27 ივლისი, შაბათი, 2024

საუკეთესო „მრჩეველი“ დიფერენცირებული გაკვეთილის დასაგეგმად

spot_img

თამარ ქათამიძე

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

სანამ დიფერენცირებულ გაკვეთილს დავგეგმავდეთ, აუცილებელია, შევაგროვოთ ინფორმაციები მოსწავლეთა ნიჭის, ემოციების, ინტერესების, გამოცდილებისა და სწავლის სტილის შესახებ. ამისათვის სხვადასხვა საშუალება არსებობს, მაგრამ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, გირჩევთ, გამოიყენოთ „მოსწავლის ინტერესების აღრიცხვის კითხვარი“ მ. ხუნძაყიშვილისა და ს. ბრივერის წიგნიდან „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“. მცირე კორექტირების შემდეგ (მოვარგე მოსწავლეთა ასაკს), კითხვარი, სასწავლო წლის დასაწყისში, შევიტანე ჩემთვის უცნობ III კლასში. ახალმა აქტივობამ პატარებს ხალისი და მოტივაცია შეჰმატა, მე კი მომცა საჭირო ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ. აქვე აღვნიშნავ, რომ კითხვები მარტივი იყო და ეხებოდა მოსწავლეებისათვის ნაცნობ თემებს, თანაც უმეტესობას ახლდა სავარაუდო (შემოსახაზი) პასუხებიც, მაგ.: რომელია შენი საყვარელი საგანი? რით ხარ დაკავებული სკოლის შემდეგ? სპორტის რომელი სახეობა მოგწონს? წყვილებში მუშაობა გირჩევნია, ჯგუფებში თუ ცალკე? და სხვა. კითხვარის გაანალიზებამ აჩვენა, რომ სპორტი და მუსიკა ცამეტივეს უყვარს, ჯგუფურად მუშაობა – ათს, სამ მესამეკლასელს კი გაკვეთილზე დავალებების შესრულება ინდივიდუალურად ურჩევნია. დასახატი დავალებები ყველას მოსწონს, წერას ზეპირად პასუხს ამჯობინებენ. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შევადგინე „სასწავლო მენიუ“ და დავგეგმე დიფერენცირებული გაკვეთილი.

სასწავლო მენიუ – მიზანი: ტექსტის გაგება-გააზრება, ყველა მოსწავლის აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში (სწავლის სტილის, ინტერესებისა და მზაობის გათვალისწინებით).

თემად ავირჩიე იგავი „წერო და მელა“. თავდაპირველად, მოსწავლეებს გავაცანი სასწავლო მენიუს ცნება და მისი გამოყენების პირობები, მივაწოდე ზუსტი ინსტრუქციები დავალებებისა და შესასრულებლად გამოყოფილი დროის შესახებ. მოსწავლეები ხალისით ჩაებნენ დავალების შესრულებაში, რადგან მათ ჰქონდათ არჩევანის საშუალება და არ იყვნენ შეზღუდულები დროში. ყველა დავალება არ იყო სავალდებულო, შეეძლოთ, ინდივიდუალურად ემუშავათ ან წყვილებში, კითხვაზე პასუხი გაეცათ ზეპირად ან წერილობით. აქტივობის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ვაკვირდებოდი, ვეხმარებოდი, ვისაც სჭირდებოდა, ვპასუხობდი კითხვებს. ბოლოს კი ყველა მათგანს მივეცი უკუკავშირი. აქტივობის მნიშვნელოვანი დადებითი მხარე ის იყო, რომ მან უზრუნველყო ყველა მოსწავლის აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.

სასწავლო მენიუ

საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა

თემა – „წერო და მელა“

კლასი – III                                                                               

  1. ძირითადი კერძი (სავალდებულო) – უნდა შეასრულო ორივე დავალება
  2. მოიფიქრე და დაწერე, ან ზეპირად გვითხარი ერთი მცდარი და ერთი ჭეშმარიტი წინადადება იგავიდან.
  3. როგორ გამოიყენებ წაკითხულს ცხოვრებაში?
  4. სალათი (არჩევითი) – უნდა შეასრულო ჩამოთვლილთაგან ერთი დავალება მაინც. შეგიძლიათ, იმუშაოთ ინდივიდუალურად ან წყვილებში.
  5. ვინ არის ამ იგავის ავტორი?
  6. დახატე იგავის ერთი ეპიზოდი.
  7. მოიფიქრე იგავის განსხვავებული სათაური.

III. დესერტი (არასავალდებულო) – მოცემული დავალებებიდან შეგიძლია შეასრულო ერთი, ორი, ან – არც ერთი.

  1. საიდან ვიგებთ, რომ „წერო და მელა“ იგავია?
  2. კიდევ რომელი იგავი იცი?
  3. მოიფიქრე და დაწერე, ან გვიამბე იგავის განსხვავებული დასასრული!

ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შესრულებული ნამუშევარი

„მოსწავლის ინტერესების აღრიცხვის კითხვარზე“ დაყრდნობით დიფერენცირების არაერთი ინსტრუმენტის გამოყენება შეგვიძლია, როგორიცაა: „სასწავლო გაჩერებები“, „კითხვები ინტერესების მიხედვით“, „შეარჩიე საკითხავი მასალა“ და სხვა. მე მხოლოდ ერთ მათგანზე შევაჩერე თქვენი ყურადღება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მ. ხუნძაყაშვილი, ს. ბრივერი, „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2018;
  2. ნ. ლომაძე, „სასწავლო მენიუ – დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტი“, maswavlebeli ge. 26 ნოემბერი. 2020.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები