ეკატერინე ნებიერიძე
სსიპ ქალაქ ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
მასწავლებლისთვის უმთავრეს მიზანსა და საზრუნავს წარმოადგენს ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარება. სასწავლო რესურსი კი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია გაკვეთილის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მისი მრავალფეროვნება განაპირობებს მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას, რაც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების მიზნების მიღწევას.
უცხოური ენის მასწავლებელს, განსაკუთრებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან, გამუდმებით უწევს ფანტაზიის გამოვლენა/გააქტიურება, რათა მის მიერ შექმნილი რესურსი იყოს მრავალფეროვანი, საინტერესო, სახალისო და ეფექტიანი ყველა ტიპის დამსწავლელთათვის.
მინდა გაგიზიაროთ რესურსი „სამკუთხა თავსატეხი“, რომელიც დავამზადე მრავალჯერადი გამოყენებისთვის. რესურსი წარმოადგენს გეომეტრიულ ფიგურას, ამ შემთხვევაში სამკუთხედის ფორმის თავსატეხს. პატარა სამკუთხედებისგან შემდგარი თავსატეხის გამთლიანება ხდება მათი შეერთების ხაზის ორივე მხარეს დატანილი დავალების დეტალების შეკავშირებით. შესაძლოა, რამდენიმე ნაწილად გაყოფილი „თავსატეხის“ აწყობაზე მოსწავლეებმა იმუშაონ ჯგუფებში და შემდეგ გაამთლიანონ. რესურსი არის მაგნიტური და მოსახერხებელია დაფაზე მისამაგრებლადაც.
რესურსის გამოყენება შეგვიძლია სხვადასხვა მიზნით, იმის მიხედვით თუ რა მონაცემებს დავიტანთ მასზე. ჯიბაკები საშუალებას გვაძლევს მიზნის შესაბამისად ვცვალოთ შესაკავშირებელი ასო-ბგერები, მარცვლები, სიტყვები, წინადადებები თუ გრამატიკული ერთეულები.
აღნიშნული თავსატეხი წარმოადგენს რესურსს, რომელიც (სხვადასხვა შინაარსიდან გამომდინარე) მოსწავლეებს უვითარებს კითხვის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის, არჩევნის გაკეთების, თანამშრომლობით და სხვა უნარებს. ეხმარება მათ ცოდნის მობილიზებასა და განმტკიცებაში.
თავსატეხის აგებით შეგვიძლია სათანადო სასწავლო მიზნებზე გასვლა.
რა მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ რესურსი:
- კითხვის სწავლებისას (დეკოდირება);
- ლექსიკური ერთეულების განსამტკიცებლად/შესასწავლად;
- ტექსტის დამუშავებისთვის;
- ტექსტის გაგება-გააზრებისთვის;
- გრამატიკული მასალის შესასწავლად/განსამტკიცებლად.
შედეგები, რაც ამ რესურსის გამოყენებას მოყვება:
- მოსწავლეები განიმტკიცებენ ნასწავლ ლექსიკურ-გრამატიკულ ერთეულებს;
- გამოუმუშავდებათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის უნარი;
- ტექსტის გაგება-გააზრების უნარი;
- განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები;
- გაიზრდება მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.
თემის შინაარსიდან გამომდინარე, მიზნის შესაბამისად, შეგვიძლია შევქმნათ შემდეგი სახის თავსატეხები:
- ანბანის შესწავლის პერიოდში, დიდი ასოების პატარა ასოებთან დაკავშირება;
- მარცვლების ერთმანეთთან დაკავშირება სიტყვების შესადგენად;
- სიტყვებისა და მათი განმარტებების დაკავშირება;
- კითხვისა და მისი პასუხის ერთმანეთთან დაკავშირება;
- წინადადების დასაწყისისა და დასასრულის შეერთება;
- ფრაზული ზმნების, სიტყვათშეთანხმების შემადგენელი ნაწილების დაკავშირება.
რესურსი არის ინტერდისციპლინარული და შეიძლება გამოიყენონ სხვა უცხოური ენებისა და ქართული ენის მასწავლებლებმა, ისტორიის (მაგ.: მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღებისა და მოვლენების დასაწყვილებლად), ქიმიის მასწავლებლებმა (მაგ.: პერიოდულობის სისტემის შესწავლისას, ქიმიური ელემენტებისა და მათი სიმბოლოების შესაკავშირებლად) და ა.შ.