რუბრიკის„ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია ჯაბა მესხიშვილი, კობეს უნივერსიტეტის დოქტორანტი
– ჯაბა, გვიამბე მოსწავლეობის პერიოდზე, რამდენად წარმატებული მოსწავლე იყავი, გარკვეულწილად, განსაზღვრა თუ არა სკოლამ შენი პროფესიული მომავალი?
– მოსწავლეობის პერიოდი თბილისის მე-5 საშუალო სკოლაში გავატარე. სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი, ჩემი აზრით, არაფრით გამორჩეული სხვა მოსწავლეებისგან. ვსწავლობდი საშუალო დონეზე, ოღონდ მქონდა ჩემი „უცნაურობები“, იმ საგნების სწავლით, რომლებიც არ მიყვარდა (ძირითადად ტექნიკური საგნები), დიდად თავს არ ვიწუხებდი. ყველაზე მეტად მიყვარდა ისტორია-გეოგრაფია, ამიტომ ამ საგნებს განსაკუთრებული მონდომებით ვსწავლობდი, კლასგარეშე ლიტერატურასაც დიდი ინტერესით ვკითხულობდი. ჩემი პროფესიული არჩევანი სკოლას ნამდვილად არ განუსაზღვრავს და არჩევანი დამოუკიდებლად გავაკეთე. წავიკითხე რამდენიმე წიგნი იაპონიის შესახებ და წაკითხულმა იმდენად დამაინტერესა, გადავწყვიტე იაპონური ენის შესწავლა, უკეთ რომ გამეცნო იაპონია, მისი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.
– შემდეგ სწავლას აგრძელებ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირჩევ საკმაოდ საინტერესო სპეციალობას – აღმოსავლეთის ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტიზა (იაპონია)…
– დიახ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იაპონიის შესახებ წაკითხული მქონდა გარკვეული სახის ლიტერატურა და იმდენად განსხვავებულ სამყაროდ მეჩვენა, რომ გადავწყვიტე უკეთ შემესწავლა. აბიტურიენტობის პერიოდში გავარკვიე, რომ თსუ-ში ისწავლებოდა იაპონიის ისტორია, კულტურა და, რაც მთავარია, იაპონური ენა. ამიტომ გადავწყვიტე, სწავლა ამ სპეციალობაზე გამეგრძელებინა. პროფესიის დასახელება საშუალებას მაძლევდა, მიღებული ცოდნა მომავალში გამომეყენებინა როგორც სამეცნიერო საქმიანობაში, ასევე დიპლომატიურ სფეროშიც. ორივე სფერო ძალიან საინტერესოდ მეჩვენებოდა.
– უმაღლესი განათლების მისაღებად აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას, კუნძულ-სახელმწიფოს – იაპონიას ირჩევ. რა გზა გაიარე საქართველოდან ამომავალი მზის ქვეყნამდე?
– თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი მაგისტრატურის პირველ კურსზე (მსოფლიოს ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალობაზე, შორეული აღმოსავლეთის ისტორიის განხრით). სწორედ მაშინ, იაპონიის სახელმწიფომ გამოაცხადა კონკურსი იაპონიაში მკვლევრების გრანტზე და გადავწყვიტე, ბედი მეცადა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა ვღელავდი, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, დავძლევდი თუ არა კონკურსის პირობებს, რადგან ვთვლიდი, რომ იაპონური ენა სათანადო დონეზე არ ვიცოდი. მაგრამ წერითი გამოცდაც და გასაუბრების ეტაპებიც წარმატებით დავძლიე. თსუ-ში მიღებული იაპონური ენის ცოდნა საკმარისი აღმოჩნდა წარმატებისთვის და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მე ეს შევძელი. შემდეგ იყო მეორე და არანაკლებ რთული ეტაპი, თავად უნდა მომეძიებინა სასურველი უნივერსიტეტი იაპონიაში და გამემართა მოლაპარაკებები, რომ მივეღე, როგორც მკვლევარი სტუდენტი. ასევე უნდა მომეძებნა პროფესორი, ვინც ჩემი ხელმძღვანელი იქნებოდა. საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ კობეს უნივერსიტეტთან წარმატებით დავასრულე მოლაპარაკება და თანხმობა მივიღე.
მკვლევრად ყოფნის პერიოდი, რომლის შემდეგაც მომიწია სამაგისტროს და სადოქტოროს მისაღები გამოცდების ჩაბარება, საკმაოდ რთული გამოდგა, საბედნიეროდ, ჩავაბარე. იაპონიაში ჩასვლამდე მეგონა, რომ, როგორც უცხოელ სტუდენტს, გამოცდებზე შეღავათი მექნებოდა, მაგრამ სპეციალობის გამოცდაზე მეც იმავე საკითხების წერა მომიწია, როგორც სხვა იაპონელ სტუდენტებს, განსხვავება მხოლოდ იაპონური ენის გამოცდაში იყო – უცხოელ სტუდენტებს ცოტა განსხვავებულ შეკითხვებზე მოგვიწია პასუხების გაცემა. აი, ასეთი გრძელი და არც თუ ადვილი გზა გავიარე იაპონიამდე და დოქტორანტურამდე.
– ამჟამად კობეს უნივერსიტეტის დოქტორანტი ხარ (სპეციალობა – იაპონიის ახალი ისტორია), მიამბე ამ უნივერსიტეტის შესახებ?
– იაპონიაში კობეს უნივერსიტეტი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება. მის სტუდენტად გახდომა მხოლოდ განსაკუთრებულად კარგი შედეგების მქონე აბიტურიენტებს შეუძლიათ. კობეს უნივერსიტეტი 1949 წელს დაარსდა. დღესდღეობით აქ 30 000 სტუდენტამდე სწავლობს. კურსდამთავრებულების მიერ კარგი სამსახურის პოვნის და საშუალო შემოსავლის მაჩვენებელის მიხედვით ერთ-ერთი მოწინავეა იაპონიაში. ეს უნივერსიტეტი ბევრ წარმატებულ ადამიანს აქვს დამთავრებული, მაგალითად, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სოსუკე უნოს. კობეს უნივერსიტეტის ყოფილი მკვლევარი იყო შინია იამანაკა, რომელმაც 2012 წელს ნობელის პრემია მიიღო მედიცინის დარგში. აქ განათლება აქვთ მიღებული, ასევე, მრავალი წარმატებული ბიზნეს-კორპორაციის მაღალი თანამდებობის პირებს და გამორჩეულ მეცნიერებს. უნივერსიტეტში გამორჩეულად ძლიერია იურიდიული და ეკონომიკური სპეციალობები.
– რა როლი უჭირავს სტუდენტის ცხოვრებაში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას?
– იაპონიაში ბიბლიოთეკა სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთ მთავარი და აუცილებელია კომპონენტია. ყველა მაღალი დონის უნივერსიტეტი ცდილობს იქონიოს კარგი ბიბლიოთეკა. მარტო კობეს უნივერსიტეტს ცხრა შიდა საფაკულტეტო ბიბლიოთეკა (ზოგიერთი მათგანი რამდენიმე სართულზეა განთავსებული) აქვს, სადაც მილიონობით წიგნი ინახება. სისტემატურად ხდება ბიბლიოთეკების შევსება ახალი ლიტერატურით. შარშან, წიგნების განთავსების პრობლემის გამო ახალი ბიბლიოთეკის დამატების საკითხი წარმოიშვა. ასევე ხდება ძველი ჟურნალ-გაზეთების და წიგნების „გაციფრულებაც“, რომ სტუდენტს მასალასთან წვდომა გაუადვილდეს. ასევე მნიშვნელოვანია ძველი წიგნების ან ჟურნალ-გაზეთების, ხშირი ხმარების გამო, დაზიანებისგან დაცვა. არსებობს ელექტრონული ბიბლიოთეკებიც, შეგიძლია შეხვიდე ვებსაიტზე და წიგნის ციფრული ვარიანტი წაიკითხო და არ მოგიწიოს მაინცდამაინც, რომელიმე ქალაქში ბიბლიოთეკის გამო ჩასვლა. ერთი სიტყვით, აქ, ყველა საშუალებაა სტუდენტისთვის, რათა მან მაღალი დონის განათლება მიიღოს და პროფესორ-მასწავლებლებს მუდმივი წვდომა ჰქონდეთ სიახლეებთან.
– როგორ ფიქრობ, რით განსხვავდება და რიგ შემთხვევაში, რა უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში, კერძოდ იაპონიაში მიღებულ უმაღლეს განათლებას, ევროპულთან შედარებით? ასევე, რა უპირატესობა აქვს იაპონურ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით? რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამების, ლექციებისა და პროფესორ-მასწავლებლების შესახებ?
– სიმართლე გითხრათ, არ გამოვდგები განათლების ექსპერტად, რადგან კარგად არ ვიცნობ ევროპული განათლების სისტემას. მაგრამ, რა თქმა უნდა, იაპონიაში მიღებულ განათლებას ბევრი დადებით მხარე აქვს. მაგალითად, ბიზნესის, ეკონომიკის, მედიცინის, არქიტექტურის, ქიმია-ფიზიკა-ბიოლოგიის, IT ტექნოლოგიების, მანქანათმშენებლობის სფეროში თუ მიიღებთ განათლებას იაპონიაში, უდავოდ გამოსადეგია, რადგან ეს დარგები ძალიან განვითარებულია და მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებს.
რაც შეეხება ქართული და იაპონური უმაღლესი სასწავლებლების შედარებას, ვეცდები, თსუ-ს და კობეს უნივერსიტეტის მაგალითზე შევადარო. განსხვავება ძალიან დიდია და ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ. მაგალითად, იაპონიაში მაგისტრანტები და დოქტორანტები პირველივე სემესტრიდან იწყებენ ძირითად კვლევაზე მუშაობას და სემესტრში, მინიმუმ, სამჯერ უწევთ სტუდენტების და პროფესორების წინაშე, ჩატარებულ კვლევაზე მოხსენების გაკეთება, შეკითხვებზე და კრიტიკულ შენიშვნებზე პასუხის გაცემა. ეს ხელს უწყობს სტუდენტის, როგორც მკვლევრის, განვითარება-ჩამოყალიბებას და ასევე, კვლევის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. თსუ-ში მკვლევარს მხოლოდ თემის დაცვის დროს უწევს საჯარო მოხსენების გაკეთება და შესაბამისად, დაშვებულ შეცდომებზე ვეღარ ასწრებს რეაგირებას.
იაპონიაში პროფესორები მუდმივად ჩართულები არიან კვლევის პროცესში და რეკომენდაციების მიცემით ცდილობენ სტუდენტის განვითარებას. ლექციები ორი სახისაა: პირველი – როდესაც მხოლოდ ლექტორი კითხულობს ლექციას და მეორე – როდესაც სტუდენტები აკეთებენ სხვადასხვა თემებზე მოხსნებებს და შემდეგ განხილვაში ერთვება ლექტორი და სხვა სტუდენტები, სვამენ კითხვებს და იწყება მსჯელობა. განსაკუთრებით სასარგებლოა მეორე ტიპის ლექციები, რადგან სტუდენტს მსჯელობის, მკვლევრის, საკუთარი არგუმენტების დაცვის უნარებს უყალიბებს. სტუდენტებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ საკუთარი სურვილით აირჩიონ სასურველი ლიტერატურა და საგანი ცოდნის მისაღებად.
ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ იაპონელი სტუდენტები სწავლობენ მხოლოდ იმისთვის, რომ მიიღონ ცოდნა და არა მაღალი ნიშნები. უნივერსიტეტში, თითოეულ მაგისტრანტს და დოქტორანტს, ჩვენთვის გამოყოფილ ოთახში გვაქვს ჩვენი მერხი და თაროები, ხოლო ბაკალავრ სტუდენტებს თავიანთი ოთახი აქვთ. ყველა ძალიან სერიოზულად უდგება სწავლას, სხედან თავიანთ ადგილებზე და მუდმივად რაღაცას კითხულობენ ან წერენ. იშვიათია შემთხვევა, როცა სხვა თემაზე საუბრობენ. ცდილობენ, ოთახში მყოფს საკუთარი ხმაურით ხელი არ შეუშალონ, ზოგიერთები ღამითაც რჩებიან სასწავლებლად. ძალიან ბეჯითები არიან და დიდი პასუხიმგებლობით გამოირჩევიან როგორც საქმის, ასევე საკუთარი მომავალი ცხოვრებისადმი.
– სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს? როგორ ცხოვრობენ იაპონელი ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული?
– სწავლას ბევრი დრო სჭირდება და თავისუფალი დრო არცთუ ისე ბევრი მაქვს. თუმცა, როცა ამის საშუალება მეძლევა, მეგობრებთან ერთად მივდივარ გასართობად. როცა ვახერხებ, იაპონიის სხვადასხვა ადგილების მოსანახულებლად დავდივარ.
იაპონელი ახალგაზრდების პრიორიტებები განსხვავებულია, ზოგი სწავლას ანიჭებს უპირატესობას და უნდა, სამეცნიერო კუთხით განვითარდეს, ზოგს კარიერის შექმნა და მსხვილ კომპანიებში დასაქმება სურს, ამიტომ ბაკალვრიატის დასრულებისთანავე იწყებს მუშაობას. ზოგი თავისუფალი ცხოვრების სტილს ირჩევს. თითქმის ყველა ახალგაზრდა ცდილობს, საკუთარი შემოსავალი სტუდენტობიდანვე იქონიოს და სწავლასთან ერთად, სადმე მუშაობს (მრეცხავად, მიმტანად და ა.შ.), არც ერთ სამუშაოს არ თვლიან სათაკილოდ. ვისაც შეძლებული ოჯახი ჰყავს და ფინანსურად ეხმარება, მიღებულ შემოსავალს მსოფლიოში სამოგზაუროდ იყენებენ თუ არადა, ყოველდღიური ხარჯების დასაფარად. ვიცნობ რამდენიმე სტუდენტს, რომლებიც დღისით უნივერსიტეტში არიან, შემდეგ კი გვიან ღამემდე მუშაობენ, რათა სწავლის გადასახადი თავად შეაგროვონ. თავისუფალ დროს, მეგობრებთან ერთად, გასართობად ბარებში დადიან. ასევე ცდილობენ, იყვნენ დაკავებული სპორტით ან გაწევრიანებულები რომელიმე თემატურ კლუბში.
– მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას? როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?
– თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა და, მიუხედავად 5-წლიანი ცხოვრებისა იაპონიაში, დღემდე არ შემიცვლია გადაწყვეტილება – მინდა საქართველოში დავბრუნდე. ვფიქრობ, ჩემი ცოდნა ცოტათი მაინც დაეხმარება ქვეყანას განვითარებაში. არ ვთვლი, რომ ჩემს დასაქმებაში მხოლოდ უცხოური დიპლომი ითამაშებს გადამწყვეტ როლს, რადგან საქართველოში განათლებამიღებულებსაც საკმაოდ კარგი ცოდნა აქვთ. ვეცდები, საკუთარი ცოდნით და შრომისმოყვარეობით დავამტკიცო, რომ ნორმალურ სამსახურს ვიმსახურებ. საერთოდ არასწორად მიმაჩნია მსგავსი მიდგომა – უცხოეთში მიღებულ დიპლომს, უპირობოდ, საქართველოში მიღებულ დიპლომზე მაღლა რომ აყენებენ. უცხოეთში მიღებული დიპლომი ყოველთვის არ ნიშნავს კარგ ცოდნას, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრი საკმაოდ დაბალი დონის სასწავლებელში იღებს განათლებას. რა თქმა უნდა, უცხოეთში მიღებული ცოდნა, ხშირ შემთხვევაში, ბევრად სჯობს საქართველოში მიღებულ განათლებას, მაგრამ ბევრად უკეთესი იქნება სამსახურში აყვანა ხდებოდეს ტესტირებებით და კონკურსებით, სადაც მთავარი იქნება ცოდნა და არა დიპლომი. გარდა ამისა, უცხოეთში მიღებული დიპლომის წინ დაყენებით, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს სწავლის სურვილს ვუქვეითებთ, რადგან მათ უჩნდებათ განცდა, რომ საქართველოში მიღებული ცოდნა ვერ გაუწევს კონკურენციას უცხოეთში მიღებულ ცოდნას. მსგავსი მიდგომა არასწორია და ამით, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ, ქართულ განათლების სიტემას კიდევ უფრო ვამძიმებთ.
-დღეს, საქართველოში, ძალზე პოპულარულია უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება. რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ
– დაგეთანხმებით, რომ სულ უფრო პოპულარული ხდება უცხოეთში განათლების მიღება. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან უცხოეთში მიღებული განათლება ეხმარება ადამიანს ჩამოყალიბდეს უკეთეს სპეციალისტად, მიიღოს ახალი ცხოვრებისეული გამოცდილება, გაეცნოს განსხვავებულ კულტურას და საქმისადმი მიდგომას, ხოლო ქვეყანაში დაბრუნებულმა შეძლოს საკუთარი ცოდნის გამოყენება. მიმაჩნია, რომ არ უნდა გვეშინოდეს ყოველივე უცხოურის ქვეყანაში შემოტანის. ღია უნდა ვიყოთ წარმატებული უცხოური გამოცდილებების საქართველოში დანერგვისთვის, ეს ქვეყანას განვითარებაში დაეხმარება. უცხოეთში განათლებამიღებულები სწორედ ამაში გამოადგება ქვეყანას. ამიტომ უდავოდ დადებითია მსგავსი ტენდენციის გაჩენა, თან, მეორე მხრივ, ახალგაზრდას უჩენს მოტივაციას, უკეთ ისწავლოს, რათა მერე უცხოეთში სასწავლებლად წასვლა შეძლოს.
რაც შეეხება რჩევას, პირველ რიგში, ვურჩევდი, არ იჩქარონ უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრება მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოეთში უნდათ სწავლა. არ აირჩიონ ე.წ. პრესტიჟული სპეციალობა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად ჟღერს. სჯობს, კარგად ჩამოყალიბდნენ, რას უნდათ მიაღწიონ, რა შეუძლიათ, რომელი სპეციალობითაა შედარებით ადვილი სამსახურის შოვნა ან რა სპეციალობებზეა ქვეყანაში მოთხოვნა. როგორც ვაკვირდები, უცხოეთში სასწავლებლად წასულების დიდი ნაწილი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობას ეუფლება, რაზეც, რეალურად, საქართველოში ნაკლები მოთხოვნაა და შესაბამისად, ქვეყანაში დაბრუნებულებს სამსახურის პოვნა უჭირთ. ბევრად უკეთესი იქნება, თუ ქვეყანაში არსებული მოთხოვნების შესაბამისად აირჩევენ სპეციალობას. უცხოეთში წასვლამდე კი, ეცადონ კარგად შეისწავლონ იმ ქვეყნის ენა, სადაც სასწავლებლად მიემგზავრები, ეს ცოდნის უკეთ მიღებაში დაეხმარებათ.
ჩემი აზრით, უმჯობესია ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტონ უცხოეთში სწავლა, რადგან უფრო მეტად იქნებიან საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში გარკვეულები. უცხოეთში ჩასულებს კი, არ დაავიწყდეთ, რომ ქართველები არიან, საკუთარი ქვეყნის სახეს წარმოადგენენ და შეეცადონ, საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი. ყურადღებით ათვალიერონ გარემო და შეისწავლონ ის დადებითი მხარეები, რისი საქართველოში დანერგვაც ჩვენს ქვეყანას სარგებელს მოუტანს. არ ჩათვალონ, რომ მათი მისია მხოლოდ პირადი მიზნების მისაღწევად განათლების მიღებაა. ცოდნის მიღებასთან ერთად, მუდმივად იფიქრონ, რაში შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ ქვეყანას მიღებული გამოცდილებითა და შეძენილი კავშირების მეშვეობით. მჯერა, სულ რამდენიმე წელიწადში, საქართველოს სასიკეთოდ გარდაქმნას სწორედ ის თაობა და ის ხალხი დაიწყებს, ვისაც განათლება უცხოეთში აქვს მიღებული. ქვეყანა გამოვა იმ მოჯადოებული წრიდან, სადაც ბოლო 25 წელიწადია ვტრიალებთ და ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი. საქართველოს სჭირდება ახალი იდეები, ახალი სახეები, ახლებური განვითარება და ამიტომ მჯერა, რომ საქართველოს მომავალი მათ ხელში იქნება. მაქსიმალურად დიდი პასუხიმგებლობით უნდა მოეკიდონ სწავლას და ჩამოყალიბდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალებად. ეს მათაც გამოადგებათ და საქართველოსაც.
– ღირებულებათა იერარქიაში განათლებას იაპონელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. სწორედ განათლების მაღალი დონის დამსახურებაა, ამომავალი მზის ქვეყანამ ძალზე მოკლე ხანში, უდიდეს წარმატებას და პროგრესს რომ მიაღწია. ამიტომ განათლებისადმი სწრაფვას უფროსი თაობა ბავშვებს მცირე ასაკიდანვე უვითარებს. იაპონიის განათლების სისტემის მთავარი ამოცანა არაორდინარული და აქტიური პიროვნების აღზრდაა. შენ როგორ აფასებ იაპონურ განათლების სისტემას?
– იაპონელები, ჯერ კიდევ მეიჯის რესტავრაციის (1867წ) მერე, კარგად მიხვდნენ, რომ ქვეყნის განვითარება განათლების გარეშე შეუძლებელი იყო და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ამ სფეროს. განათლების და დასავლური გამოცდილების მისაღებად ევროპაში აგზავნიდნენ ახალგაზრდებს, დასავლეთიდან იწვევდნენ რეფორმატორებსა და მეცნიერებს. ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭულში დაიწყეს საყოველთაო განათლების მიღებისთვის სკოლების გახსნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც, აშშ-ს დახმარებით და მითითებით, გატარდა განათლების რეფორმები, შეიცვალა სასკოლო სისტემა, სახელმძღვანელოები და ა.შ. მსგავსმა დამოკიდებულებამ თითქმის ყველა სფეროში მოიტანა შედეგები. სასკოლო განათლებას თუ გადავხედავთ, ჩემთვის ძალიან საინტერესოდ ჩანს მორალის გაკვეთილები, რომელიც პირველი კლასიდან იწყება და რამდენიმე წელი გრძელდება. ეს არის ყველა მომამავალი წარმატების საფუძველი. მორალის გაკვეთილები ბავშვებს პიროვნებებად და პასუხისმგებლიან მოქალაქებად ჩამოყალიბებაში ეხმარებათ. პატარა მოთხრობების მაგალითზე, ასწავლიან მოსწავლეებს, რომ არ უნდა დაანაგვიანონ გარემო, საკუთარი საქმე მხოლოდ თვითონ უნდა გააკეთონ და არ ეცადონ ხრიკებით თავის არიდებას, არ უნდა დაჩაგრონ სხვა და ა.შ. ასევე, ცდილობენ ბავშვობიდანვე ჩაუნერგონ გუნდური მუშაობის პრინციპები. სხვადასხვა სახელმძღავანელოებს მაქსიმალურად ყურადღებით ქმნიან, რათა ბავშვმა კარგად აითვისოს მასალა. მშობელიც და სკოლაც ცდილობს, მოსწავლეები მუდმივად დაკავებულები იყვნენ სწავლით ან სპორტით და თავისუფალი დრო ნაკლებად დარჩეთ. ეს ბავშვებს დაძაბულ და დატვირთულ რეჟიმში ცხოვრებას აჩვევს და როდესაც იზრდებიან, ნაკლებად უჭირთ დაძაბულ რიტმთან შეგუება. სახელმწიფო კი, თავის მხრივ, მუდმივად ატარებს კვლევებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ხარვეზების გამოსასწორებლად განათლების სისტემაში მცირე რეფორმებს მიმართავენ. მაგალითად, ბოლო კვლევების შედეგად, დაადგინეს, რომ იაპონიას მსოფლიოში ეკონომიკური დომინირებისთვის ინგლისური ენის კარგად მცოდნე იაპონელები ესაჭიროება, ინგლისური ენის სწავლების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი და ახლა ამ ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობენ. სახელმწიფო ცდილობს, ქვეყნის ინტერესებს მოარგოს განათლება. მათ კარგად იციან, რომ ქვეყნის წარმატების საფუძველი განათლებაშია.
– რა შეიძლება გავითვალისწინოთ იაპონური განათლების სისტემის გამოცდილებიდან, რა არის ის, რისი დანერგვაც ღირს ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში?
– ასე მოკლედ რთულია იმის თქმა, თუ რისი დანერგვა ღირს საქართველოში, რადგან კომპლექსური საკითხია, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, თან ეს ჩვენს ხასიათს და არსებულ რეალობასაც უნდა ეწყობოდეს. მაგალითად, სამაგისტრო და სადოქტორო სისტემები რომ მოარგო საქართველოს, ამისთვის, მინიმუმ, საჭიროა მდიდარი ბიბლიოთეკების არსებობა, ბევრი ლიტერატურა უნდა იყოს ქართულად ნათარგმნი, რაც საქართველოში, ჯერჯერობით, ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. ვიდრე ეს არ მოგვარდება განათლების სფეროში წინსვლა ძალიან რთული იქნება. მუდმივად უნდა ხდებოდეს ახლად გამოსული ლიტერატურის თარგმნა და ახალი წიგნების მიწოდება ბიბლიოთეკებისთვის, რათა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეეძლოთ სიახლეების გაცნობა. თუმცა, შეგვიძლია გარკვეული ელემენტების დანერგვა, რასაც მატერიალური რესურსი არ სჭირდება. მაგალითად, საქმისადმი ისეთივე პასუხისმგებლობით მიდგომა, როგორც იაპონურ უმაღლეს სასწავლებლებშია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სწავლებისთვის რთული პირობებია, არსებული რესურსების ნახევრის გამოყენებაც არ ხდება. ეს ეხება პროფესორებსაც და სტუდენტებსაც.
გარდა ამისა, ჩემი აზრით, გარკვეულ დონეზე, შესაძლებელია სამაგისტრო და სადოქტორო თემებზე მოხსენებების ყოველსემესტრულად მომზადება და სტუდენტებისა და პროფესორების წინაშე განხილვის დანერგვა. კარგი იქნება, ასევე, მკვლევარ სტუდენტებს თუ გამოუყოფენ ცალკე სამუშაო ოთახს, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი მერხი ექნება. ეს საშუალებას მისცემს, მშვიდად იმუშაონ საკვლევ თემაზე. ბევრისგან გამიგია, რომ შინ უჭირთ მეცადინეობა, რადგან ოჯახში არ აქვთ საკმარისი ფართი, საკუთარი ოთახი და ხმაურის გამო რიგიანად სწავლას ვერ ახერხებენ.
– როგორია იაპონელი ხალხის ყოფა-ცხოვრება, შენი დამოკიდებულება და შთაბეჭდილებები აღმოსავლური ქვეყნის კულტურის, ტრადიციების მიმართ, განსაკუთრებით რას გამოყოფდი, როგორია, თუნდაც, იაპონური გაზაფხული? ამბობენ, რომ, განსაკუთრებულია.
– იაპონია მართლაც განსხვავებული კულტურის ქვეყანაა. რთული გასამიჯნია, რა უფრო მეტად იწვევს ჩემში აღფრთოვანებას – კულტურა თუ ხალხი. კულტურა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ამას ერთი გაზეთიც არ ეყოფა, ამიტომ, სჯობს ხალხზე ვისაუბრო. იაპონელებში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ძალიან პასუხისმგებლიანი ერია, დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის მაქსიმალურად ასრულებენ, ძალიან შრომისმოყვარენი არიან, დღეში 10-12 საათი მუშაობენ. არსებობს ტერმინი „კაროში“, რაც გადამეტებული მუშაობის შედეგად სიკვდილს ნიშნავს, დიახ, არც თუ ისე იშვიათია გადამეტებული მუშაობისგან გარდაცვალების შემთხვევები.
იაპონელი მუშაობაში ძალიან შეუპოვარია. მიაჩნია, რომ, თუ სხვას შეუძლია გააკეთოს რამე, ე.ი. მასაც შეუძლია იგივე, ხოლო თუ სხვას არ შეუძლია, მაშინ მან უნდა შეძლოს! სამსახურის მიმართ დიდი ერთგულებით და მუყაითობით გამოირჩევიან. მიაჩნიათ, რომ საკუთარი სიზარმაცით კომპანიას პრობლემა არ უნდა შეუქმნან, თან, თუ კომპანია წარმატებული არ იქნება, შეიძლება სამსახურიც დაკარგონ. ამიტომ ენერგიულად მუშაობენ. ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ და ყოველთვის თავაზიანად მიმართავენ, ცდილობენ საკუთარი სიამოვნების გამო, სხვა არ შეაწუხონ. ღამით არ ხმაურობენ და არც ტრანსპორტში უსმენენ ხმამაღლა მუსიკას, რათა ყურთსასმენებიდან გამოსულმა მცირე ხმამ გვერდით მჯდომს დისკომფორტი არ შეუქმნას. არ ანაგვიანებენ გარემოს, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში ნაგვის ურნები არ დგას, ძირს დაგდებულ ნაგავს იშვიათად წააწყდებით. რამდენჯერმე მინახავს, ქუჩაში შემთხვევით დავარდნილი მცირე ნაგავი გამვლელს წაუღია გადასაგდებად ან კუთხეში გადაუდია. ძალიან პატიოსანი ხალხია და ნაკლებად ცდილობენ სხვისი მოტყუების ხარჯზე სარგებლის მიღებას. ეს დიდ სირცხვილად მიაჩნიათ. არ არიან კონფლიქტურები. უყვართ გარემოზე ზრუნვა და თითოეულ ხეს, ბუჩქს და ყვავილს სათუთად უვლიან. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მომავლისკენ ისწრაფვიან და უცხოური კულტურაც ძალიან აინტერესებთ, არ ივიწყებენ საკუთარ წარსულს და ტრადიციებს, რომელსაც უდიდეს პატივს სცემენ. იაპონელების ეს თვისებები ძალიან მომწონს და არ იქნებოდა ურიგო მათი გადმოტანა საქართველოში.
რაც შეეხება იაპონურ გაზაფხულს, იაპონური ალუბლის, იმავე საკურას ყვავილობას, მართლაც ერთ-ერთი მშვენიერი პერიოდია იაპონიაში. წარმოიდგინეთ, უამრავი საკურა ერთდროულად ყვავის და ულამაზეს სანახაობას ქმნის. განსაკუთრებით ლამაზია პარკები, სადაც სპეციალურად მიდიან ოჯახები, მეგობრები ან წყვილები საკურას საყურებლად და პიკნიკისთვის. ასევე ულამაზესი სანახავია ღამით, მთვარის შუქით განათებული აყვავებული საკურა.
– რუბრიკის „ქართველი სტუდებნტები უცხოეთში“ სტუმრები, ძირითადად, ევროპის მოწინავე უმაღლესი სასწალებლების სტუდენტები არიან. შესაბამისად, მათი მისწრაფება ევროპისადმი განუსაზღვრელია, შენ სასწავლებლად აღმოსავლეთი აირჩიე და უკვე კარგად იცნობ აზიურ კულტურას. შენი გადასახედიდან, რომელია ჩვენთვის მისაღები – ევროპა თუ აზია?
– ვფიქრობ, აქ სხვა პასუხი არც არსებობს, უპირობოდ – ევროპა! ევროპულ ღირებულებებს არ აქვს ალტერნატივა და ჩვენს მენტალიტეტთან ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე აზიური. სამწუხაროა, რომ ეს შეკითხვა ჯერ კიდევ არსებობს, ალბათ, იმით არის განპირობებული, რომ ანტიევროპული მცირე ჯგუფები ცდილობენ, ევროპაში არსებული ნაკლოვანებებით ხალხში ევროპისადმი შიში დანერგონ. რეალურად კი ევროპაში ძალიან ბევრი სიკეთეა, რომელიც ჩვენ ქვეყანასაც დაეხმარება, ხალხსაც და კულტურასაც. ჩვენ ევროპიდან უნდა გადმოვიღოთ ის, რაც კარგია ქვეყნისთვის და შევუხამოთ ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ხასიათს. ჩემი აზრით, ყველაფრის უპირობოდ კოპირებაც არ მოგვიტანს დიდ სარგებელს.
– როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ალბათ მეტს ფიქრობს სამშობლოზე. საზღვარგარეთ გატარებულ მცირე პერიოდშიც კი სხვანაირად აფასებს საკუთარ ღირებულებებს. როგორ ფიქრობ, მიგვიღებს ევროპა ისეთებს, როგორებიც ვართ თუ ძალიან ბევრი რამის გადახედვა და გადაფასება მოგვიწევს? რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული, რაც იაპონიაში გატარებულმა პერიოდმა მოგცა?
– ევროპამ უკვე მიგვიღო. ჩვენ ისედაც ვიყავით და ვართ ევროპა. ევროპა ისეთს არაფერს გვთხოვს, რაც ჩვენს იდენტობას და ჩვენს სურვილებს ეწინააღმდეგება (როგორც ზოგიერთები ცდილობენ წარმოაჩინონ). არ ითხოვენ ჩვენი ღირებულების გადაფასებას და არავინ გვთხოვს, მაგალითად, დავემსგავსოთ გერმანიას. ჩემი გადმოსახედიდან, თავად ევროპაც არ არის ერთფეროვანი, მაგალითად, ნორვეგია-საფრანგეთი-იტალია – სამივე ევროპული ქვეყანაა, მაგრამ ძალიან განსხვავებულები. ისინი გვთხოვენ, რომ ყველა ადამიანის უფლებები იყოს თანაბრად და უმაღლეს დონეზე დაცული, კანონის წინაშე ყველა თანასწორი იყოს, გვქონდეს კვებითი პროდუქტების ვარგისიანობის და უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტები, დავიცვათ ეკოლოგია და ა.შ. არა მგონია, ამ სასარგებლო მოთხოვნებმა ზიანი მოგვიტანოს ჩვენ ან ჩვენს ღირებულებებს.
რაც შეეხება ღირებულების გადაფასებას, აქ ევროპა არაფერ შუაშია, ჩვენ თვითონ გვჭირდება, რომ შევიცვალოთ ზოგიერთი რამ. თუმცა, ეს ალბათ ჩვევებია, ვიდრე ღირებულებები. მაგალითად, უნდა შევიგნოთ, რომ სახელმწიფო ქონება ჩვენი საკუთარი ქონებაა და, მაგალითად, ტრანსპორტში ინვენტარი არ უნდა დავაზიანოთ. ყველაფერში დახმარებისთვის სახელმწიფოს არ უნდა შევყურებდეთ და საკუთარ პრობლემებს თავად უნდა ვაგვარებდეთ. დღეს ღატაკიც, მომღერალიც, ბიზნესმენიც და გლეხიც სახელმწიფოსგან ითხოვს დახმარებას და თავად ნაკლებად ცდილობს, პირადად იპოვოს გამოსავალი. ის, რომ ქუჩაში და ბუნებაში საქეიფოდ გასვლის მერე ნაგავი არ უნდა დავყაროთ, სხვის ინტერესებსაც რომ უნდა ვცეთ პატივი და ვაკეთოთ ის, რაც სხვებს დისკომფორტს უქმნის – ევროპასთან ინტეგრაციას კი არა, ჩვენ გვჭირდება – ხალხსაც და ქვეყანასაც – განვითარებისთვის.
რაც შეეხება შეკითხვას, იაპონიაში გატარებულმა პერიოდმა რა მომცა ღირებული და მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხს ახლებურად შევხედე, ამჯერად მხოლოდ ორს გამოვყოფ — თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, უნდა იყო შრომისმოყვარე და გაგაჩნდეს პასუხიმგებლობის დიდი გრძნობა. ამ საკითხების მნიშვნელობა იაპონიაში განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობა.
ესაუბრა მაკა ყიფიანი