15 ივნისი, შაბათი, 2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა – არქიტექტურა – ამოქმედდა

spot_img

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა. მომავალი, 2024-2025, სასწავლო წლიდან – საქართველოს, მიმდინარედან კი უცხოეთის მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამას ინგლისურ ენაზე დაეუფლონ.

ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ – არქიტექტურა – გასულ კვირაში, მიიღო საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს აკრედიტაცია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხისუზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ დავით მახვილაძის განცხადებით, არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა გათვლილია საშუალო განათლების მქონე ფართო საერთაშორისო წრეზე.

„პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის MAAM და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი,საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი, UNESCO-ს და UIA-ს (არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის) არქიტექტურული განათლების კომისიის რეფლექსური ჯგუფის წევრი, არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი გოჩა მიქიაშვილი. პროგრამის დამუშავების და წარდგენის ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტი, როგორც ინტელექტუალური, ასევე ტექნიკურ-მატერიალური ბაზით სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. დიზაინის საერთაშორისო სკოლა უკვე მზადაა უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეების მისაღებად, მომავალი წლიდან კი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ინგლისურ ენაზე დაეუფლონ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამას. წარმატება მინდა ვუსურვო პროგრამას და დიზაინის საერთაშორისო სკოლას, – აცხადებს დავით მახვილაძე.

არქიტექტურის დოქტორის, პროფესორ გოჩა მიქიაშვილის თქმით, სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აქტიურად იყო ჩაბმული პროგრამის დამუშავებაში და მრავალი მნიშვნელოვანი, ინოვაციური გადაწყვეტილების მიღებაში. ხოლო, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის,პროფესორ მალხაზ რაზმაძის მიერ სტუ-ში და მის ფარგლებს გარეთ იქნა შერჩეული არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის შედგენაში მონაწილე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი, რომელიც გაუძღვება პროგრამის პრაქტიკულ განხორციელებას 2023-2024 სასწავლო წლიდან.

„ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – არქიტექტურა დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე განხორციელება განპირობებულია იმით, რომ დიზაინის საერთაშორისო სკოლა ინგლისურენოვანი ფაკულტეტია, სადაც ყველა პირობაა შექმინილი ახალი პროგრამის განსახორციელებლად. დიზაინის საერთაშორისო სკოლას წლების განმავლობაში მიმართავენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, ესწავლათ არქიტექტურის პროგრამაზე. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა და ფაკულტეტმა ჩაატარა კვლევა, რათა დაგვედგინა, პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, რამდენად შესაბამისი იქნებოდა მოთხოვნა მოცემულობასთან. კვლევის საფუძველზე შევიმუშავეთ ახალი საგანმანათლებლო პროგრამა და პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ მიღება 25 ადგილზე გამოგვეცხადებინა, თუმცა, მეტი შესაძლებლობა გვაქვს და სამომავლოდ, ადგილების რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სტუ-ის რექტორს, აკადემიურ საბჭოს და ფაკულტეტს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. სწორედ ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ არქიტექტურის ინგლისურენოვანმა პროგრამამ საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ უპირობო აკრედიტაცია მიიღო, – აცხადებს გოჩა მიქიაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მიერ, მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან (Politecnico di Milano – PoLiMi) დაწყებულია მუშაობა, რომ არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამა, გარდა საბაკალავრო საფეხურისა, ამოქმედდეს მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები