10 დეკემბერს გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე „ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის მთავარი თემა იყო სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხსენებული საკითხი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეროვნული მთავრობების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.
კვლევების მიხედვით, ევროპაში, ხუთიდან ერთი ბავშვი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის რაიმე ფორმის მსხვერპლია, მოძალადეთა 80 პროცენტი – ბავშვის ნდობის წრის წარმომადგენელი. პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურია სპორტის სფეროში, სადაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორებია ძალადობისთვის. კამპანიის მიზანია თითოეული მსხვერპლი ბავშვისა და მოზარდის დუმილის დარღვევა.
კამპანია „Start to Talk“ სპორტულ საზოგადოებას მხარს უჭერს სპორტში არსებული მანკიერებების გამოვლენაში, პრევენციასა და, საერთო ძალისხმევით, მინიმუმამდე დაყვანაში. აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობით, მთავრობები, სპორტული კლუბები, ფედერაციები, სპორტსმენები, მწვრთნელები და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები პასუხისმგებლობას იღებენ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების მისაღებაზე.
კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია პრევენციული, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით.
აღნიშნული კამპანია, თავის მხრივ, „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებს ემსახურება, რომელსაც საქართველო, რატიფიკაციის გზით, 2014 წელს შეუერთდა.