27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

საშინაო დავალება – სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი

spot_img
სოფიკო მეფარიშვილი
სსიპ თბილისის №218 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

ბოლო პერიოდში ხშირად განიხილავენ საშინაო დავალების დადებით და უარყოფით მხარეებს. ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებისთვის ზედმეტი ტვირთია და მისი შესრულება ან შეუსრულებლობა მათ არათანაბარ სიტუაციაში აყენებს. ნაწილის აზრით კი, საშინაო დავალება სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილია.

საშინაო დავალებები და პრაქტიკული მუშაობა სწავლების ის მეთოდებია, რომლებიც მასწავლებლებისთვის კარგადაა ცნობილი. ორივე მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაიუმჯობესონ უნარები და უკეთ ჩასწვდნენ შესასწავლ მასალას. სტატიაში წარმოდეგნილი კვლევებითა და თეორიებით, შევეცდები ამ მოსაზრების სიცხადის დამტკიცებას.

საშინაო დავალება ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სისტემაში აქტიურად გამოყენებული ელემენტია. იმ დროისთვის, როცა მოსწავლეები საბაზო განათლებას ასრულებენ, საშინაო დავალების შესრულების ჩვევა უკვე მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი, ვინც საშინაო დავალების მეთოდს ემხრობიან, თვლიან, რომ ის აფართოებს სწავლების შესაძლებლობებს და აიძულებს მოსწავლეებს, სკოლიდან შინ წასვლის შემდეგაც კი, არ შეწყვიტონ სწავლის პროცესი.

დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს სხვადასხვა მოცულობის საშინაო დავალება უნდა მივცეთ. ხშირად ისმოდა შეკითხვა დაწყებით კლასებში დავალების მიცემის ეფექტურობასთან დაკავშირებით, მაგრამ კვლევებმა დაადასტურა, რომ საშინაო დავალება მეორე კლასის მოსწავლეებისთვისაც კი ძალიან სასარგებლოა (კუპერი, ლინდსი, ნაი და გრეითჰაუსი, 1998). კუპერი წერდა: ,,მე ვურჩევ მასწავლებლებს, რომ მისცენ საშინაო დავალება დაწყებითი კლასების მოსწავლეებსაც. მასზე მუშაობა პატარა ბავშვებს სწავლის სასარგებლო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს, გაუღვიძებს პოზიტიურ დამოკიდებულებას სკოლისადმი.“

გასათვალისწინებელია, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაცილებით მცირე მოცულობის საშინაო დავალება უნდა მივცეთ, ვიდრე შედარებით მაღალი კლასის მოსწავლეებს. კვლევები ადასტურებს, რომ რაც უფრო დიდი მოცულობის საშინაო დავალებას ასრულებენ მაღალკლასელები, მით უფრო მაღალია მათი აკადემიური მოსწრება.

საშინაო დავალების სწორი ორგანიზებისთვის საჭიროა მკაფიოდ ჩამოყალიბებული დავალების მიზანი, ფუნქციები, შინაარსი, დავალების კონტროლის მექანიზმი და მოტივაცია. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ზუსტად განსაზღვროს, რატომ აძლევს მოსწავლეებს ამა თუ იმ საშინაო დავალებას და ბავშვებსაც ცხადად აუხსნას მიზანი. ორი ძირითადი მიზანი, რაც შეიძლება საშინაო დავალებას ჰქონდეს, არის პრაქტიკა და ახლად ახსნილი/ასახსნელი მასალის გასაგებად მომზადება (ფოილე და ბეილი, 1988).

სასწავლო პროცესში საშინაო დავალების შემდეგ სახეებს იყენებენ:

  • ინდივიდუალურს
  • ჯგუფურს
  • შემოქმედებითს
  • დიფერენცირებულს
  • საერთოს მთელი კლასისთვის
  • დავალებას წყვილისთვის

შესრულებული დავალების ხარისხი გაცილებით მაღალი იქნება, თუ მოსწვლეებს აქტიურად ჩავრთავთ დავალების შერჩევის, ორგანიზებისა და შეფასების პროცესში.

რაც შეეხება მშობლის ჩართულობას საშინაო დავალების შესრულების პროცესში, ბევრი მიიჩნევს, რომ შვილს საშინაო დავალების შესრულებაში უნდა დაეხმაროს. კვლევები გვიჩვენებს, რომ თუ მშობლები აქტიურად ეხმარებიან ბავშვებს საშინაო დავალების მომზადების პროცესში, მისმა შესრულებამ შეიძლება არანაირი გავლენა არ მოახდინოს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, ან პირიქით – გააუარესოს (პერკინსი და მილგრამი, 1996). სასურველია, მშობლები მოსწავლისთვის მიცემული დავალების შესახებ საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ არ უნდა ეცადონ შინაარსობრივი მხარის გადაწყვეტაში დახმარებას.

საშინაო დავალება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გაიხანგრძლივონ მეცადინეობის საათები სკოლის შემდეგ, დახვეწონ და გაიმდიდრონ სკოლაში შეძენილი ახალი უნარები და ცოდნა, ხოლო მასწავლებელს შეუძლია ეს მეთოდი, როგორც სწავლების ეფექტური საშუალება, ისე გამოიყენოს და ამით სწავლა-სწავლების ხარისხი გააუმჯობესოს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები