საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მოისმინა თემატური მოკვლევის ანგარიში „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“. მოკვლევა მომზადდა მასწავლებლების, დირექტორების, რესურსცენტრების, მასწავლებელთა ასოციაციების, გამომცემლობებისა და სახელმძღვანელოს ავტორებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შეგროვებული წერილობითი მოსაზრებების, საჯარო განხილვებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ, სხვადასხვა დროს, ჩატარებული კვლევების სინთეზის გზით, ასევე შეისწავლეს საერთაშორისო გამოცდილებაც, გამოკვეთილი გამოწვევების გარშემო.
მოკვლევის ფარგლებში, გამოვლინდა საგანმანათლებლო რესურსების განვითარებისა და უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული როგორც მიღწევები, ასევე გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გამკლავების საჭიროებები. საბოლოოდ შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს საგანმანთლებლო რესურსების განვითარებას და ამ განვითარების მექანიზმების მდგრადობას.
ძირითადი მიგნებები:
♦ სწავლების მიზნების, შინაარსის და სწავლა-სწავლების ყოველდღიური ამოცანების განსაზღვრისთვის მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო ისევ ძირითადი საშუალებაა. გამოწვევად რჩება მეორადი სახელმძღვანელოების მდგომარეობა;
♦ მართალია, სსსმ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოები უკვე შეიქმნა, მაგრამ მასწავლებლებს უჭირთ არსებული რესურსების სსსმ მოსწავლეების საჭიროებებზე მორგება. შესაბამისად, საჭიროა როგორც უკვე არსებული რესურსების ადაპტირება, ასევე, სპეციალისტების ჩართულობით სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რესურსების ბანკის შექმნა;
♦ არაქართულენოვანი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ბოლო წლებში, ვითარება გაუმჯობესდა. თუმცა, გამოწვევად რჩება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების დროულად თარგმნის და სკოლებისთვის დროულად მიწოდების საკითხი; ასევე, გამოწვევაა 2012 წელს საშუალო საფეხურის გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხი, თუმცა, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კვალდაკვალ, ეტაპობრივად, ეს სახელმძღვანელოები იცვლება;
♦ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმძღვანელოების გრიფირების წესი, თუმცა საჭიროა ზომების მიღება შეფასების სანდოობის ზრდის მიმართულებით. სახელმძღვანელოების შერჩევისთვის უნდა გამოიყოს მეტი დრო, რომ მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და მეტი რესურსი, რათა სახელმძღვანელოების და, ზოგადად, სასწავლო რესურსების ავტორობა მიმზიდველი კარიერული მიმართულება გახდეს, განსაკუთრებით, მოქმედი მასწავლებლებისთვის;
♦ სისტემის მნიშვნელოვან ნაკლოვანებას წარმოადგენს აკადემიური წრეების დომინაცია სახელმძღვანელოების ავტორობაზე, რაც დამახასიათებელია სხვა პოსტ-საბჭოთა და პოსტ-კომუნისტური ქვეყნებისთვისაც და წარმოადგენს „გამოძახილს იმ ავტორიტარული სულისკვეთებისა, რომლის თანახმად, სასკოლო სახელმძღვანელოებში ერთი და მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება უნდა გამჟღავნდეს და ეს სიმართლე საზოგადოების უძველესი და ყველაზე სწავლული წევრების ხელშია“. ბოლო წლების დინამიკა სახელმძღვანელოების ავტორებში მასწავლებლების წილის ზრდას აჩვენებს;
♦ მოსწავლეების ბუკებით უზრუნველყოფის ფონზე, მცირე მასშტაბისაა და დასახვეწია ციფრული რესურსების განვითარების პოლიტიკა;
♦ ბოლო წლებში, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, გაიზარდა იმ მასწავლებლების წილი, რომლებიც სწავლა-სწავლებაში ელექტრონულ რესურსებს იყენებენ და ქმნიან, რაც ნაყოფიერი ნიადაგია იმისთვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება სკოლის მხარდაჭერაზე ორიენტირებული და მეთოდოლოგიურად გამართული ციფრული რესურსების შექმნასა და პრაქტიკაში დანერგვაზე;
♦ სასკოლო ლაბორატორიები საჭიროებს არა მხოლოდ ლაბორატორიული დანადგარებით მომარაგებას, არამედ, სკოლების ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას, კერძოდ, შესაბამის სივრცეს, ლაბორატორიული მასალებით სკოლის რეგულარულად მომარაგებას და, რაც მთავარია, შესაბამისი კომპეტენციის მქონე მასწავლებელს, ასევე, სკოლებისთვის შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის გაღებას;
♦ სკოლების უმრავლესობაში წიგნადი ფონდი უკიდურესად მოძველებულია და სკოლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს მათ განახლებას;
♦ სასკოლო რესურსების სწავლა-სწავლებაში ეფექტიანად დანერგვისთვის საჭიროა როგორც ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე შესაბამისი მხარდაჭერა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა სკოლების ავტორიზაციის ახალი კრიტერიუმები, სადაც ყურადღება გამახვილებულია რესურსების განვითარებასა და ეფექტიანად გამოყენებაზე.
⇒ სახელმძღვანელოები
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ელექტრონული რესურსების გამოყენება, სახელმძღვანელო სწავლა-სწავლების ძირითად რესურსად რჩება, რადგან სხვა რესურსებზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილს ხელი არ მიუწვდებათ. შესაბამისად, სახელმძღვანელოების ხარისხს, რელევანტურობასა და ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული როლი უჭირავს განათლების პოლიტიკაში.
სახელმძღვანელოების თემატიკის თანმიმდევრობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა შენიშვნები. მაგალითად, ისტორიის მასწავლებლის შეხედულებით, უმჯობესია, საკითხები ისწავლებოდეს ისტორიული ქრონოლოგიის დაცვით და რეგიონებზე კონცენტრირებით. „ეპოქებიდან ამოვარდნილი პროცესები და ისტორიული მოვლენები ერთმანეთის გვერდით არის მოცემული. ეგვიპტიდან შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებზე გადასვლა, შემდეგ კავკასიის პრობლემებზე XIX საუკუნეში, ხოლო მომდევნო თავები კი ანტიკური მონობის შესახებ გვიყვებოდეს“. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალი ესგ-ის მიხედვით, ისტორია სწორედ ქრონოლოგიური პრინციპით ისწავლება და რეგიონებზე მკაფიოდ კონცენტრირებით როგორც საბაზო, ისე საშუალო საფეხურზე.
მათემატიკის მასწავლებლებსაც აქვთ შენიშვნები საკითხების კლასებს შორის განაწილებასთან დაკავშირებით და აქვთ კონკრეტული შემოთავაზებები. მაგალითად, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ კომბინატორიკის ელემენტები, ვექტორები, სივრცული ფიგურები მე-9 კლასიდან მე-10, მე-11 კლასებში უნდა გადანაწილდეს.
თანმიმდევრობის დაცვასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრობენ მასწავლებლები მაშინაც, როცა რომელიმე საგანი სხვადასხვა კლასში სხვადასხვა ავტორის სახელმძღვანელოთი ისწავლება. მაგალითად, ერთ-ერთ სკოლაში ფიზიკა VII, VIII და IX კლასებში სხვადასხვა ავტორის სახელმძღვანელოებით ისწავლება, რამაც, მასწავლებლის მტკიცებით, გამოიწვია „საკითხთა თანმიმდევრობის დარღვევა და ზოგიერთი საკითხის ამოვარდნა მაგ: ტენიანობა, სითხის ზედაპირული დაჭიმულობა, კაპილარული მოვლენები“.
სახელმძღვანელოების სირთულის საკითხი მასწავლებლებმა, განათლების რეფორმის ფარგლებში შექმნილი, პირველი სახელმძღვანელოების გამოჩენისთანავე დასვეს. 2007 წელს ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხული მასწავლებლების 17% აცხადებს, რომ „სახელმძღვანელოები რთულია და მოსწავლეების შესაძლებლობებს არ შეესაბამება“. ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.
მასწავლებლები და დირექტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახელმძღვანელოების შესაბამისობა ესგ-ის პედაგოგიკურ პრინციპებთან. პოზიტიურად აფასებენ კომპლექსური დავალებების შეტანას სახელმძღვანელოებში. გამოთქმული შენიშვნების ნაწილი უკავშირდება ეროვნული სასაწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიდგომებსაც. კერძოდ, წყაროებზე დაფუძნებულ სწავლებას, გრამატიკის ინტეგრირებულ სწავლებასა და კომპლექსურ დავალებებს:
წყაროებზე დაფუძნებული სწავლება: „ძალიან ბევრი ფაქტობრივი მასალით, წყაროებით და მაღალ სააზროვნო კითხვებითაა დატვირთული ახალი სახელმძღვანელოები, ძალიან ცოტაა ნარატივი (თხრობა). საგაკვეთილო პროცესისთვის განკუთვნილი დრო არაა საკმარისი ერთი პარაგრაფის შესასწავლად და მასში რთულად გასაგები წყაროების გასააზრებლად და კითხვებზე პასუხის გასაცემად. სახლში დამოუკიდებლად სამუშაოდ მოწაფეს ნარატივის გარეშე წყაროს ტექსტის გააზრება უჭირს, ხშირად ვერ ასრულებს დავალებას“.
გრამატიკის ინტეგრირებული სწავლება: მასწავლებლების ნაწილისთვის უფრო მისაღებია გრამატიკის საკითხების დაჯგუფება კლასების მიხედვით, მაგალითად, „V-VI-VII კლასები – მორფოლოგია, VIII- IX კლასები სინტაქსი“. საგულისხმოა, რომ გრამატიკის ინტეგრირებული სწავლების მიმართ მასწავლებლები ესგ-ის რეფორმის ადრეული წლებიდან გამოთქვამენ წუხილს. როგორც მასწავლებლების პროფესიული განვითარების საჭიროებებზე ჩატარებული ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, პედაგოგთა მეორე ნაწილი ამას სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომების საფუძვლების გააზრების საჭიროებას უკავშირებდა — პრობლემა მდგომარეობს არა ეროვნული სასწავლო გეგმის მეთოდოლოგიურ პრინციპებში, არამედ, მასწავლებლების კომპეტენციაში.
კომპლექსური დავალებების ინტეგრირებას სწავლა-სწავლებაში მასწავლებლების ნაწილი მიესალმება, მეორე ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ კომპლექსური დავალებების შესრულება მოსწავლეებს უჭირთ. ამიტომაც ითხოვენ, რომ „თითოეული თემა მოიცავდეს კომპლექსური დავალების რამდენიმე ვარიანტს“.
მასწავლებლის წიგნის, მეთოდური მითითების საჭიროებაზე მასწავლებლები ჯერ კიდევ 15 წლის წინ საუბრობდნენ. როგორც 2007 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ახალი სახელმძღვანელოების გამოყენების პირველივე წლებიდან ითხოვდნენ მასწავლებლის გზამკვლევს და „გაკვეთილების გეგმის უფრო მეტ მაგალითს“. გამოკითხვის თანახმად, მასწავლებლების დაახლოებით 40%-ს არ მიუწვდებოდა ხელი მასწავლებლის გზამკვლევზე. წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით სიტუაცია გაუმჯობესდა. სკოლებიდან შემოსულ მოსაზრებებში პოზიტიურადაა შეფასებული ე.წ. მასწავლებლების წიგნებთან წვდომის ზრდა.
შინაარსთან დაკავშირებული შენიშვნები ეხება ლიტერატურული ნაწარმოებების შერჩევის პრინციპს, სამოქალაქო ინკლუზიურობისა და ადამიანთა უფლებების პრინციპების წარმოჩენას. ლიტერატურულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით აზრი იყოფა: მასწავლებლების ნაწილი თვლის, რომ საჭიროა თანამედროვე ავტორების შეტანა.
მასწავლებლები და დირექტორები მექანიკურ შეცდომებზეც საუბრობენ, კერძოდ: ენობრივი ნორმების დარღვევაზე, მათ შორის: ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში „სტილისტური და ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური შეცდომები“; თემის და დავალების აცდენა, დავალების არასწორი პასუხები, სახელმძღვანელოში გამოტოვებული გვერდები. ზოგიერთ საგანში, სახელმძღვანელოში მოცემული თემატიკა არ შეესაბამება მოსწავლის რვეულში შეტანილ დავალებებს; როცა სახელმძღვანელო 2 ან 3 ნაწილადაა გაყოფილი, პირველი თავის დანართები/შეკითხვების პასუხები შეიძლება აღმოჩნდეს მესამე წიგნში; ელექტრონული რესურსის ლინკი არ იხსნება.
მასწავლებლების ნაწილი აღიარებს, რომ სასწავლო რესურსების სსსმ მოსწავლეების საჭიროებაზე მორგება სკოლის პასუხისმგებლობაა. ასევე დასძენენ, რომ „ცალკეულ სსსმ პირს აქვს სხვადასხვაგვარი საჭიროება და ერთ სახელმძღვანელოში ეს ვერ აისახება“. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ „სსსმ მოსწავლეებზე რესურსის ადაპტირებისთვის არ ჰყოფნით კომპეტენცია და მასწავლებლის შრომას გააადვილებდა ბავშვის განვითარების ცნობილი დარღვევების შესაბამისი, ადაპტირებული მასალების არსებობა“. როგორც დირექტორებისა და მასწავლებლების ნაწილი აღნიშნავს, იყენებენ დაწყებითი კლასებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოებს ქართულსა და მათემატიკაში.
გამოწვევად რჩება არაქართულენოვანი სკოლებისთვის სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და სახელმძღვანელოების თარგმნის საკითხი. სამინისტროს განმარტებით, მასწავლებლების მხრიდან თარგმანის ხარისხზე გამოთქმული პრეტენზია არ უკავშირდება ახალგრიფირებულ სახელმძღვანელოებს, ამას ცხადყოფს 2022 წელს სამინისტროს მიერ ჩატარებული მასწავლებელთა ფოკუს-ჯგუფები სომხურ და აზერბაიჯანულ სახელმძღვანელოებზე, რა დროსაც არ დაფიქსირებულა პრეტენზიები თარგმანის ხარისხთან დაკავშირებით. პრობლემაა, ასევე, არაქართულენოვანი სკოლებისთვის სახელმძღვანელოების დაგვიანებით მიწოდების საკითხიც.
დაბალია, ზოგადად, სახელმძღვანელოების შეფასების სანდოობა. „სახელმძღვანელოს შეფასება რომ მივიღე, გაოცებული დავრჩი — ერთი რეცენზენტი წერდა, ეს არ შეესაბამება ახალ კურიკულუმსო, ხოლო მეორე, სხვა ნაწილში, წერდა, რომ დავალება სრულად პასუხობდა პრინციპებს და უმაღლესი ქულით ვიყავი შეფასებული,“ — წერს ერთ-ერთი ავტორი.
რეცენზენტთა ჯგუფში არ არის საკმარისად წარმოდგენილი მასწავლებელთა პოზიცია. ავტორების ნაწილი აღნიშნავს, რომ გრიფირების პროცესში მასწავლებლების პრეფერენციები არ არის ჯეროვნად გათვალისწინებული, ამიტომ 2021 წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გრიფირების წესში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმად, სახელმძღვანელოს ავტორს უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის გამოცდილება.
⇒ ციფრული სასწავლო რესურსები
არ არსებობს „ოპტიმალური სახელმძღვანელოს“ ცნება და შეუძლებელია, შეიქმნას ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. ამიტომ აქტიურად უნდა გავრცელდეს დამატებითი, მათ შორის, ციფრული სასწავლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა.
ციფრული რესურსების ხელმისაწვდომობისა და რელევანტურობის შესახებ შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:
♦ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან შესაბამისობა: „არსებული ელექტრონული რესურსები ზოგჯერ არ არის ადაპტირებული და თანხვედრაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ სტანდარტებთან თუ სასწავლო კურიკულუმთან. შესაბამისად, მათი გამოყენება საგაკვეთილო პროცესში ყოველთვის ეფექტიანი არ არის“.
♦ ქართულ ენაზე და, ზოგადად, რესურსების სიმწირე: „მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩვენ მიერ წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, ელექტრონული რესურსები ზოგადი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის აღმასრულებელი თუ მასთან დაკავშირებული ინსტიტუციების არაერთ ოფიციალურ ვებგვერდსა და პორტალზეა განთავსებული, ისინი ზოგიერთი მიმართულებით საკმაოდ მწირია, ერთმანეთს იმეორებს“.
♦ შინაარსობრივი და ენობრივი ხარვეზები: „ქართულ ენაზე თარგმნილი ელექტრონული რესურსები ხშირად არ არის სათანადოდ გამართული, რის გამოც აზრი ბუნდოვანი და გაუგებარია. იგივე ითქმის ციფრული პროგრამების ინსტრუქციებზეც, რაც ართულებს მათ პრაქტიკაში გამოყენებას“.
♦ მასწავლებლის კომპეტენცია: რესურსების მოძიება და გამოყენება საჭიროებს როგორც შესაბამის ციფრულ კომპეტენციას, ასევე, ზოგჯერ, ინგლისური ენის ცოდნას, სწავლებაში რესურსების ეფექტიანად გამოყენება კი — სწავლების მიდგომებისა და მეთოდების ფლობას. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს: „1. მოსწავლეთა ისტ კომპეტენცია; 2. მის ხელთ არსებული ტექნიკური ბაზა; 3. მის მიერ დაგეგმილი გაკვეთილის მიზანი და პედაგოგიური სტრატეგიები; 4. გაკვეთილის მიმდინარეობის ტიპი (მიმდინარე, შემაჯამებელი, პროექტული და სხვ.); 5. სასწავლი მასალის თემატიკა“.
♦ ციფრული საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი სივრცე: რესურსები გაფანტულია, „არ ქმნის ერთიან სივრცეს, რომელშიც გამარტივებული ნავიგაციით შესაძლებელი იქნება ყველა არსებულ რესურსზე წვდომა, მათ შორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ ციფრულ საგანმანათლებლო მასალებზეც“.
ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე წვდომის პრობლემა აქტუალურია მასწავლებლების და მოსწავლეების ნაწილისთვისაც.
⇒ სასკოლო ლაბორატორიები
მასწავლებლები და დირექტორები ლაბორატორიებს მოიხსენიებენ მოსწავლეების მოტივაციისა და საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის ზრდის კონტექსტში.
სასკოლო ლაბორატორიების მოწყობაზე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ერთი პროექტი განხორციელდა. მილენიუმის გამოწვევის პროექტისა და მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, 2015-2019 წლებში, 107 სკოლის ლაბორატორია აღიჭურვა. ჩატარდა შუალედური შეფასება, რომელმაც აჩვენა, რომ 20%-ით გაიზარდა მოსწავლეების წილი, რომლებიც „ყოველთვის“ ან „ზოგჯერ“ იყენებენ სამეცნიერო ლაბორატორიას.
რეაბილიტირებული სკოლების მოსწავლეების განცხადებით, ახალ ლაბორატორიებში მეტი რესურსია, მოწყობილობები უფრო დახვეწილი და უფრო გამართული უსაფრთხოების მექანიზმებით, რაც ზრდის საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის მოტივაციას.
დირექტორების ნაწილი ლაბორატორიების ეფექტიანად გამოყენების კომპეტენციების ნაკლებობაზე საუბრობს. „საჭიროა, პედაგოგი იყოს მოტივირებული და მზად ამ პროცესების მიმართ, ასევე ინტენსიურად უნდა გადიოდეს გადამზადების სპეციალურ პროგრამას, რათა უფრო ეფექტურად წარმართოს საგანმანათლებლო პროცესი“.
ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვისა და ლაბორატორიული მასალებით მომარაგების ხარჯების გათვალისწინებით, ლოგიკური ჩანს მასწავლებლებისა და დირექტორების რჩევები ვირტუალური ლაბორატორიის უპირატესობაზე. „მას შეუძლია ჩაანაცვლოს, ძვირადღირებული რეაქტივები და ხელსაწყოები; შექმნას უსაფრთხო გარემო; ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოსწავლისთვის; გადაჭრას სივრცის პრობლემა; მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცეს, გაიმეორონ ექსპერიმენტი და ა.შ.“
⇒ სასკოლო ბიბლიოთეკები
საქართველოში, სკოლების უდიდეს ნაწილში, ბიბლიოთეკების თაროები სავსეა წიგნებით. სკოლების მეხუთედში 10 000 წიგნზე მეტი ინახება, 25%-ში კი 5000-დან 10000-მდე წიგნი, მაგრამ წიგნები მოძველებულია და არ ხდება განახლება. „სკოლის ბიბლიოთეკები ხშირად წარმოადგენენ დასაწყობებული წიგნების რაოდენობას, რომელსაც არანაირი საგანმანათლებლო დატვირთვა არ გააჩნიათ“.
2022 წელს, რესურსცენტრების მიერ მოწოდებული მონაცემებით, ირკვევა, რომ სკოლების მეხუთედს (21%) არ მიუღია არცერთი ახალი წიგნი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და სკოლების 26%-მა მიიღო 50-მდე ახალი წიგნი. მთლიანობაში, სკოლების დაახლოებით ნახევარში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, წიგნადი ფონდი არ განახლებულა.
მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ბიბლიოთეკების სივრცეების ფიზიკური განახლებაა. დირექტორები ბიბლიოთეკების „გაცოცხლების“ აუცილებლობაზე საუბრობენ და ფიზიკური სივრცის განახლებას გვთავაზობენ, რომ მოსწავლეებისთვის მიმზიდველი გახდეს.
შედეგების განხილვის შემდეგ შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც მოკვლევის ანგარიშში ვრცლად და არგუმენტირებულადაა წარმოდგენილი. ჩვენ მხოლოდ საკითხების მოკლე ჩამონათვალს გაგაცნობთ:
√ სახელმძღვანელოების ავტორებისა და რეცენზენტების კომპეტენციების განვითარება საზოგადოებრივი ინკლუზიურობის პრინციპების სახელმძღვანელოში ეფექტიანად ინტეგრირებისთვის
√ რეცენზირების პროცედურის სანდოობის ზრდა
√ სახელმძღვანელოს შერჩევაში მასწავლებლების მხარდაჭერის რესურსების განვითარება
√ სსსმ მოსწავლეებისთვის სასწავლო რესურსების განვითარება
√ ციფრული სასწავლო რესურსების სწავლა-სწავლებაში გამოყენების ხელშეწყობა
√ ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის ჰოლისტური პოლიტიკის გატარება
√ სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების მხარდაჭერა
√ სასწავლო რესურსების მეთოდოლოგიური რელევანტურობა -მდგრადი და დეცენტრალიზებული მოდელის შექმნა ამ მიმართულებით
√ მასწავლებლის პროფესიის გაძლიერება
ზოგადი რეკომენდაციები
- უწყებათაშორის ფორმატში შემუშავდეს რეგიონალური სკოლების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, ინფრასტრუქტურული და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის კუთხით, მათ შორის, სკოლების ავტორიზაციის საჭიროებების გათვალისწინებით;
- სასკოლო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ჭრილში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში შემუშავდეს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს და სკოლებს შორის თანამშრომლობის მექანიზმები, ინფორმაციის რეგულარული გაცვლისა და ეფექტიანი მხარდაჭერის მიზნით;
- უწყებათაშორის სამუშაო ფორმატში გადაიხედოს ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელი, შეფასდეს არსებული მოდელის შესაბამისობა მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლების მოთხოვნებთან და მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებთან;
- შემუშავდეს თანამედროვე განათლების პრინციპებზე მორგებული სახელმძღვანელოთა განვითარების სტრატეგიები, დაინტერესებული აქტორების ჩართულობით;
- შემუშავდეს სკოლების ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლებისადა მათი კონცეპტუალური მოწყობის გეგმა;
- სახელმწიფომ გააძლიეროს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში ჩართული სკოლების მეთოდოლოგიური და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა;
- სახელმწიფომ გააძლიეროს სწავლა-სწავლების პროცესში, მოსწავლეთა საჭიროებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალური მხარდაჭერა;
- სახელმძღვანელოთა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ავტორ-გამომცემლობებს მიეცეთ ხარისხიანი სახელმძღვანელოების შექმნისთვის საჭიროვადა;
- ციფრული რესურსების ბანკი ჩამოყალიბდეს იმდაგვარად, რომ მასწავლებლებს გაუადვილდეთ მათთვის სასურველი რესურსის მოძიება;
- სახელმწიფომ უზრუნველყოს სკოლების წვდომა მაღალი ხარისხის ინტერნეტზე;
- შემუშავდეს სკოლების ლაბორატორიებით უზრუნველყოფის მექანიზმები, სკოლის კონტიგენტის გათვალისწინებით.
თემატური მოკვლევა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა.