სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკაშირებით გადაწყვეტილება მიღებულია

456

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა: მინდა ვისაუბრო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით. როგორც უკვე იცით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღები არ იფუნქციონირებენ 4 ოქტომბრამდე და შემდეგ, 4 ოქტომბერს, ამ საკითხს დავუბრუნებით. რაც შეეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე, ეს დაწესებულებები დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებენ.

რაც შეეხება სკოლებს, მინდა დავაკონკრეტო, 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, მინდა დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება ამ რიცხვში და როგორი კრიტერიუმებით ვისარგებლებთ.  გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, ეს გულისხმობს შემდეგს – იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება უკვე საკლასო ოთახებში და, შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

როგორც იცით, ამჟამად, საქართველოში, სხვადასხვა შტამებს შორის, დელტა შტამი შეადგენს 90%-ს და, სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს. შესაბამისად, ბავშვების ჯანმრთელობა, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი და ამის საფუძველზე და NCDC-ის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ასევე მინდა, განვმარტო – როგორც მოგახსენეთ, 4 ოქტომბერს, იმ სოფლებში ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა უკვე დასწრებულ ფორმატში გაგრძელდება, მაგრამ იქაც ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად მოქნილი სისტემა შევთავაზოთ მშობლებს. განვმარტავ რას ვგულისხმობ: ჩვენ ეს პრაქტიკა წინა სემესტრებშიც გვქონდა დანერგილი – თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია დისტანციურ ფორმატში დარჩეს ბავშვი, ეს შესაძლებლობა შენარჩუნებული იქნება. ჩვენ ამის საშუალებასაც მივცემთ მშობლებს, რომ ბავშვებმა სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში გააგრძელონ, თუ ისინი ამ გზას აირჩევენ. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი.

ერთი გამონაკლისია უნივერსიტეტებთან დაკავშირებით.  ყველა უნივერსიტეტს სწავლის დაწყების თავისი თარიღი აქვს და აკადემიური გრაფიკით აწარმოებს სასწავლო პროცესს. ყველა იწყებს, როდესაც აქვთ მათ გაცხადებული, ოღონდ, 4 ოქტომბრამდე, იწყებენ დისტანციურ ფორმატში და 4 ოქტომბერს ვნახავთ სიტუაციას, დეტალურად გამოვიკვლევთ, თუ რა არის, იმ დროისთვის, ინფიცირების მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქსა თუ სოფელში და ამაზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილება. ერთადერთი გამონაკლისი უნივერსიტეტებში ეს გახლავთ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები. მინდა აღვნიშნო, რომ თეორიული მედიცინისთვისაც სწავლა მთლიანად იქნება დისტანციურად, 4 ოქტომბრამდე. მართალია, უნივერსიტეტებს უფლებამოსილება ეძლევა, რომ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები აწარმოონ დასწრებული ფორმატით, აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა, რომ ამ აქტივობების დროს, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ამ პროცესს უძღვებიან, უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები. ესეც მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

ყველა ეს დეტალი, რასაკვირველია, გამოქვეყნდება როგორც ჩვენს ვებგვერდზე, ასევე ფეისბუქზე და შესაბამისი კონკრეტული მითითებები დაურიგდებათ როგორც სკოლებს, ასევე პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს.“

მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. პირველი შეკითხვა იუნისეფის განცხადებას ეხებოდა – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში.

მიხეილ ჩხენკელი: „იუნისეფის განცხადება გაკეთდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში, დღესდღეობით, 90% შტამებისა არის დელტა, რომელმაც, როგორც უკვე აღვნიშნე, განსაკუთრებით სამიზნეში ამოიღო ბავშები და ახალგაზრდები. ცხადია, მე პირველი ვარ მომხრე, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. სკოლები არიან მზად ყველა სცენარისთვის, აქ კრიტერიუმი არის სულ სხვა, რაც მგდომარეობს იმაში, რომ პანდემიის დონე, ანუ ინფიცირების დონე არის ძალიან მაღალი – 4%-ზე მაღალი. იუნისეფის წარმომადგენლებთან საუბრისას, ამაში სრული თანხმობა გვქონდა, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არ არის არაფერი. შესაბამისად, მთავარი კრიტერიუმი არის ბავშვების ჯანმრთერლობიდან გამომდინარე. ამიტომ არის ეს 4%-იანი ინფიცირების მაჩვენებელი წყალგამყოფი და ამ კრიტერიუმით ვსარგებლობდით ჩვენ, რაც პანდემია დაიწყო. იუნისეფი ამას სრულად იზიარებს და მინდა გითხრათ, რომ როგორც კი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა მაჩვენებელი, ბავშვები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში, რისი მზაობაც სასკოლო სისტემას აქვს სრულად და იქ ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი.“

შეკითხვები ბავშების აცრების დაშვებასა და პედაგოგთა ვაქცინაციასაც შეეხო. ამაზე მიხეილ ჩხენკელმა შემდეგი განმარტება გააკეთა: „რაც შეეხება ბავშვების აცრის თემას, როგორც იცით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იხილება 12 წელზე ზემოთ ბავშვების აცრის საკითხი. როგორც კი მიღებული იქნება ჯანმოს მიერ, რომ უკვე ნებადართულია 12 წელზე ზემოთ ბავშვების აცრა, ეს მოხდება საქართველოშიც.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას აცრისკენ, რადგანაც აცრა ეს არის თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება პანდემიის დროს. რასაკვირველია, ასევე, ხაზი მინდა გავუსვა პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას.

თქვენ მკითხეთ მასწავლებლების აცრის საკითხიც – ბოლო თვის განმავლობაში მკვეთრი ზრდა არის მასწავლებლების აცრასთან დაკავშირებით – 9-დან 46%-ზე ერთ თვეში გაიზარდა ეს მაჩვენებელი და ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ სკოლაში მასწავლებლების 100-ივე პროცენტიც რომ იყოს აცრილი, თუ ის სკოლა მდებარეობს იმ გარემოში, იმ უბანში ან იმ ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე მაღალია, იქ, რა თქმა უნდა, საშიშროება, რომ სკოლაში ვირუსი შევიდეს, არის კვლავ მაღალი. შესაბამისად, 4%-იანი კრიტერიუმი ეს არის ის, რასაც ჩვენ დავეყრდნობით 4 ოქტომბრის შემდეგ.“

დატოვეთ კომენტარი