16 ოქტომბერი, შაბათი, 2021

სასწავლო წლის გახანგრძლივება არ იგეგმება

spot_img

არსებული სტატისტიკის მიხედვით, სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები ზრდადია, თუმცა, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, ეს მაჩვენებლები იმ ნიშნულზე ჯერ მაინც არ არის, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდეს: „ინფიცირების მაჩვენებელი მასწავლებლების შემთხვევაში 0,1%-ია, მოსწავლეების შემთხვევაში – 0,3%, რაც იმაზე მაღალია, ვიდრე გუშინ იყო, მაგრამ ეს არ არის ის სტატისტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ სკოლებთან მიმართებაში გარკვეული მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ. თუმცა, ჩვენ ვართ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მის გადაწყვეტილებებს“.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, გახანგრძლივდა დასვენების დღები და სკოლები სწავლის განახლებას 13 მაისს შეძლებენ. ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საჯარო სკოლებში სასწავლო წელი, ტრადიციულად, 15 ივნისს დასრულდება. მთავრობის მიერ გამოცხადებულ დასვენების დღეებს კი, სკოლები ინდივიდუალური გრაფიკით აანაზღაურებენ.

„მინდა ვუთხრა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, რომ სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს, იმ დღეს, რა დღესაც ტრადიციულად სრულდება ხოლმე. შესაბამისად, სწორედ იმ 6 სასწავლო დღესთან დაკავშირებით, რომელიც დასვენების დღედ გამოცხადდა, უკვე მომზადებული რეკომენდაციები დაეგზავნათ სკოლებს“. მისივე თქმით, რეკომენდაციებში საუბარია იმაზე, თუ როგორ მიაღწიონ იმ მიზნებს, რომელიც თითოეულ სკოლას ჰქონდა დაგეგმილი. რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ეძლევათ უფლება, ინდივიდუალურად დააორგანიზონ ეს ყველაფერი, თავადვე განსაზღვრონ როგორ გამოიყენონ საგაკვეთილო პროცესი, მაგალითად, რამდენიმე საათის დამატებით თუ შაბათი დღის გამოყენებით. მთავარია, სასწავლო დღეებისა და საათების გამოყენებით, მიაღწიონ დაგეგმილ შედეგს. „დეტალურად გაწერილი რეკომენდაციები ყველა სკოლას მიეწოდა. დარწმუნებული ვარ, ისინი ინდივიდუალურად იმუშავებენ სასწავლო გეგმის გარშემო და 15 ივნისს ყველა სკოლა ჩვეულ რეჟიმში დაასრულებს სასწავლო პროცესს“, – აცხადებს ეკატერინე დგებუაძე.

რაც შეეხება მასწავლებელთა ვაქცინაციას, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მათ მიერ უკვე აღირიცხა 55 წელს ზევით მყოფი ასაკის 30 000-მდე სკოლის პედაგოგი და 10 000-მდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგი, რომლებსაც ეკუთვნით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მინისტრის განმარტებით, პედაგოგთა ვაქცინაცია საგრძნობლად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ გაგრძელებს. რაც შეეხება მოსწავლეებისთვის დაწესებულ რეგულაცებს, მისივე განცხადებით, უწყების მიერ არ იგეგმება ისეთი რეგულაციების გადახედვა, როგორიცაა მოსწავლეებისთვის, გარკვეული ასაკის ზევით (მე-4 კლასიდან ზევით), პირბადის სავალდებულოდ ტარება. „ეს არის ისეთი რეგულაციები, რომლის გადახედვაზე მსჯელობაც ძალიან რთულია ეპიდემიის პირობებში, ვინაიდან პირბადე არის თითქმის ერთადერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც ჩვენ დღეს საუკეთესოდ გვიცავს. თვითონ სასწავლო პროცესის გამართულობისთვის რაც იგეგმება და რაც ჩვენ უკვე დავიწყეთ განთლების სამინისტროსთან ერთად, ეს არის პედაგოგების იმ ჯგუფის ვაქცინაცია, რომელსაც დღესდღეობით, ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, ეკუთვნის ვაქცინა. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ამ პირების ვაქცინაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ გაგრძელებას. ბავშვების შემთხვევაში, ჩვენ კვლავ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება – სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და პირადი ჰიგიენა, რაზეც უკვე ადგილზე უნდა იზრუნოს სკოლამ და პედაგოგმა“, – განაცხადა მინისტრმა.

ყოველკვირეული სტატისტიკა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს, თანდათან მზარდია და მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით, დისტანიურ სწავლებაზე გადასვლის მსურველი სკოლების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, ასევე იზრდება ცალკეული კლასების რაოდენობაც. მათ რიცხვს ემატება რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებმაც პირადად მიმართეს სკოლებს თხოვნით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

დღევანდელი მდგომარეობით, სტატისტიკა ასე გამოიყურება: სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება, ასევე დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით, 133 პედაგოგი რჩება.

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები