5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

საქართველო ევროპის გუნდური ჩემპიონია

spot_img

საქართველო ძიუდოში ევროპის ჩემპიონია! ჩვენმა ნაკრებმა ეს წარმატება 27 ნოემბერს რუსეთში, ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში მოიპოვა, კონტინენტის შერეულ გუნდურ პირველობაში. ვაჟთა შორის საქართველო 9-ჯერაა ევროპის ჩემპიონი, თუმცა შერეულ გუნდურ ფორმატში (როცა ქალები და ვაჟები ერთ გუნდად გამოდიან), პირველად გავიმარჯვეთ. ეს პირველია უმაღლეს დონეზე, ზოგადად,  ქართული ძიუდოსთვის კი, უკვე მეორე პრეცედენტია: სამიოდ კვირის წინ 23-წლამდელებშიც მოვიგეთ ასევე ევროპის ჩემპიონატი.

ჩვენებმა ქვეჯგუფში იოლად – 4:0 მოუგეს ავსტრიას (ბოლო ორი შეხვედრის გამართვა აღარც გახდა საჭირო, ორთაბრძოლა ვადამდე შეწყდა), მერე კი 4:2 სძლიეს ტურნირის ფავორიტს, ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ საფრანგეთს. ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით თურქეთი დაამარცხეს, ვინც ჯგუფში მასპინძელ რუსეთსაც კი მოუგო. ფინალში ჩვენებმა დამატებით შეხვედრაში 4:3 დაამარცხეს ნიდერლანდები. აქ ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – 3:3, კენჭისყრით კი დამატებითი შეხვედრის გამართვა მძიმეწონოსნებს ერგოთ, სადაც საბა ინანეიშვილმა იპონით დააგდო მეტოქე და ევროპის ჩემპიონობა მოგვიტანა.

შერეული გუნდური ფორმატი, ანუ ქალებისა და ვაჟების მიქსი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2017 წლიდან შემოიღო, რითაც დასრულდა ჩვენი ვაჟების ბატონობა გუნდურ ტურნირებში მსოფლიოს მასშტაბით, ახალი ფორმატით კი წარმატებებს ვერ ვაღწევდით, რადგან არ გვყავდა მაღალი დონის ქალი ძიუდოისტები და ქალთა წონებს, პრაქტიკულად, სულ ვაგებდით. ჩვენთან ხომ ქალთა ძიუდო ახლა იწყებს განვითარებას, თუმცა, საბედნიეროდ, უკვე გვყავს ისეთი სამეული, რომელიც ვაჟთა გვერდით თამამად იბრძვის და აგერ, პირველი წარმატებაც მოვიდა (ისე კი 23-იანებშიც ეს 3 გოგო გამოდიოდა). ერთმა მათგანმა – ეთერ ლიპარტელიანმა (57) ახლანდელ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა: 4 შეხვედრიდან პირველი სამი მოიგო და მხოლოდ ფინალში დამარცხდა, როცა ნიდერლანდელმა მეტოქემ შებოჭვაზე დაიჭირა.

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები