ახალ სასწავლო წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმში შეხვდა, თუმცა ამის მიზეზი კორონავირუსი არ არის – სკოლის შენობაა სარემონტო.
ამ სკოლის გასაჭირზე გასული სასწავლო წლის ბოლოსაც ვწერდით: შენობა იმდენად ავარიულია, იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება თანდათან სახიფათო ხდებოდა და იძულებული გახდნენ, ალტერნატიული ფართი ეძებნათ. შარშანვე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემაც თქვა, მუნიციპალიტეტში ავარიული მხოლოდ საჭამიასერის საჯარო სკოლა დაგვრჩაო…
შარშან სკოლა ალტერნატიულ ფართში გავიდა – სოფელშივე იქირავეს სახლი კერძო მფლობელისგან და გაზაფხული იქ გაატარეს. თუმცა, სკოლის დირექტორმა, მზია ქორიძემ მაშინვე გვითხრა, რომ, სავარაუდოდ, იქ დროებით გადადიოდნენ და არ იყო გამორიცხული, ახალ სასწავლო წელს ახალ ფართში შეხვედროდნენ – საბავშვო ბაღის შენობაში, რომელიც თავის დროზე, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, საავადმყოფოს შენობა იყო. დროებით შენობაში ფართი ნამდვილად საკმარისი იყო, მეტიც – იმდენად დიდი, რომ მისი გათბობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ამიტომ გადაწყვიტეს, წლეულს ისევ შეეცვალათ ბინა და მართლაც ბაღის შენობაში გადავიდნენ. თავის მხრივ, ეს იმან გამოიწვია, რომ საბავშვო ბაღიც სხვაგან გადავიდა – მათთვის, ჯერ კიდევ შარშან, ახალი შენობა აშენდა და ახალი სასწავლო წელი შარშანვე იქ უნდა დაეწყოთ, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ქართულ რეალობაში ძალიან ხშირად ხდება, ზემდგომებმა მხოლოდ მშენებლობის დასრულების შემდეგ აღმოაჩინეს მრავალმხრივი წუნი – ხარვეზებზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ამ დარღვევების გამო შენობა ექსპლუატაციაში არ მიიღეს და შარშანდელი სეზონი, სწავლის ნაცვლად, კვლავ რემონტში გაატარეს (ისე, ამ ქვეყანაში ხარისხის კონტროლის რაიმე მექანიზმი თუ არსებობს და ვინმე თუ აკონტროლებს მშენებლობათა ხარისხს? ყოველ შემთხვევაში, ტენდერებით ნებადართულ და საჯარო ობიექტებზე მაინც. აი, სასწავლო დაწესებულებები კი, სადაც ბავშვები – ამ ქვეყნის მომავალი იზრდება, საგანგებო კონტროლზე უნდა იყოს). როგორც ჩანს, სარემონტო სამუშაოები ამჯერად ხარისხიანად ჩაატარეს და წლეულს საბავშვო ბაღმა იქ გადაინაცვლა, შედეგად სკოლასაც ფართი გამოუთავისუფლდა და მათაც კიდევ ერთხელ შეიცვალეს ადგილმდებარეობა. ისე კი ეს შენობა ტერიტორიულად გაცილებით უკეთეს ადგილასაა – სოფლის ცენტრიდან რამდენიმე მეტრში, ზედ მთავარი გზის პირას, რომელიც მოასფალტებულია და მისასვლელად ყოველმხრივ ხელსაყრელია, ძველი შენობა კი ცენტრიდან დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობდა, თუმცა მთავარი ნაკლი ისაა, რომ ღორღით დაფარული გზა მოასფალტებული არ არის, ოღონდ, ცხადია, ეს მეპატრონის ბრალეულობა არაა. პირიქით, მას მადლობის მეტი არაფერი ეთქმის.
ახალ შენობაში გადაბარგებულ სკოლას გარკვეული პრობლემები მაინც დახვდა. საქმე ისაა, რომ იქაურობა ჯერ პაციენტებზე, შემდეგ კი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე იყო გათვლილი; შენობა პერიოდულად კი რემონტდებოდა, მაგრამ სკოლას და მოზრდილებს სხვა სპეციფიკური გარემო სჭირდებათ. ყოფილი პალატები, ფართით, საკლასო ოთახებისთვის სავსებით საკმარისია, რადგან, სავალალოდ, არც ცალკეული კლასებია გადატვირთული მოსწავლეებით. თუმცა, ოთახებს აქა-იქ ხელის შევლება მაინც სჭირდებოდა – ზოგან იატაკი იყო გასამაგრებელი, ზოგან – ფანჯარა, კარი და ა.შ. სკოლა ალტერნატივის წინაშე დადგა – მეცადინეობები ორ ცვლად ჩაეტარებინათ, თუმცა მათ გაცილებით პრაქტიკული გზა აირჩიეს – 1 კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, პარალელურად კი, სარემონტო სამუშაოებზე გადაერთნენ. სოფლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ საქმეში გვერდში დაუდგნენ სკოლის ადმინისტრაციას, რაც უფრო მუშახელით ფიზიკურ დახმარებაში გამოიხატა – ხელოსანი, დამხმარე მუშა, თორემ ფინანსურად სკოლას საკმარისი რესურსი აქვს და ხარჯებს, ძირითადად, საკუთარი ძალებით აუვიდნენ.
26 სექტემბერს საჭამიასერის საჯარო სკოლამ, უკვე ჩვეულ დასწრებულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში გააგრძელა სწავლა. მოსწავლებს მოწესრიგებული შენობა დახვდა, სველი წერტილებიც შენობის შიგნითაა. თუმცა, ადმინისტრაციული სახის ერთი პრობლემა მაინც რჩება – ჯერჯერობით გაურკვეველია სკოლის ძველი შენობის ბედი: გაარემონტებენ თუ დაანგრევენ და ახალს ააშენებენ. როგორც სკოლაში გვითხრეს, მათ რაც მოიკითხეს, სამინისტროდან დაწყებული, ადგილობრივი რესურსცენტრით დამთავრებული, შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარება და სრულ რემონტშია „ჩასმული“. თუმცა, სოფელში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ანგრევენ და ახალს აშენებენ. ყოველ შემთხვევაში, სკოლას ამის თაობაზე ჯერ ოფიციალურად არანაირი დოკუმენტი არ მიუღია. სამაგიეროდ, გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ სათანადო დოკუმენტაცია მოითხოვა, რაც გადააგზავნეს კიდეც… თავის დროზე, სკოლამ სამხარაულის საექსპერტო ბიუროც მოიწვია ექსპერტიზის ჩასატარებლად და მათი დასკვნაც აქვთ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის ჩატარება საშიშია, თუმცა ექვემდებარება თუ არა შენობა რეაბილიტაციას, ამას დამატებითი კვლევები სჭირდება. ის ექსპერტიზაც 2019 წელსაა ჩატარებული, მას მერე კი საკმაო დრო გავიდა… არაოფიციალურად იმაზეცაა ლაპარაკი, რომ ნიადაგის ანალიზიც უნდა ჩაატარონ…
ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, სკოლაშიც ვერ ამბობენ, რა ბედი ელის ძველ შენობას. შარშან, როცა ამ თემაზე იქაურ რამდენიმე მასწავლებელს ვესაუბრეთ, ერთგვარად სინანულიც კი გამოთქვეს სკოლის მოსალოდნელი დანგრევის გამო, ეს ჩვენი ბავშვობის სკოლაა, აქ გავიზარდეთო, თუმცა ისიც აღნიშნეს, ახალ შენობებს იმდენად კარგი პროექტით აშენებენ, არც იმაზე ვიტყოდით უარსო…
ერთი სიტყვით, ახლა მთავარია, დროზე გაირკვეს, რა არის გასაკეთებელი – გამაგრებითი სამუშაოები თუ ახალი შენობის აშენება. როგორც გითხარით, ძველი შენობის ადგილას ნიადაგის ქანების ვარგისიანობაც შესასწავლია და თუ იქაურობა უვარგისია, მაშინ სკოლისთვის ახალი ადგილიც შესარჩევია…
მოკლედ, საქმე საკმაოზე მეტია, დრო კი არ ითმენს… იმედია, ამ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა ბიუროკრატიულად არ გაიწელება და სკოლაც მალე გაიგებს თავის ხვედრს. მით უფრო, ეს სკოლა არა მხოლოდ საჭამიასერს და არა მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ემსახურება. თავად საჭამიასერის საკრებულოშიც რამდენიმე სოფელი შედის – ჩომეთი, ქვემოხეთი, კალაგონი, მამულარი. იქ სწავლობენ X-XII კლასელები მეზობელი ზემოხეთიდანაც, ასევე, მოსწავლეები მოსაზღვრე სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან – ქვაყუდედან და გორმაღალიდან. მართალია, არც ერთ ამ სოფელში ბავშვთა რაოდენობა დიდი არაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლის საკითხი დროში გაიწელოს. ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს თითოეულ მოსწავლესაც და, ზოგადად, სწავლასაც, რადგან ქვეყნის აღმავლობა-განვითარების ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი გზა სწორედ სწავლა და თანამედროვე დასავლური სტანდარტების შესაბამისი განათლებაა, ბავშვებს კი კონსტიტუციურად აქვთ მისი მიღების უფლება.
ირაკლი თავაძე