27 თებერვალი, სამშაბათი, 2024

სასკოლო კონფერენცია – გლობალური და ფუნქციური უნარების განვითარებისთვის

spot_img
ელენე შინჯიკაშვილი
სსიპ ქ. თბილისის №176 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი

 

 

 

საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოტივაციის გაზრდისათვის საჭიროა, მათ შევთავაზოთ მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობები. მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში მშობლების აქტიური ჩართულობა.

წლის დასაწყისში, მოსწავლეებთან ერთად, ვადგენ მწვანე კალენდარს, სადაც მოვნიშნავთ თარიღებს, რომლებიც მათ გაუღრმავებთ ცნობიერებასა და პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ (მაგ., 22 აპრილი – დედამიწის დაცვის დღე, 22 მაისი – ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე, 5 ივნისი – გარემოს დაცვის დღე და ა.შ.).

ამ თარიღების აღნიშვნა მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება დავგეგმეთ. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ადრეულ ასაკშივე აიმაღლონ ცნობიერება, გაიაზრონ, როგორ უნდა იცხოვრონ ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიადგეს, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ გარემომცველი სამყაროს მიმართ. გარდა ამისა, ღონისძიებების მზადების პროცესში, მოსწავლეები ხდებიან აქტიური მკვლევრები, მოიძიებენ და ამუშავებენ ინფორმაციას, უზიარებენ ერთმანეთს, გამოხატავენ ემოციებს, ქმნიან სხვადასხავა რესურსს (ნახატი, აპლიკაცია, სანიშნე, პოსტერი, ბუკლეტი, წითელი წიგნი), საკითხს უდგებიან შემოქმედებითად (ეკოსპექტაკლის გათამაშება, სიმღერის შესწავლა აღნიშნულ თემატიკაზე, პერფორმანსის დადგმა). ჩამოთვლილი აქტივობები ზრდის მათ მოტივაციას და ხელს უწყობს იგრძნონ პასუხისმგებლობა, მიიღონ სწორი განათლება და ეზიარონ გარემოსდაცვით საკითხებს, გაუფრთხილდნენ ცოცხალ სამყაროს და გაიაზრონ ანთროპოგენური ფაქტორის უარყოფითი ზეგავლენა.

წელს ბიომრავალფეროვნების დღის აღნიშვნისათვის მზადება ადრევე დავიწყეთ. კლასი დავყავი ჯგუფებად, გავაცანი საქართველოს წითელი ნუსხის 10 სახეობა, ვთხოვე აერჩიათ ერთი და მის შესახებ მოემზადებინათ პრეზენტაცია. რა თქმა უნდა, მეორეკლასელი მოსწავლე, მშობლის დახმარების გარეშე, ამ დავალებას თავს ვერ გაართმევდა, ამიტომ მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მზადების პროცეში. პრეზენტაციებს თან ახლდა ნახატები, აპლიკაციები, ბროშურები, პოსტერები. პრეზენტაციების შექმნის შემდეგ მოსწავლეებმა გააცნობიერეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა, მისი კარგვის ძირითადი მიზეზები და დაკარგვით გამოწვეული საშიშროება. 22 მაისს, სკოლაში, მოვაწყვეთ კონფერენცია სახელწოდებით „დამიცავი და გადამარჩინე!“ მოვიწვიეთ მასწავლებლები, მშობლები, თანატოლები. მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას, კონფერენცია იყო ინტერაქტიული, პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს, რომლებზეც სტუმრები პასუხობდნენ. გავაკეთეთ გამოფენა აღნიშნულ თემატიკაზე.

კონფერენცია ეხმიანებოდა მდგრადი განვითრების მე-15 მიზანს. მოსწავლეებმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში შეიტანეს წვლილი, იმსჯელეს დედამიწის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობასა და საფრთხეებზე. კონფერენციის მოსამზადებლად განხორციელებული აქტივობები და თვითონ კონფერენციის ჩატარება მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა გლობალური (ლიდერობა, ციფრული წიგნიერება, კომუნიკაცია, გლობალური მოქალაქეობა, პრობლემის გადაწყვეტა, გუნდური მუშაობა) და ფუნქციური (კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მოქალაქეობა, ნებელობა) უნარების განვთარების მხრივ. მოსწავლეები დაეუფლნენ ელემენტარულ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებს. მომავალში, ისინი აუცილებლად შეიტანენ წვლილს ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში, დაიცავენ გარემოში სწორი ქცევის წესებს.

გიზიარებთ პრეზენტაციის ბმულს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი ნუსხის სახეობების გასაცნობად.

https://drive.google.com/file/d/1H-PL-5cvd7X_C3KdlQ0SEvEn_MHhAiHw/view

 

გამოყენებული ლიტერატურა:

♦ გარემოსდაცვითი აგრარული განათლება სკოლაში; დამხმარე სახელმძღვანელო ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის; თბილისი 2020წ;

♦ საქართველოს წითელი ნუსხის 10 სახეობა; სასწავლო მასალა; თბილისი 2010წ;

♦ სტატია: 22 მაისი – ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე; ავტორი – ხათუნა გოგალაძე /http://mastsavlebeli.ge/?p=895

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები