9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

სასკოლო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ XI კლასის ყველა და X კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელოს შეფასებისა და საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მშობლებს, მასწავლებლებს, განათლების სპეციალისტებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სახელმძღვანელოების მაკეტების (ანონიმური ეგზემპლარების)  შეფასების პროცესში.

ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი, 2 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, გრიფირების ელექტრონულ პორტალზე  –  https://grifireba.emis.ge/ საჯაროდ იქნება განთავსებული, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება, გაეცნოს მისთვის საინტერესო საგნის/საგნების სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსს და შესაბამის ველში დატოვოს კომენტარი.

დაინტერესებული პირების მიერ პორტალზე დატოვებულ კომენტარებს განიხილავენ სახელმძღვანელოების რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის, პრაქტიკოსი მასწავლებლების, დარგის მეცნიერების, ფსიქოლოგის, ფილოლოგისა და სხვა სპეციალისტებისგან. არგუმენტირებული შენიშვნების შემთხვევაში, კომენტარების სახით დაფიქსირებული მოსაზრებები სახელმძღვანელოს საბოლოო რეცენზიაში აისახება, რაც თავის მხრივ გრიფის მინიჭების პროცესში ავტორისთვის სავალდებულო შესასრულებელი პირობა იქნება.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ განცხადების მიღების დასრულების შემდეგ, შემოსული განაცხადებიდან 41-მა წარმატებით გაიარა შემოწმება და გადავიდა რეცენზირების ეტაპზე.

სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესი 19 ივნისს დასრულდება და  გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება არაუგვიანეს 2023 წლის 20 ივნისისა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ კი, სახელმძღვანელოების შერჩევა  22 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლას ექნება შესაძლებლობა არჩევანი რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთოს.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები