ნაზი კოჩალიძე
სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის ქართული ენა/ლიტერატურისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი
„თეატრი, ბევრს შემთხვევაში, მარტო ხელოვნების მსახური არ არის. ადგილი, დრო და გარემოება მას ზოგჯერ სხვა სამსახურსაც კისრად სდებს და ამ მხრით თეატრი დაუფასებელი რამ არის და ჩვენ არ ვიცით სხვა მისებრ უებარი საშუალება, რომელიც ეგრე გამარჯვებულად, სასწრაფოდ და პირდაპირ მოქმედებდეს ადამიანის უკეთესთა გრძნობათა გამოფხიზლებასა და მოძრაობაზედ.“
ილია ჭავჭავაძე
21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ ეპოქაში სასკოლო ცხოვრებაში დიდ გამოწვევად იქცა მოზარდების ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობა. ფაქტია, რომ ტექნოლოგიებმა ისინი დააშორა წიგნს და, ზოგადად, კლასიკურ ხელოვნებას: ლიტერატურას, თეატრსა და კინოს. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს საუკეთესოდ სკოლებში საყმაწვილო-სასკოლო დასების არსებობა.
აგერ უკვე სამი წელია, რაც სკოლაში შექმნილი გვაქვს სასკოლო-საყმაწვილო თეატრალური დასი „დვრიტა“, რომელმაც უკვე ორი სპექტაკლი („ერთხელ სალონში“ და „მე ვხედავ მზეს“) დადგა და ამ სპექტაკლებით ორჯერ მიიღო მონაწილეობა საყმაწვილო-თეატრალური დასების ფესტივალში „პირველი ავტოგრაფი“. უნდა აღვნიშნო, რომ ამგვარი ფესტივალები დიდი სტიმულია, საშუალება და მოტივაცია სასკოლო-საყმაწვილო თეატრალური დასების ჩამოყალიბება/განვითარებისათვის.
სპექტაკლის მომზადებასა და სცენაზე დადგმას რომ ძალიან დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება, ეს ყველამ იცის, მაგრამ ეს დახარჯული დრო და ენერგია მოზარდებს უმრავალფეროვნებს სასკოლო ცხოვრებას, საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის სასწავლო პროცესს, აძლევს დიდ ცოდნა/გამოცდილებას, უვითარებს როგორც შემოქმედებით, ისე კოგნიტურ, სოციალურ და ემოციურ უნარებს, უყალიბებს დამოკიდებულებებსა და ღირებულებებს.
როცა სპექტაკლზე მუშაობას ვიწყებთ, უპირველესად, კოლეგებთან (ხათუნა ღაღანიძე; ლილი დიასამიძე) ერთად ვარჩევთ თემას, ნაწარმოებს, მოსწავლეებს – როლებისთვის და ვაყალიბებთ დასს. უნდა აღვნიშნო, რომ ყოველ ახალ სპექტაკლზე მუშაობას დასის ახალი შემადგენლობით ვიწყებთ, რათა ყველა მსურველ მოსწავლეს, შეძლებისდაგვარად, მიეცეს სპექტაკლში მონაწილეობისა და სცენაზე დგომის საშუალება. თუ გასულ წელს დასში გაერთიანებული იყო მეთერთმეტე კლასის ყველა მოსწავლე, წელს გასაწევრიანებლად საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეები შევარჩიეთ.
დასის დაკომპლექტების შემდეგ, წევრები იწყებენ ლიტერატურის დამუშავებას, თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას, სცენარის წერას. სცენარის წერისას, დავალებებს ეპიზოდების მიხედვით ვუნაწილებთ და მერე ვაერთიანებთ. სცენარზე მუშაობის პარალელურად, დასის წევრები იმ ფილმებსა და სპექტაკლებს უყურებენ, რომლებიც ამ ნაწარმოების მიხედვითაა შექმნილი ან ამ ნაწარმოების თემას უკავშირდება. დასი, პერიოდულად, იკრიბება და ერთმანეთს შთაბეჭდილებებსა და დამოკიდებულებებს უზიარებს.
სპექტაკლზე მუშაობისთვის აუცილებელ აქტივობად, გეგმაში, მითითებული გვაქვს თეატრში ვიზიტი და სპექტაკლებზე დასწრება, რათა დასის წევრებმა უფრო ახლოს გაიცნონ თეატრის გარემო და სამსახიობო ხელოვნება. ამიტომაც, აგერ უკვე ორი წელია, ჩვენი დასი აქტიურად სტუმრობს ქალაქ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრის სპექტაკლებს („ჰელადოს“, „ბოლო გაჩერება“, „თოლია“). ეს დიდად ეხმარებათ სპექტაკლზე მუშაობისას როგორც სამაგიდო, ისე სასცენო რეპეტიციების პროცესში. სასცენო რეპეტიციებთან ერთად, დასი მუშაობს როგორც კოსტიუმების შერჩევაზე, ისე სასცენო ესკიზებზე, ბუტაფორიაზე. ამზადებენ აფიშას და მოსაწვევ ბარათებს.
სასკოლო დასის არსებობისთვის აუცილებელია სკოლის დირექციის როგორც მორალური, ისე ფინანსური მხარდაჭერა. ჩვენ შემთხვევაში, რომ არა სკოლის დირექციის მხარდაჭერა, ასე ნაყოფიერად ვერ ვიმუშავებდით და ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. სწორედ დირექციის (დირექტორი – რამინ ხინიკაძე) ინიციატივით, სასცენო რეპეტიციების მხარდასაჭერად, მოხერხდა დასში ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტის, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დავით მამრიქიშვილის მოწვევა, რამაც დიდად განაპირობა სპექტაკლის წარმატება – ახალგაზრდა პროფესიონალის მხარდაჭერამ დიდი მოტივაცია, ნდობა და სტიმული მისცა მოსწავლეებს. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, სპექტაკლი მაყურებელმა დიდი აღტაცებით მიიღო, რადგან მართლაც საოცრად მოირგეს როლები და ხარისხიანი შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს.
ნებისმიერ სასწავლო აქტივობას თავისი მიზნები და შედეგები აქვს. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: კონკრეტულად, რა შედეგს იძლევა მოზარდისთვის სასკოლო-საყმაწვილო დასის სპექტაკლში მონაწილეობა? პასუხი აშკარაა: მოსწავლე გააზრებულად კითხულობს ლიტერატურას, ეძებს ინფორმაციას, წერს სცენარს, უყურებს ქართულ მხატვრულ ფილმებსა და სპეკტაკლებს, უზიარებს თანატოლებს შთაბეჭდილებებს, სტუმრობს თეატრს, ესწრება სპექტაკლებს და აკვირდება სამსახიობო ხელოვნებას, მონაწილეობს კოსტიუმების შერჩევასა და სასცენო ესკიზების შექმნაში, ქმნის პერსონაჟს, როლს და… მთავარი: უვითარდება შემოქმედებითი აზროვნება, უყალიბდება ესთეტიკური გემოვნება და ღირებულება, უჩნდება თეატრალური ხელოვნების მიმართ პატივისცემა და ეზრდება ქართული კულტურის მიმართ პასუხისმგებლობა. შესაძლოა, მომავალში, რომელიმე მათგანი მსახიობის ამპლუაშიც ვიხილოთ, მაგრამ ერთი რამ უდავოა – თეატრალური დასის წევრების ცხოვრებაში ისე ძლიერად შეიჭრა თეატრი, რომ მომავალში ისინი აუცილებლად იქნებიან თეატრის გემოვნებიანი მაყურებლები.