4 დეკემბერი, ორშაბათი, 2023

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის როლი მოსწავლის განვითარებისათვის

spot_img

შორენა ალუღიშვილი

ქ. დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი

პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო კონცეფცია ხელს უწყობს ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა თუ მოთხოვნებს უპასუხებს. ზოგადი განათლების მიზანია:

მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბება;

მისი აუცილებელი ცოდნით აღჭურვა და მასში კულტურულ მემკვიდრეობის/ ფასეულობათა პატივისცემის გრძნობის გაღვივება.;

ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

ამ მიზნის მიღწევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება სკოლას, რომელმაც მოსწავლეს უნდა განუვითაროს საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი განვითარება-გამოვლენის, ინფორმაციის მოპოვების, დახარისხების, ინტერპრეტაციისა და ტრანსფერის, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებითობის უმნიშვნელოვანესი უნარები.

პიროვნების აღზრდა და მისი ჰარმონიული განვითარება  მრავალფეროვანი მეთოდებით და სტრატეგიებით არის შესაძლებელი. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო, მოსწავლეების მაღალი ჩართულობით გამორჩეული აქტივობაა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სასწავლო მეთოდი სხვადასხვა საგნების სწავლების პროცესში. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული სასკოლო ღონისძიება – თემატური ექსკურსიის სახით, ამა თუ იმ საკითხის ფუნდამენტურ შესწავლას, მოსწავლის თვალსაწიერის გაფართოებასა და მასში მრავალმხრივი უნარების განვითარებას გულისხმობს და პირდაპირ კავშირშია ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან.  გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. რაოდენ აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი გარემოც არ უნდა იყოს საკლასო ოთახში, ფორმალურ გარემოში შეძენილი ცოდნა და განვითარებული უნარები მაინც არ არის საკმარისი, ლიმიტირებულია.

კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, გამოფენებზე, მწერალთა სახლ-მუზეუმებში, ისტორიულ/ბუნებრივი ძეგლისა თუ მუზეუმის მონახულება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, ვიზუალურად აღიქვან ესა თუ ის ობიექტი და საკლასო სივრცის გარეთ შეიგრძნონ და განიცადონ ნასწავლი მასალა. ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ ახალ ცოდნას, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას, განივითარებენ კვლევით უნარ-ჩვევებს, სოციალურ და თანამშრომლობით, სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების, დამოუკიდებლობისა და შემოქმედებით  უნარებს. ამავდროულად ექსკურსია საუკეთესო საშუალებაა პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისათვის.

ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი, ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის  პრინციპის განხორციელებას:

♦ სწავლა-სწავლება ხელს უწყობს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას (მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სკოლაში და სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას);

♦ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს – მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის ხელშესაწყობად (ექსკურსია სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა სწავლის ხელშესაწყობად);

♦ მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე (ექსკურსიის დროს მოსწავლეებს უვითარდებათ პიროვნული თვისებები, ზრუნავენ ერთმანეთზე, სხვადასხვა პიროვნებებთან ურთიერთობებით უვითარდებათ სოციალური უნარები).

სწორად დაგეგმილი ექსკურსია მაქსიმალურად ეფექტურია, საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულებების მატარებელი. ექსკურსიაზე მიღებული გამოცდილება უფრო მყარი და ეფექტურია, ვიდრე იგივეს შესახებ საუბარი/წაკითხვა ფორმალურ განათლებაში. თუ ახალგაზრდა თაობას არ ვანახებთ მშობლიური ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს, საკუთარი ქვეყნის გაუცხოებაც აქედან დაიწყება. ექსკურსია მხოლოდ გართობას და დასვენებას არ ემსახურება – ბავშვები უკეთ ეცნობიან სამშობლოს და მისდამი სიყვარული უღვივდებათ.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები