ნოდარ ხარაზიშვილი
გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის დირექტორი
ჩვენი კოლეჯი მულტიდისციპლინურ პროგრამებს ახორციელებს, ერთი მიმართულების პროგრამები არ გვაქვს. ამიტომ შეფერხება მხოლოდ საერთო რეგულაციებით იყო გამოწვეული, მათ შორის, აკადემიური არდადეგებით. შემდეგ უკვე ყველა პროგრამაზე სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, ჩამორჩენის აღმოფხვრა კოლეჯში დაბრუნების შემდეგ შევძელით. 15-ივე პროგრამაზე — აიტი მიმართულებები, საფინანსო სერვისები, ბუღალტერია, სამკერვალო წარმოება… — პრაქტიკულ სწავლებას კოლეჯშივე ვახორციელებთ.
მოგეხსენებათ, მოდულურ პროგრამებზე შედეგებით ხდება დადასტურება, ესეც ჩვენთან გავიარეთ, რადგან პარტნიორი ორგანიზაციები, რეგულაციის გამო, არ მუშაობდნენ.
მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებელია სასწავლო პროცესის ისე დაგეგმვა, რომ იგი ერთნაირად კომფორტული იყოს პროფესიული მასწავლებლისა და სტუდენტისათვის. ამიტომ რაღაც მოდულები შესაძლოა ონლაინ სწავლებაზე დავტოვოთ, ამას გამოკითხვით გადავწყვეტთ. ისეთი შემთხვევაც გვქონდა, როცა სტუდენტები კოლეჯიდან ერთვებოდნენ ონლაინ ლექციებში ან პედაგოგი იყო თვითიზოლაციაში და ვისაც საიდან შეეძლო (სახლი, კოლეჯი), ისე ისმენდა ლექციებს. ამ სასწავლო წლისთვის ვიდეოლექციების ბაზაც შევქმენით და თუ სტუდენტი დათქმულ დროს რაიმე მიზეზით ვერ დაესწრება ლექციას, დღის ნებისმიერ დროს შეძლებს გაცდენილი ლექციის მოსმენას. ასე რომ, ჩვენ ყოველმხრივ მზად ვართ, სწავლების ის რეჟიმი აღვადგინოთ კოლეჯში, რაც 2019 წლამდე გვქონდა, მით უმეტეს, რომ, დამატებით, ბევრ გარემოებაზე ვადაპტირდებით.
სასიხარულოა, რომ პანდემიის პერიოდში ერთიორად გაიზარდა პროფესიული განათლებისადმი ინტერესი. ჩვენთან, წელს, 1200-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა. გარკვეულ პროგრამებზე კონკურსიც კი იყო — ერთ ადგილზე 14, 3, 7, 8 აპლიკანტი.
წარმატებებს და კარიერულ წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს.
ბელა ავალიშვილი
პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ დირექტორი
კოლეჯი „ოპიზარი“ 25 მოდულურ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. მათ შორის ოთხი დუალურია, ხოლო სამი — ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირებით. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დიპლომი.
ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამაზე სწავლა გულისხმობს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად, სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობასა და პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად, პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომთან ერთად, ზოგადი საშუალო განათლების საპირწონე დოკუმენტის მიღებას.
დუალური სწავლება კი გულისხმობს პრაქტიკულ ნაწილს ან ძირითადი მოდულების 50%-ზე მეტის გავლას საწარმოში. სწორედ ამიტომ, სწავლის დასრულებისთანავე, მათ შეუძლიათ სრულფასოვნად ჩაერთონ სამუშაო პროცესში. შესაბამისად, შრომის ბაზარზე ასეთი პერსონალი მეტად კონკურენტუნარიანია.
გასულ წელს კოვიდ 19-მა ახალი რეალობის წინაშე დააყენა მსოფლიო, გამონაკლისი არც კოლეჯი „ოპიზარია“. პროგრამები, რომელთა გავლა დისტანციურ რეჟიმში იყო შესაძლებელი, უპრობლემოდ დაიძლია, მაგრამ ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგი პროგრამებისა ვერაფრით განხორციელდება ონლაინ პლატფორმით, არის პროფესიები, რომელთა ათვისება მხოლოდ კეთებით სწავლების საფუძველზეა შესაძლებელი. ჩვენ, ამ მხრივ, რაიმე განსაკუთრებული ჩამორჩენა არ გვქონია. რადგან პანდემიის პერიოდში სამშენებლო სექტორი არ გაჩერებულა, ამიტომ არც საგზაო მშენებლობის დუალურ ჯგუფებს შეუწყვეტია სწავლა; მაგრამ სასტუმრო სექტორის სრულად გაჩერებამ ავტომატურად შეაჩერა სწავლა სასტუმრო საქმის დუალურ პროგრამაზე. ამ სფეროში ჩვენ ორი პარტნიორი გვყავს და მოგვიანებით, სტუდენტებმა პრაქტიკული მეცადინეობა მხოლოდ ერთ სასტუმროში გაიარეს. ასე რომ, ჩვენს სტუდენტებს სერიოზული ჩამორჩენა პანდემიის გამო ნამდვილად არ ჰქონიათ. ყველა პროგრამა სრულყოფილად გავიარეთ, თეორიული თუ პრაქტიკული ნაწილით.
ახალი სასწავლო წლისთვის გადაიხედა სასწავლო მოდულები, რათა საჭიროების მიხედვით შევძლოთ სწავლების შერეული მეთოდის დანერგვა; გამოკითხვით დავადგინეთ, რომ პედაგოგებსა და სტუდენტებს აქვთ ტექნიკასთან წვდომა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი. გარდა ამისა გაფართოვდა კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მომზადებას უზრუნველყოფს. მხედველობაში მაქვს ექსპლუატაციაში შესული 4 ახალი სახელოსნო, USAID-ის პროექტ „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, სათბურის მონტაჟი; ინოვაციური იდეების განხორციელების მიზნით, შეიქმნა და წარმატებით მუშაობს „სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია“, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ეხმარება ყველა პროფესიის სტუდენტს საკუთარი კრეატიული იდეების რეალიზებაში; კოლეჯში ფუნქციონირებს საერთაშორისო ამერიკული CISCOS აკადემია და ბიბლიოთეკა, რომელიც აღჭურვილია მატერიალური და ელექტრონული წიგნადი ფონდით, კოლეჯი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
მიმდინარე წელს საგრძნობლად იმატა კოლეჯისადმი ინტერესმა, რაც ციფრებში ასე გამოიხატა — 390 ადგილზე (22 საგანმანათლებლო პროგრამა) 881 აპლიკანტი დარეგისტრირდა. პროფესიულ სტუდენტთა შერჩევის მეთოდოლოგიასა და ჩარიცხვის წესში შესულმა ცვლილებებმა კოლეჯს სწავლისთვის მნიშვნელოვანი კომპეტენციების ეფექტიანად გაზომვის მეტი თავისუფლება მისცა. ამიტომ, უფრო მეტად მოტივირებულ სტუდენტებს ველოდებით.