27 ივლისი, შაბათი, 2024

სასწავლო რესურსების გამოყენება უცხო ენის გაკვეთილზე

spot_img
ირინე ხაიკაშვილი
სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

სწავლების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. მრავალფეროვანი მასალის გამოყენება გაკვეთილს ხდის საინტერესოს, მოსწავლეებს პოზიტიურად განაწყობს, უადვილებს სწავლებას და ამდიდრებს სასწავლო პროცესს, უღვივებს მათ მოტივაციას და ეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში.

სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და, ამავდროულად, უნდა იყოს საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული. მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს ისეთი სასწავლო რესურსით, რომელიც მოსწავლეებს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას მისცემს, ასევე, აუცილებელია, ყველა რესურსი მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე იყოს მორგებული.

საგანმანათლებლო რესურსი მასწავლებელს ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებაში ეხმარება. მან უნდა იხელმძღვანელოს არსებული საგნობრივი სტანდარტით, პროგრამის შინაარსით და, მასზე დაყრდნობით, შეძლოს სასწავლო რესურების მოძიება და მომზადება.

რესურსების მოძიება დღეს დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან, საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით, ადვილად შესაძლებელია, ჩვენთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია და მასალა მოვიძიოთ, რომელსაც საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებთ. რესურსის სახით მოსწავლეებს შეიძლება ვაჩვენოთ ვიდეო, ანიმაცია, ფილმები და სხვა. ინტერნეტის საშუალებით როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს შეუძლიათ მოიძიონ მრავალფეროვანი მასალა სხვადასხვა თემის თუ საკითხის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს გაკვეთილის მსვლელობას, ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას, რაც მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო და მიმზიდველია.

ფილმების ჩვენება მოსწავლეს ეხმარება პროცესის უკეთ აღქმასა და მასალის გააზრებაში. ამ დროს მოსწავლე შეძლებს უფრო თვალნათლივ დაინახოს და განსაზღვროს პრობლემის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები, განიხილოს მოსალოდნელი შედეგები, დააკავშიროს რეალობასთან და დასახოს პრობლემის თავიდან არიდების ან გადაჭრის გზები.

გასათვალისწინებელია, რომ რესურსით სწავლება ყოველთვის სახალისოდ და აქტიურად წარმართავს სწავლების პროცესს. ამ დროს ნაკლებად აქტიური მოსწავლეებიც კი ცდილობენ, მონდომებით ჩაერთონ პროცესში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ მასში. მრავალფეროვანი რესურსებით სწავლებისას ყველა მოსწავლე ახერხებს ყურადღების კონცენტრირებას შესასწავლი მასალის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მოსწავლეს სწავლის პროცესისადმი განსხვავებული და ინდივიდუალური მიდგომა აქვს.

როგორც უცხო ენის მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობისას, ხშირად ვაწყდებოდი ენის შესწავლისას წარმოქმნილ სირთულეებსა და პრობლემებს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, მოსწავლეებთან ერთად, შემექმნა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები. მათი შექმნის მიზანი იყო, მოსწავლეებს შინაარსთან კონტექსტში ინტეგრირებულად გამოეყენებინათ შეძენილი ენობრივი ცოდნა და უნარები.

ამის გათვალისწინებით, შევეცადე, მათი შესაძლებლობები და უნარები შეძლებისდაგვარად გამეთვალისწინებინა. რესურსების შექმნისას მოსწავლეები ჯგუფურ სამუშაოებში ჩაერთნენ, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობითი სწავლების განმტკიცებას. აღნიშნული რესურსი შევქმენით პროგრამით გათვალისწინებული მასალის შესწავლის შემდეგ, რამაც მოსწავლეებს ცოდნის განმტკიცების შესაძლებლობა მისცა.

ჩემ მიერ შექმნილი სასწავლო ელექტრონული რესურსი მიზნად ისახავდა მთელი კლასის სამუშაო პროცესში ჩართვას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. მეოთხე კლასისთვის განკუთვნილი სტარტერის სახის რესურსით მთელი კლასი აქტიურად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. გადავწყვიტე, შემექმნა რესურსი გრამატიკული თემისთვის to do ზმნა – აწმყო დროში და შევარჩიე შაბლონი, რომელშიც მოსწავლეებს სიტყვები უნდა ჩაესვათ. გამომდინარე იქიდან, რომ ზმნა რთული მეტყველების ნაწილია, მოსწავლეებს საკმაოდ უჭირთ ამ საკითხში გარკვევა. ამასთანავე, to do ზმნა დამოუკიდებელი მნიშვნელობის ზმნაა, რომელიც ნიშნავს – კეთებას, ასევე ის დამხმარე ზმნის როლსაც ასრულებს აწმყო მარტივ დროში, კითხვითსა და უარყოფითი ფორმების წარმოებისას წინადადებაში. ამ ზმნის ორი ფუნქციის ერთმანეთისგან გარჩევა, ხშირად, მოსწავლეებისთვის სირთულეს წარმოადგენს. სწორედ ამ სირთულის დაძლევის მიზანმა განაპირობა რესურსის შექმნა და მისი თემის განსაზღვრა. საბოლოოდ, რესურსმა მოსწავლეებს მისცა საშუალება, მარტივად აეთვისებინათ მოცემული მასალა და გაზრდილიყო საკითხისადმი ინტერესი.

სასწავლო რესურსის საგაკვეთილო პროცესში გამოყენებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას და ცოდნის განმტკიცებას, თანამშრომლობითი სწავლების ხელშეწყობას. გუნდურობის პრინციპების დაცვით, მოსწავლეებმა შეძლეს თავიანთი უნარების გამოვლენა და რეალიზება. მათ უკეთ აღიქვეს ვიზუალურად გაფორმებული ინფორმაცია, შეძლეს საკითხზე დაკვირვება, გაანალიზება და წერის უნარ-ჩვევის გაუმჯობესება. ილუსტრირებულმა ტექსტმა მოახდინა მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრირება, რაც მათ შინაარსის უკეთ გაგებაში დაეხმარა. ჩემ მიერ გამოყენებულმა სასწავლო ელექტრონულმა რესურსმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას და მოტივაციის ამაღლებას.

აღნიშნული რესურსის საგანმანათლებლო მიზანიც სწორედ ეს გახლდათ. შედეგად, სწავლის პროცესი ხალისიანი და საინტერესო აღმოჩნდა და საგაკვეთილო პროცესი მთლიანად მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების აქტიური გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა მოტივირება და სწორი საკლასო მენეჯმენტი არის მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების წინაპირობა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები