27 ივლისი, შაბათი, 2024

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდის ხარჯი – შშმ ბავშვების თანაბარი ჩართულობისთვის საჭირო საგნები და მომსახურებები

spot_img

„გაეროს ბავშვთა ფონდმა“ წარმოადგინა კვლევის „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდის ხარჯი – თანაბარი ჩართულობისთვის საჭირო საგნები და მომსახურებები“ ანგარიში.

კვლევის ამოცანა იყო სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობისა და მხარდაჭერის სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი დამატებითი საგნებისა და მომსახურებების გამოვლენა. ასევე, მკვლევრები შეეცადნენ საჭირო საგნებისა და მომსახურებების ხარჯების დაახლოებითი ფარგლების დაანგარიშებას სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობისა და დახმარებების საჭიროებების სხვადასხვა დონის მქონე ბავშვებისთვის.

ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საჭიროებენ დამატებით საგნებსა და მომსახურებებს თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, თუმცა მათი მრავალფეროვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ფინანსური ტვირთი დიდწილად მათ ოჯახებზეა.

ანგარიშში მოცემული ინფორმაცია გვეხმარება, უკეთ გავიგოთ ოჯახის მიერ შშმ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ის დამატებითი ხარჯები, რაც გამოწვეულია შშმ ბავშვის კომუნიკაციის, გადაადგილების, სკოლაში სიარულის, სოციალიზაციის, თანატოლებთან თამაშის და ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი ყველა სხვა აქტივობისთვის საჭირო დამატებითი საგნებისა და მომსახურებების ღირებულებით.

კვლევის საბოლოო მიზანი იყო ინფორმაციის მოგროვება საზოგადოებაში შშმ ბავშვის თანასწორი მონაწილეობისთვის საჭირო ხარჯების დიაპაზონსა და ტიპებზე. ინფორმაციის მოსაგროვებლად აღირიცხა საზოგადოებაში შშმ ბავშვის სრული მონაწილეობისთვის საჭირო დამატებითი საგნები და მომსახურებები, ასევე, ბავშვების არსებულ გარემოში მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიმდინარე და საჭირო ხარჯები.

კვლევის მიგნებები გვაძლევს ღირებულ ინფორმაციას იმ რეალობის შესახებ, რომელსაც საქართველოში აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახები.

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

⇔ ხარჯებთან დაკავშირებული ბარიერები: კვლევამ გამოავლინა, რომ საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის თანასწორი მონაწილეობითვის საჭირო საგნებისა და მომსახურებების საფასურის გადახდა საქართველოს ოჯახების უმეტესობას არ შეუძლია. ამით ნათელი ხდება, თუ რა ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფებიან ოჯახები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ზრდიან.

⇔ სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჭიროებების განსხვავებული კატეგორიები აქვთ: სხვადასხვა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები განსხვავებულ მხარდაჭერას საჭიროებენ, შესაბამისად სხვადასხვა სირთულისა და მხარდაჭერის საჭიროებების მქონე ბავშვების ჯგუფები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ხარჯების სტრუქტურითა და დონეებით. კვლევაში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სხვადასხვა ჯგუფს შორის მხარდაჭერის საჭიროებების უზარმაზარი სპექტრი. ანგარიშში თავმოყრილი ინფორმაცია მეტ დეტალს გვთავაზობს ამ მრავალფეროვნების შესახებ. ყველა კატეგორიაში, მნიშვნელოვანი დახმარების საჭიროების მქონე ბავშვებს მეტი თანხა სჭირდებათ.

⇔ არსებული მხარდაჭერის სისტემების ერთგვაროვნება: კვლევა ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ამჟამად არსებული სახელმწიფო მხარდაჭერის სისტემა შედარებით ერთგვაროვანია და არ პასუხობს მათი საჭიროებების მრავალფეროვნებას. ის, რომ არასაკმარისი ყურადღება ეთმობა დახმარების სხვადასხვა დონეებს და მასთან დაკავშირებულგანსხვავებულ ხარჯებს, განაპირობებს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მრავალი ბავშვი ვერ იღებს საკმარის მხარდაჭერას. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ მობილობასთან, მომსახურებების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებასთან, სახლის ადაპტაციის და ტრანსპორტირების ღირებულების დაფარვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, უმეტეს შემთხვევაში, გაიღებს ოჯახი, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ფინანსურ ტვირთს.

⇔ სოფლად არსებული გამოწვევები: სოფლად მაცხოვრებელ ოჯახებს მომსახურებების გეოგრაფიული ხელმიუწვდომლობით გამოწვეული დამატებითი ხარჯები აქვთ. დიდ ქალაქებში მგზავრობის საჭიროება, სადაც კონცენტრირებულია მათთვის საჭირო მომსახურებები, დაკავშირებულია საცხოვრებლის მოკლევადიან დაქირავებასა და ამასთან დაკავშირებულ სხვა დროებით ხარჯებთან.

კვლევა შეიმუშავა გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან, მათ შორის მშობელთა ასოციაციასთან და კვლევით ინსტიტუტებთან უწყვეტი თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მხარდაჭერის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით. უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების შექმნით, გაეროს ბავშვთა ფონდი მიზნად ისახავს მთავრობის დახმარებას ინდივიდზე მორგებული ისეთი პაკეტის შესაქმნელად, რომელიც ეფექტიანად და ხარისხიანად დააკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული კვლევის მიზანი იყო, უკეთ გავიგოთ ოჯახის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული ის ფინანსური ტვირთი, რომელიც გამოწვეულია კომუნიკაციის, გადაადგილების, სკოლაში სიარულის, სოციალიზაციის, თანატოლებთან თამაშის და ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი ყველა სხვა აქტივობისთვის საჭირო დამატებითი საგნებისა და მომსახურებების ღირებულებით.

„გაეროს ბავშვთა ფონდი“ ეხმარება საქართველოს მთავრობას შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემის ტრანსფორმაციასა და საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური დაცვის ღონისძიებების ოპტიმიზაციაში. კვლევა „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდის ხარჯი: შშმ ბავშვების თანაბარი ჩართულობისთვის საჭირო საგნები და მომსახურებები“ შემუშავდა „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს წარმომადგენლობის მიერ და მისი მიზანია საჭირო მტკიცებულებების მოპოვება შეზღუდული შესაძლებლობის მხარდამჭერი სისტემის ტრანსფორმაციისთვის, რაც ამჟამად ხორციელდება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით. ამგვარი მტკიცებულებები უმნიშვნელოვანესია დახმარების ისეთი პაკეტის შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ინდივიდზე უფრო მეტად მისადაგებულ მხარდაჭერის სისტემასთან ბავშვების საჭიროებების მორგებას.

⇑⇓ კვლევა „საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის აღზრდის ხარჯი – თანაბარი ჩართულობისთვის საჭირო საგნები და მომსახურებები“ სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: https://uni.cf/44oOwe1

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები