27 ივლისი, შაბათი, 2024

სასწავლო პროექტი „ბაქტერიები და ვირუსები“

spot_img

ეკა რევაზიშვილი

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის მისაქციელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი

ყოველწლიურად მსოფლიო ჯანდაცვის სპეციალისტები ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლისას ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან. დედამიწაზე გავრცელებული ასობით ათასი ვირუსი და ბაქტერია უამრავი გადამდები დაავადების გავრცელების მიზეზი ხდება.

დაწყებით კლასებში, მოსწავლეებს უჭირთ გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებული თემების გააზრება, ამიტომ გადავწყვიტე მესამე კლასის მოსწავლეებთან განმეხორციელებინა სასწავლო პროექტი ბუნებისმეტყველებაში – „ბაქტერიები და ვირუსები“.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებმა შეძლონ შემოქმედებითი, კვლევითი, კომუნიკაციის, პასუხისმგებლობის განაწილების, ზოგადად, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება :

◊ ინფორმაციის კლასიფიცირება, ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხის გასაცემად;

◊ ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის,ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება;

◊ მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას.

პროექტის მიზანი:

◊ თანამშრომლობის, კვლევა-ძიების,პრობლემის გააზრების,ლოგიკური მსჯელობის, ინფორმაციის ორგანიზების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

◊ დედამიწაზე მიკრობების არსებობის მნიშვნელობის გააზრება.

◊ ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების საფრთხის გაცნობიერება.

პროექტის შედეგი:

◊ მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა მეთოდებით ( კვლევა, ინტერვიუ, ინტერნეტი) შეაგროვონ ინფორმაცია ბაქტერიების და ვირუსების შესახებ;

◊ შეძლებენ ელემენტარული პრევენციული ზომების გატარებას, რომელიც საჭიროა გადამდები დაავადების თავიდან ასაცილებლად;

◊ შექმნიან საინფორმაციო ფლაერს.

განხორციელების ეტაპები:

პირველი კვირა

პროექტის საწყის ეტაპზე , გონებრივი იერიშისთვის, ჩამოვაყალიბე საკვანძო კითხვა – რა გავლენას ახდენს უჩინარი ცოცხალი ორგანიზმები ჩვენს ცხოვრებაზე?

მოსწავლეებმა იმსჯელეს, გამოთქვეს ვარაუდები. შემდეგ პლაკატზე ვუჩვენე როგორ გამოიყურება ვიზუალურად ვირუსი და ბაქტერია.შევავსეთ „ვ-მ-ვ „ სქემა. ეს დამეხმარა დამედგინა რა იციან და რა ინტერესი აქვთ მათ შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით. ვესაუბრე  მიზნებზე,აქტივობებზე, რომელთა განხორციელებაც მოუწევდათ პროექტზე მუშაობისას.მათთან ერთად შევიმუშავე შეფასების კრიტერიუმები, შევქმენით შეფასების სქემა.კლასი დავყავი ჯგუფებად,გადავეცი დავალებები, შესრულების ინსტრუქციები და ჩეკლისტები.

მეორე კვირა

იმის დასტურად, რომ ბაქტერიებს ადამიანის ორგანიზმშიც შეუძლიათ არსებობა და გამრავლება,მიკროსკოპით ვუჩვენე პირის ღრუში არებული კბილის ნადების ნიმუში.

ბაქტერიების სასარგებლო თვისებების გასაცნობიერებლად , შევთავაზე მოსწავლეებს დაკვირვებოდნენ რძის დამჟავების, ვაშლის ლპობის, ცომის აფუების, პურის დაძველების პროცესებს. საკლასო ოთახში, თვალსაჩინო ადგილას, მოვათავსე რძე, მოკბეჩილი ვაშლი, პურის ნაჭერი და ცომი. ბავშვებს ვთხოვე მთელი კვირის მანძილზე დაკვირვების დღიურებში ჩაენიშნათ, როგორ შეეცვალა ფერი, სუნი და ფორმა პროდუქტებს,დაეწერათ ვარაუდი – რატომ მოხდა ასე.

ჯგუფების შექმნა /დავალებების განაწილება /ინსტრუქციები:

♦ პირველმა ჯგუფმა შექმნა მულტიმედიური პრეზენტაცია. ინფორმაცია და ფოტო მასალა მოიძია ინტერნეტ-საძიებო სისტემაში. პრეზენტაცია ააწყო შემდეგი თანმიმდევრობით : სათაური/ავტორი, მნიშვნელოვანი საკვანძო შეკითხვა, ფაქტები და არგუმენტები, დიაგრამა, დასკვნა. მუშაობის პროცესში იყენებდნენ  ჩეკლისტს და პრეზენტაციის შფასების რუბრიკას.

♦ მეორე ჯგუფმა მოამზადა  შეკითხვები (რა საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას ვირუსულმა და ბაქტერიულმა დაავადებებმა? რომელ დაავადებას იწვევს ვირუსები / ბაქტერიები? როგორ ავიცილოთ თავიდან გადამდები დაავადებები? და თუ მაინც გავხდით ავად, როგორ მოვიქცეთ? რისთვის არის საჭირო აცრა? აცრის ჩატარება ყველასთვის აუცილებელია?) და ჩაწერა ინტერვიუ სკოლის ექიმთან.გამოკითხვის საფუძველზე დაწერეს დასკვნა და ჩამოაყალიბეს პრევენციული ზომების ნუსხა, რომლის დაცვაც მნიშვნელოვანია გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

♦ მესამე ჯგუფმა, უფროსების გამოკითხვის საფუძველზე, მოიძია და ჩაიწერა დღიურში ხალხური მედიცინის საშუალებები, რომელიც ეფექტურია ვირუსული და ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

მოსწავლეები, ერთმანეთს უზიარებდენ მათ მიერ მოძიებულ ინფორმაციებს და აკეთებდენ დასკვნებს.მუშაობის პროცესში იყენებდნენ ჩეკლისტებს. ავსებდნენ თანატოლთა უკუკავშირის ფორმას. შექმნეს საინფორმაციო ფლაერი, სადაც მოცემულია პასუხი კითხვებზე: რა არის ბაქტერია? რა არის ვირუსი? როგორია მათი გარეგნობა, საცხოვრებელი გარემო,რატომაა მათი არსებობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი? რომელ დაავადებებს იწვევენ და როგორ დავიცვათ თავი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებებისგან.

მესამე კვირა

ჯგუფებმა წარმოადგინეს შესრულებული დავალებები, იმსჯელეს,შეავსეს ვ-მ-ვ სქემის ბოლო სვეტი.

დაახარისხეს მოიძიებული ინფორმაციები, შეაჯამეს პროექტი, გააკეთებეს დასკვნები, მიიღეს პასუხი მთავარ კითხვაზე – რა გავლენას ახდენს უჩინარი ორგანიზმები ჩვენს ცხოვრებაზე? მოეწყო პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია .მოსწავლეებმა ისაუბრეს პროექტზე მუშაობის პროცესზე, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

განხორციელებული პროექტი დამეხმარა, ერთი და იგივე პრობლემა სხვადასხვა კუთხით მეჩვენებინა მოსწავლეებისთვის. მათ შეძლეს გაეაზრებინათ თემის აქტუალობა. გააკეთეს აღმოჩენები, მოიპოვეს და დაახარისხეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ითანამშრომლეს, შექმნეს მულტიმედიური პრეზენტაცია და საინფორმაციო ფლაერი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები