საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ჩატარებული ლიტერატურული კონკურსის შედეგები ცნობილია

285
საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ჩატარებული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები არიან:

I ადგილი – ლელა ცუცქირიძე;

II ადგილი – ნინო ქადაგიძე;

III ადგილი – გიგა ჟვანია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ გამარჯვებულებს წარმატება  მიულოცა. სამივე გამარჯვებულს სიგელები, სიმბოლურად,  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადასცეს.

კონკურსის მიზანი იყო ისეთი საბავშვო ნაწარმოებების შერჩევა, რომლებსაც ცენტრი გამოიყენებს ეროვნულ შეფასებებში და, აგრეთვე, სხვა პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ტესტირების დროს. კომისიამ განიხილა ყველა წარმოდგენილი ნაწარმოები და შეაფასა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: მხატვრული ღირებულება; ასაკობრივ კატეგორიასთან შესაბამისობა; ეროვნული შეფასებების მიზნებისათვის ფორმატის შესაბამისობა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად, ლიტერატურული კონკურსი 17 მარტს გმოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საკონკურსოდ, ორი თვის განმავლობაში, მიიღებოდა აქამდე გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ნაწარმოებები. ნამუშევრები განკუთვნილი უნდა ყოფილიყო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის. დაწყებითი სასკოლო ასაკის მიუხედავად, ტექსტები არ უნდა ყოფილიყო გამოკვეთილად დიდაქტიკური ხასიათის.

გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებით:

⏩ I ადგილი – 1500 ლარი

⏩ II ადგილი – 1000 ლარი

⏩ III ადგილი – 500 ლარი

გასათვალისწინებელია, რომ თითოეული შერჩეული ნაწარმოების საჯარო სივრცეში რაიმე სახით გამოქვეყნება, სასკოლო შეფასების მიზნით გამოყენებამდე, არ არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ სრულფასოვნად მომზადდეს სხვადასხვა სახის ტესტური დავალებები, ცენტრი იტოვებს ტექსტების ადაპტირების უფლებას (ავტორის მითითებით).

დატოვეთ კომენტარი