14 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

საქართველოს პირველი სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის “ნონა გაფრინდაშვილის თასის” გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საქართველოს პირველი სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

„ნონა გაფრინდაშვილის თასის” მფლობელი ქალაქ თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ.

მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლამ, ხოლო

მესამე ადგილზე საჩხერის პირველი  საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პირველმა ვიცე  პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. მათ ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და გამარჯვებულებს შესაბამისი პრიზები გადასცეს.

ალექსანდრე წულაძე: „მოხარული ვარ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩატარდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა. დარწმუნებული ვარ, ეს დღე ყველა მონაწილისათვის დაუვიწყარი იქნება.

ჭადრაკი მოსწავლეებში აუმჯობესებს ინტელექტუალურ უნარებს და ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკისა და კონცენტრაციის განვითარებას. სწორედ, ამიტომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლებში დაინერგა ჭადრაკის სწავლება და ჩვენ მომავალშიც ხელს შევუწყობთ სასკოლო ჭადრაკის განვითარებას.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალის, ჩვენი ეროვნული სიამაყის, ჭადრაკის ლეგენდის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილს სახელს ატარებს.

ქალბატონი ნონა გახლავთ პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო – გადაჭარბების გარეშე უნდა აღინიშნოს, რომ მან, თავისი უნიკალური ნიჭით, უსაზღვრო შესაძლებლობებითა და უპრეცედენტო მიღწევებით, ჭადრაკის ქართული ერა შექმნა.

მინდა, გულითადად მივულოცო გამარჯვებულებს და წარმატებები ვუსურვო მათ მომავალ საქმიანობაში. მჯერა, ჩვენი ახალგაზრდები კიდევ არაერთხელ ასახელებენ სამშობლოს და საქართველოს სახელს საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანენ.

სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადაში პირველ ეტაპზე მონაწილეობდა 615 სკოლა/გუნდი, 2453 მოსწავლე, 1228 მასწავლებელი და დამხმარე, ხოლო ფინალში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული ტურნირის გამარჯვებულებმა. კერძოდ, 12 სკოლის გუნდმა, 48 მოსწავლემ და 12-მა მასწავლებელმა.

ფინალში გამარჯვებული სკოლის გუნდის წევრებმა მიიღეს დიპლომები, მედლები და გამარჯვებულის თასი.

სასკოლო ოლიმპიადა ქვეყნის მასშტაბით  ეტაპობრივად, ჰიბრიდული სისტემით ჩატარდა.

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები