24 ნოემბერი, კვირა, 2024

საქართველოში პირველად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობით ვიზიტი გაიმართა

spot_img

საქართველოში პირველად,  სსიპ კოლეჯმა „მოდუსმა“,  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების  თანამშრომლობით ვიზიტს  უმასპინძლა, თემაზე – „სასწავლო პროცესის ორგანიზება”.
თანამშრომლობით ვიზიტში ვიზიტორი დაწესებულებების სტატუსით მონაწილეობდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. მათ შორის: სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი; შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი; შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „Natali Academy“; შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო; შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგი; სსიპ კოლეჯი ,,ოპიზარი”.
თანამშრომლობითი ვიზიტის მეთოდოლოგიის თანახმად, ვიზიტის თემატიკას განსაზღვრავს მასპინძელი დაწესებულება, აგრეთვე, ვიზიტორი დაწესებულებისთვის ახდენს იმ საკითხების იდენტიფიცირებას, რომლებზეც სურს დეტალური და ობიექტური უკუკავშირის მიღება კომპეტენტური და შესაბამის სფეროში გამოცდილების მქონე ვიზიტორი დაწესებულებების წარმომადგენლებისგან.
თანამშრომლობით ვიზიტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და ემსახურება როგორც მასპინძელი დაწესებულების, ისე ვიზიტორი დაწესებულების შესაძლებლობების გაძლიერებას და მიზნად ისახავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბებასა და ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ  თანმშრომლობით ვიზიტს არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი და თანაბრად სარგებლიანია როგორც მასპინძელი, ისე ვიზიტორი დაწესებულებების წარმომადგენელთათვის.
თანამშრომლობითი ვიზიტების, როგორც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების,  ხარისხის გაუმჯობესებისა და საუკეთესო პრაქტიკების ურთიერთგაზიარების ინსტრუმენტის დანერგვა, საქართველოში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 2023 წელს დაიწყო.  ამ მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების ქვეპროგრამის ფარგლებში, შემუშავდა თანამშრომლობითი ვიზიტების განხორციელების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო.
ცენტრმა, 2023 წლის  ივნისიდან, დაიწყო მასპინძელი დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განაცხადების მიღება. ცენტრში შემოსული ათზე მეტი განაცხადიდან, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ხმის მიცემის პროცედურით, მასპინძელ დაწესებულებად განსაზღვრეს სსიპ კოლეჯი „მოდუსი“.
თანამშრომლობითი ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯმა „მოდუსმა“ ვიზიტორი დაწესებულების წარმომადგენლებს წარუდგინა პრეზენტაცია კოლეჯის მიღწევებისა და სასწავლო პროცესის ორგანიზების დანერგილ პრაქტიკასთან დაკავშირებით, აგრეთვე გამართა მცირე ექსკურსია ვიზიტორთათვის კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და  მიმდინარე პროცესების გაცნობის  მიზნით.
ვიზიტორი დაწესებულებების წარმომადგენლებმა წარმოდგენილი პრეზენტაციის, გარემოს დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობის შედეგად, დაწესებულებას წარუდგინეს უკუკავშირი ვიზიტის თემატიკით გათვალისწინებულ საკითხებზე.
თანამშრომლობითი ვიზიტების დანერგვის საკითხში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევროპის განათლების ფონდმა (ETF), რომლის  მხარდაჭერით მომზადდა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო. აღნიშნული სახის ვიზიტები დანერგილია ევროკავშირის ქვეყნებში და წარმატებით ხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოში ევროპის განათლების ფონდის, ETF-ის, ვიზიტების ფარგლებში, არაერთხელ იქნა გამახვილებული ყურადღება სხვადასხვა წევრი ქვეყნის მიერ.
ვიზიტის შედეგების გათვალისწინებით, ცენტრი გააგრძელებს თანამშრომლობითი ვიზიტების მეთოდოლოგიის განვითარებაზე მუშაობას და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს მომავალშიც შესთავაზებს თანამშრომლობით ვიზიტში მასპინძელი ან ვიზიტორი დაწესებულების სტატუსით ჩართვის შესაძლებლობას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები