27 ივლისი, შაბათი, 2024

სასწავლო რესურსების გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე

spot_img
ნინო გოჩაშვილი
სსიპ თბილისის №74 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

თანამედროვე სამყაროში ინგლისური ენის მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება ამ კუთხით სწავლა-სწავლების პრიორიტეტს წარმოადგენს.

გაკვეთილის ეფექტიანად დასაგეგმად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სწავლა-სწავლების პროცესში შესაბამისი სასწავლო რესურსების გამოყენება. რესურსებით სწავლება სასწავლო პროცესს ყოველთვის უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის. ამ დროს, ნაკლებად აქტიური მოსწავლეებიც ინტერესით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში და ცდილობენ, იყვნენ მეტად აქტიურები.

გარდნერის „მრავალმხრივი ინტელექტის“ თეორიის მიხედვით, შესაძლებელია დასწავლის სამი ტიპის გამოყოფა: აუდიალური, ვიზუალური და კინესთეტიკური. სწორედ ამ თვალსაზრისით, პედაგოგი უნდა ეცადოს, სასწავლო რესურსები ისე შეარჩიოს, რომ სამივე დასწავლის ტიპის ბავშვებისათვის მისაღები და საინტერესო იყოს. ინგლისური ენის შესწავლისათვის სხვადასხვა რესურსის გამოყენებაა შესაძლებელი, რაც მრავლადაა ინტერნეტსივრცეში, თუმცა, უნდა შეგვეძლოს რესურსის სწორად შერჩევა რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით: მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი, მასალის შინაარსი, უსაფრთხო ლინკები. ინტერნეტრესურსების გამოყენება უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის სწავლისა და სწავლების პროცესს. ინგლისურის გაკვეთილი უფრო მეტად მიმზიდველი ხდება მოსწავლეებისათვის, როდესაც იგი ინტეგრირებულია ისტ-თან. სხვადასხვა ისტ რესურსის გამოყენება – ვიდეო და აუდიომასალა, პრეზენტაციები და სხვადასხვა საიტები – სასურველი შედეგის განმაპირობებელია. ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეს უვითარდება ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, მართვის, დამუშავების, შეფასებისa და ანალიზის უნარი.

სასწავლო პროცესში გამოიკვეთება ორი ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი: თვალსაჩინოებები და ციფრული ტექნოლოგია (თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სასწავლო რესურსები,როგორებიცაა: სახელმძღვანელოები, ბიბლიოთეკა, თეატრი, პოსტერები და ა.შ. – ნაკლებად მნიშვნელოვანია). ეს ორი რესურსი, თავის მხრივ, შედის გამჭოლ კომპეტენციებში – სემიოტიკურ კომპეტენციასა და ციფრულ წიგნიერებაში. ციფრულ წიგნიერებაში შეგვიძლია გავაერთიანოთ უამრავი ინტერნეტრესურსი, დამატებითი ლიტერატურა, საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები, ფილმები და ვიდეოები. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას.

მე, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, გაკვეთილზე ხშირად ვიყენებ ელექტრონულ რესურსებს, მოსწავლეებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თამაში – „Kahoot“-ით სწავლება. აღსანიშნავია, რომ Kahoot წარმოადგენს ონლაინ თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო პლატფორმას. Kahoot-ის სასწავლო ქვიზები და თამაშები გაკვეთილს უფრო ხალისიანს ხდის, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალურია. თამაშის პრინციპი მარტივია: თამაშისათვის საჭიროა ვიდეოპროექტორი ან მონიტორი. მოსწავლეები იყენებენ სმარტფონებს ან კომპიუტერს, რომლის ეკრანზეც გამოჩნდება ფერადი ფიგურები. მოსწავლემ სწრაფად უნდა აირჩიოს სწორი პასუხის შესაბამისი ფიგურა. თამაში შეჯიბრებითობის პრინციპითაა აგებული და მიღებულ ქულებსაც მაშინვე ნახულობენ მოსწავლეები, რაც თამაშს უფრო აზარტულს ხდის. ამ მეთოდით მოსწავლეები ადვილად სწავლობენ ახალ სიტყვებსა თუ საკითხებს და ზოგად განათლებასაც იღებენ.

Kahoot-ის ონლაინ პლატფორმას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. დადებით მხარეებად მიიჩნევა შემდეგი:

  • მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა;
  • თამაშის შეჯიბრობითობის პრინციპი;
  • მრავალფეროვანი თემატიკა.

უარყოფით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ:

  • მოსწავლეთა დამოკიდებულება თამაშზე;
  • მოსწავლეთათვის ნაცნობი საკითხების განმეორებითობა;
  • სამეტყველო აქტივობების შემცირება.

Kahoot-ის ონლაინ პლატფორმის შესახებ, საკუთარი გამოცდილებიდან და მოსწავლეების შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ:

  • Kahoot-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესს ხალისიანს ხდის;
  • მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალურია;
  • მოსწავლეებს ვთავაზობთ მრავალფეროვან, საინტერესო თემატიკას;
  • მოსწავლეები სწავლობენ სხვისი გამარჯვების აღიარებას;
  • ცდილობენ საკუთარი ცოდნით გამარჯვების მოპოვებას;
  • თამაშისას დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას;
  • ვიზუალური მასალით მარტივად იმახსოვრებენ უცხო სიტყვებს.

ინტერნეტსივრცეში კიდევ მრავალი საინტერესო სასწავლო რესურსია, რომელთა გამოცდა-გამოყენებასაც ვგეგმავ გაკვეთილებზე, რაც სასწავლო პროცესს გახდის სახალისოს, შემეცნებითსა და მოსწავლეებისთვის მამოტივირებელს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1) ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 16 დეკემბერი, 2022.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები