო მიაწერონ. ამ მინაწერმა ინფორმაციული სამახსოვრო სახალისო გახადა. ბავშვებმა მიახატეს წარმატების გამომხატველი ემოცია, მიაწერეს „ჯერ მწარე ჭამე…“ და სხვა.
სასწავლო საგნების მასწავლებლებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ საშინაო დავალების შესრულების მიზანი. იგი მრავალფეროვანი აღმოჩნდა, პრიორიტეტი მივანიჭეთ რამდენიმეს:
√ გაკვეთილზე ნასწავლი მასალის გამეორება და განმტკიცება;
√ გაკვეთილზე დაწყებული სასწავლო აქტივობების გაგრძელება და გაძლიერება;
√ დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარება;
√ საგაკვეთილო მასალასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაციის მოძიება;
√ პასუხისმგებლობის აღიარება საკუთარი სწავლის შედეგებზე.
განვსაზღვრე საშინაო დავალების სახეები და შევუსაბამე მიზნებს:
√ პრაქტიკული დავალება – გაკვეთილზე ნასწავლი მასალის განმეორება განმტკიცებისათვის;
√ მოსამზადებელი დავალება – ახალი საგაკვეთილო მასალისათვის ინფორმაციული ფონის შექმნა;
√ მასალის გაღრმავების დავალება – გაკვეთილზე დაწყებული აქტივობების გაგრძელება ან ახლის შესრულება.
საშინაო დავალების მეთოდური მახასიათებლების განსაზღვრის შემდეგ, დავიწყე მოსწავლეთა დასწავლის სტილის შესწავლა, რისთვისაც მათ კითხვარები მივაწოდე. პასუხებიდან უნდა შემოეხაზათ მათთვის დამახასიათებელი:
- მე ვსწავლობ კარგად:
ა) როცა მიყვებიან;
ბ) როცა ვკითხულობ;
გ) როცა ვწერ.
- მე ვსწავლობ კარგად:
ა) როცა მარტო ვსწავლობ;
ბ) როცა წყვილში ვარ;
გ) როცა ჯგუფში ვსწავლობ.
დასწავლის სტილიდან, მონაცემების მიხედვით, დავაჯგუფე მოსწავლეები. I მონაცემები თითქმის ყველაზე გადანაწილდა, II მონაცემებში უპირატესობა „მარტო სწავლას“ მიანიჭეს, ორმა დაუმატა „განმარტოებით“, „წყვილებში სწავლა“ ერთმა მიაწერა, „ჯგუფებში სწავლა“ არავინ მოიწადინა.
II მონაცემების მიხედვით მოვაწყვე სასწავლო გარემო, ბავშვებმა თვითონ დადგეს თავიანთი მერხი იქ, სადაც თავს კომფორტულად გრძნობდნენ. ერთი ადგილი გამოვყავით წყვილისთვის „მასწავლებელთან ერთად“.
შესასრულებელი სამუშაოს მიმართ ინტერესების შესასწავლად, ვთხოვე, მიწოდებული აქტივობებიდან შემოეხაზათ ის, რომელსაც სიამოვნებით შეასრულებდნენ. აქტივობის ჩამონათვალი საგნის გრძელვადიანი გეგმისა და სახელმძღვანელოს მიხედვით შევადგინე. მოსწავლეთა მიმართ მინიჭებული პრიორიტეტები მრავალფეროვანი იყო. ისინი საკმაოდ კარგად ფლობენ სხვადასხვა სახის სავარჯიშოებს, ასევე, პრეზენტაციების, კითხვებზე პასუხის გაცემის, სვეტობრივი დიაგრამისა და სხვა აქტივობის გამოყენებას.
საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, ინტერესისა და დასწავლის სტილის მონაცემები შევაჯამეთ და გადავწყვიტეთ, მოსწავლეებისთვის, საშინაო დავალების შესასრულებლად, შეგვეთავაზებინა აქტივობა არჩევით. თითოეული საშინაო დავალებისთვის რეკომენდებული იყო 2 ან 3 აქტივობა, მოსწავლე ირჩევდა ერთ-ერთს.
საშინაო დავალების შესრულების პროცესში დასწავლისთვის მზაობა მოსალოდნელზე რთული პრობლემა აღმოჩნდა. აქ გამოიკვეთა არა მხოლოდ წინარე ცოდნის დონე, არამედ ის დარღვევებიც, რომელიც დასწავლას აბრკოლებდა. ასეთი აღმოჩნდა:
√ უჭირს დროის დაგეგმვა;
√ უჭირს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა;
√ უჭირს საკუთარი აზრის ფურცელზე გადატანა;
√ უძნელდება წინარე და ახალი ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება;
√ არ მოსწონს წერა;
√ ცდილობს, თავი აარიდოს დასწავლის პროცესს (სახლში ვისწავლი და ა.შ.);
√ უძნელდება მითითებების გაგება და შესრულება;
√ ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, სხვებთან მირბის იმის გასაგებად თუ რას აკეთებენ.
მშობლებთან გასაუბრებით და სკოლაში ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევით, მოსწავლეებს სმენითი, მხედველობითი, მეტყველებითი დარღვევები არ აქვთ. ამდენად, აღნიშნული დარღვევები შეიძლება თანდათან შემცირდეს და დაძლეულ იქნეს.
საამისოდ დავგეგმეთ შესაბამისი აქტივობები, მაგალითად, ვისაც დროის დაგეგმვა უჭირს, აქტივობის ინსტრუქცია:
√ გთხოვ, დააკვირდე შენი ორი მეგობარი რამდენ სიტყვას წერს ერთ წუთში, შეადარე ორივე მონაცემი – ვისია უმჯობესი? შენ რამდენი სიტყვის დაწერა შეგიძლია 1 წუთში?
√ დაინიშნე დრო, რამდენ წუთში შეასრულებ წერით დავალებას მათემატიკაში? შესთავაზე შენი მეთოდი მეგობარს, მისი დროის დასაგეგმად.
ვისაც არ მოსწონს წერა, შემდეგი აქტივობის ინსტრუქცია შევთავაზე:
√ მოვამზადოთ საშინაო დავალება დაწერის გარეშე. თუ რა შედეგი გვექნება (გაკვეთილზე დაკვირვების მონაცემები), გაგვაცანით ხვალ, საშინაო დავალების შესრულების დაწყებამდე.
მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მოსწავლეთა მიერ შესრულებული საშინაო დავალების შემოწმება, შეფასება. თითქმის ყველა ითხოვდა შემოწმებას. ამ სიტუაციაში სასარგებლო გამოდგა საგნის მასწავლებლის მიერ შემუშავებული განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმები, რამაც საშუალება მომცა, გამომეყენებინა მოსწავლეთა თვითშეფასება, თანაშეფასება. მიუხედავად მცირე ასაკისა, მოსწავლეები სიამოვნებით „აფასებენ“ ერთმანეთს, იყენებდნენ შესაბამის ტერმინოლოგიას: „კარგია, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა…“, „შენს პასუხს ხომ არ შეადარებდი სახელმძღვანელოში მოცემულ სწორ პასუხებს“, „შენ უკეთესად შეგიძლია აზრის გამოთქმა“ და ა.შ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭე საშინაო დავალების შესრულების პროცესში განტვირთვის აქტივობებს, რომელსაც ყოველი 25 წუთის შემდეგ ვასრულებდით: „ წვიმა მოდის“, „ვივარჯიშოთ მუსიკის თანხლებით“, „გვემღერება და ვმღერით“ და სხვ.
საშინაო დავალებების შესრულების შემდეგ, დავგეგმეთ სხვადასხვა აქტივობა: „დაწერე და წაშალე“, „გასაფერადებელი სიტყვები“, „სახალისო ნახატები“, „ნახატით შევადგინოთ ზღაპარი“, „გამოფენა-ნახატი“, „ჩემი ბებია და ბაბუა“, „კროსვორდი“, „შევადგინოთ პოსტერი“, „წერილი…“ „თხრობის მთა“, „ვიცეკვოთ და ვიმღეროთ“, „ლექსების დილა“, „გვიყვარდეს ერთმანეთი“, „ღმერთო, მიმრავლე სათნოების დღე“, ფოტოკოლაჟი – „საკლასო ოთახის ფანჯრიდან დანახული ჩემი სამშობლო“.
ამრიგად, გახანგრძლივებულ ჯგუფში საშინაო დავალების შესრულების პროცესში, დასწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ეფექტური გამოდგა, საგნის მასწავლებლების თანამშრომლობით, ისეთი საქმიანობის განხორციელება, როგორიცაა: საგნების მიხედვით საშინაო დავალებების მიზნების განსაზღვრა, დასწავლის შემაფერხებელი დარღვევების აღმოჩენა და მათი დაძლევისთვის საშინაო დავალების სახეების დადგენა; შესრულების დროის დაგეგმვა და დაცვა, მოსწავლეთა დასწავლის სტილის, შესასრულებელი სამუშაოებისადმი ინტერესის, დასწავლისთვის მზაობის დონის შესწავლა; საშინაო დავალების შესრულებისთვის შესაბამისი გარემოს მოწყობა; დიფერენცირებული მიდგომა აქტივობების შესასრულებლად; შესრულებული სამუშაოს განმავითარებელი შეფასებით თვითშეფასება/თანაშეფასება.
ერთ სემესტრში განხორციელებული საქმიანობით შესაძლებელი გახდა დასწავლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. გახანგრძლივებული ჯგუფის მუშაობის პერიოდში შევძელით ყველა სასწავლო დავალების დასწავლა-შესრულება წარმატებული შედეგით, ასევე გასართობი და შემეცნებითი დამატებითი აქტივობების განხორციელება.
აღწერილი მიდგომებითა და მეთოდებით შესაძლებელი გახდა, გახანგრძლივებულ ჯგუფში, მოსწავლეთა მუშაობა ხალისიანი აქტივობებით, მიღწეული შედეგებით სიხარულის განცდით წარმართულიყო. მოსწავლეებს დარჩათ თავისუფალი დრო სახლში გასართობად, მშობლების დასახმარებლად.
სტატიაში აღწერილი საქმიანობით სასურველი შედეგების მიღწევის უმთავრესი პირობაა საგნის მასწავლებლებთან კოლეგიალური თანამშრომლობა, მშობელთა მხარდაჭერა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა 2019-2024;
- ა. გობრონიძე, „პედაგოგიკა“ – 2000;
- „ეფექტიანი სწავლების თეორია და პრაქტიკა“, ავტორთა ჯგუფი: ი. კუტალაძე და სხვები – 2010;
- „წიგნიერება“, ავტორთა ჯგუფი: პ. პაპავა და სხვები – 2011;
- TIMSS – საერთაშორისო კვლევის შედეგები – 2007.