გვესაუბრება ნოდარ ჩხაიძე, სენტ-ეგზიუპერის სახელობის ფრანგულ-ქართული სკოლის ისტორიის მასწავლებელი
⇒ პირველ რიგში, გაგვეცანით
⇒ პროფესიით ისტორიკოსი ვარ, ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც ისტორიის მიმართულებით დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად დოქტორანტურაში ვსწავლობ, თუმცა სტატუსი შეჩერებული მაქვს, რადგან მასწავლებლების 60-კრედიტიან პროგრამას გავდივარ და პარალელურად დოქტორანტურის გავლა არ ხერხდებოდა.
⇒ როდის გადაწყვიტეთ თქვენი პროფესიული ცხოვრების სკოლასთან დაკავშირება და რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია მასწავლებელი?
⇒ მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სამსახურს ვეძებდი, ცხადია, მასწავლებლობაზე ნაფიქრი მქონდა, თუმცა ცოტა მეშინოდა, როგორ შევძლებდი. რა თქმა უნდა, გეფიქრება ადამიანს, შევძლებ ჩავატარო საინტერესო გაკვეთილი? არც მახსოვს, პირველი გაკვეთილი როგორ ჩავატარე. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი და როცა დამთავრდა, ამოვისუნთქე. ძალიან რთული და საინტერესო პროფესიაა. თითოეულ ბავშვს თავისი სამყარო აქვს და ყველასთან საერთო ენის მონახვა ხომ ხელოვნებაა. გარდა ამისა, თან გინდა რომ ცოდნა გადასცე, თან — შენგან განსხვავებულად ფიქრობდნენ, გეკამათებოდნენ, ორიგინალურ მოსაზრებებს ამბობდნენ. თუ სკოლაში ფეხს შედგამ, მერე წამოსვლა ძალიან რთულია. ეჩვევი, ბავშვების ცხოვრებით ცხოვრებას იწყებ, მათი წარმატებები გაბედნიერებს და მარცხს ერთად განიცდით.
⇒ დამეთანხმებით, ალბათ, რომ საქართველოში მამაკაცები, სხვადასხვა მიზეზით, ნაკლებად ირჩევენ მასწავლებლის პროფესიას. როგორ ფიქრობთ, რა კეთდება დღეს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის? განიხილავთ თუ არა დაბალ ხელფასს კარგი კადრების სკოლაში წასვლის შემაფერხებელ გარემოებად?
⇒ ცხადია, ხელფასს აქვს მნიშვნელობა და მსურველების რაოდენობამაც მოიმატა, რამდენადაც ვხედავ, რაც ბუნებრივია და კარგია. იმედია, მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი კიდევ გაიზრდება. უბრალოდ, როცა ადამიანები ხედავენ, რომ მასწავლებლები დაუსრულებლად რაღაც კრედიტებს აგროვებენ, რაღაც გამოცდებს აბარებენ, რაღაც ექსპერიმენტში არიან ჩართულნი, დამერწმუნეთ, მოტივაცია უქრებათ. პროფესია დაფასებული უნდა იყოს და მსურველიც მეტი იქნება. დაფასებაში ვგულისხმობ, რომ ნებისმიერი ცვლილება ამ სფეროში მხოლოდ მასწავლებლების აზრის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
⇒ თანამედროვეობა და მასწავლებელი — რას ითხოვენ თანამედროვე მოსწავლეები მასწავლებლისგან?
⇒ მოსწავლეები ითხოვენ, რომ იყო განსხვავებული, რაც შეიძლება საინტერესო გამოვიდეს გაკვეთილი. პანდემიამ დაგვანახა, რომ ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე საგაკვეთილო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის დღევანდელი დღე განათლებაში. აიპოდები, აიფონები, ლეპტოპები… უკან ვეღარ დავბრუნდებით. ბევრად საინტერესო გამოდის გაკვეთილები და მოსწავლეებსაც ბევრად მოსწონთ, როდესაც ეს ტექნოლოგიებია ჩართული საგაკვეთილო პროცესში.
⇒ რამდენად აქტიურია ქართველი მასწავლებელი სასწავლო პროცესის დახვეწის ან გამრავალფეროვნების თვალსაზრისით, ჩაგიტარებიათ „არასტანდარტული გაკვეთილი“?
⇒ თუ არ ცდილობ განვითარებას, არ მოიფიქრებ რაღაც განსხვავებულს, მოსწავლეები არ მიგიღებენ და არ მოგისმენენ. ავტორიტარულად ჩატარებული გაკვეთილი, სადაც მარტო მასწავლებელი ლაპარაკობს და წესრიგს სიმკაცრით ამყარებს, ძალიან მოსაწყენია და მოტივაციას უკლავს მოსწავლეს. კომპლექსური სწავლების მეთოდს, რომელზეც დიდი კამათი მიმდინარეობს, ცხადია, თავისი პლუსები აქვს და ძალიან ორიგინალურია, მაგალითად, როდესაც მოსწავლე კოლუმბის გემის მეზღვაურად ან დავით აღმაშენებლის ჯარისკაცად წარმოიდგენს თავს და შექმნის დღიურს, ჩანაწერს, რუკას ან რაიმე სხვა პროდუქტს. მაგრამ სწავლების სისტემის მთლიანად ამ მიმართულებით გადაყვანა, ვფიქრობ, ძალიან საკამათოა. თითოეულ მსგავს თემასთან შეჭიდებას იმდენი გაკვეთილი სჭირდება, რომ სემესტრში შეიძლება, მაქსიმუმ, 3-4 თემის გავლა მოასწრო. მართალია, მოსწავლე საინტერესო უნარ-ჩვევებს იძენს, მაგრამ ფაქტობრივი ცოდნის გარეშე ისტორია არ არსებობს. ვთქვათ, დავითი, თამარი, ლაშა-გიორგი ვასწავლე, როგორღაც იქნებ რუსუდანიც მივაყოლე. დანარჩენ საკითხებს რა ვუყოთ? ან წინა პერიოდი, ან შემდეგი საერთოდ აღარ სჭირდებათ? აქედან გამოსავალი იყო ძირითადი აქცენტის საქართველოს ისტორიაზე (შესაბამისი მსოფლიო კონტექსტებით) გადატანა, პროგრამები მოკლე უნდა იყოს, მაგრამ ისე გადანაწილებული კლასებზე, რომ სკოლის დამთავრებისას მოსწავლემ ფარსმან ქველიც იცოდეს, ვახტანგ გორგასალიც, თამარ მეფეც, ერეკლე მეორეც და ნოე ჟორდანიაც… თუ მთელ სწავლებას კომპლექსურ დავალებებზე ავაგებთ, ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება, ამის დრო არ დარჩება.
ამას ისიც ემატება, რომ ევროპისა და ამერიკის ისტორიაზე, მთელ რიგ საკითხებზე, ქართულად რესურსები არ არსებობს ან თუ არსებობს, ძალიან მწირია და კომპლექსური დავალებების შესრულება რთულია. მასალა ქართულ ენაზე უნდა არსებობდეს. შემოქმედებითი დავალებები ძალიან კარგია და კარგი მასწავლებელი აუცილებლად იყენებს ამას. მეც ვიყენებ. დავით აღმაშენებელზე კინოსცენარი დაწერეს მეთერთმეტეკლასელებმა და არაჩვეულებრივი გამოვიდა. ოღონდ, როცა კომპლექსურ დავალებაზეა საუბარი, სამინისტროს მხრიდან, ამას ემატება ბევრი საწერი, ბევრი სავალდებულო მოთხოვნა და, რაც მთავარია, იმპერატიული ტონი — შევიმუშავეთ, გადავწყვიტეთ, აწი ყველამ ასე უნდა გააკეთოს.
⇒ რამდენად აკმაყოფილებს სასკოლო სახელმძღვანელოები თანამედროვე მოსწავლის მოთხოვნებს, თქვენი საგნის მაგალითზე?
⇒ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით რაც ხდებოდა, დანაშაული იყო თაობების წინაშე, პასუხისმგებელი არავინაა. მაგალითად, მეათე კლასში დღემდე ისწავლება – მომზენი, რანკე, ჟიულ მიშლე, შოტლანდიური განმანათლებლობა და ა.შ. თემები, რომელზეც ქართულად პრაქტიკულად არაფერი მოგვეძებნება. წიგნში რუკები არ არის, ვიზუალური მასალა ძალიან მწირია. არ ვიცი, როგორ მოიფიქრეს ან ამის დაწერა, ან გრიფის მინიჭება ვის მოუვიდა თავში. სტანდარტული პასუხი იყო: „მასწავლებელი თუ კარგია, ყველაფერს მოახერხებს“. ბავშვები მასწავლებლის ჯადოქრობის იმედად იყვნენ დატოვებული. სხვა საგნის სახელმძღვანელოებშიც მძიმე მდგომარეობა იყო. კარგია, რომ მეშვიდე და მერვე კლასების წიგნები შეიცვალა. რამდენადაც ვიცი, ამჯერად მეცხრე კლასის წიგნის შეცვლა იგეგმება და იმედია, მეათეც მიჰყვება. მერვე კლასის ისტორიას ახალი წიგნით ვასწავლი და რაც მანამდე გვქონდა, იმას ჯობია. უბრალოდ, თუ ჩვენი განათლების სისტემა მთლიანად კომპლექსურ სწავლებაზე გადადის, მაშინ სახელმძღვანელოს აზრს ვეღარ ვხვდები. წყაროების ბაზა გაეკეთებინათ, სადაც საჭირო რესურსებს ნახავდა მასწავლებელი, მოსწავლესაც მიუთითებდა და ისიც დავალებას ამ ბაზის დახმარებით შეასრულებდა. სახელმძღვანელო შეიძლება მასწავლებლისთვის ყოფილიყო საჭირო, რომ ამ ახალი სწავლების მეთოდს ზუსტად მიჰყოლოდა.
⇒ განათლების სისტემა რომ გამართული არ არის, ეს უდავოა, მიზეზი ბევრია. მოსწავლეთა ცოდნის დონე უფრო და უფრო დაბლა ეშვება კლებადი პროგრესიით… ცხადია, ცენტრალიზებული განათლების სისტემა ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. თქვენ რას მიიჩნევთ უმთავრეს პრობლემად რის წინაშეც დღეს სასკოლო განათლების სისტემა აღმოჩნდა?
⇒ სასკოლო განათლების სისტემაში დაუსრულებელი ექსპერიმენტები უნდა დამთავრდეს. რაღაც გეგმის განხორციელებას გარკვეული დრო სჭირდება, არ შეიძლება რამდენი მინისტრიც შეიცვლება, ყველას ახალ-ახალი იდეები აწუხებდეს და მერე ამ იდეებს მასწავლებლებზე ცდიდნენ. მასწავლებლების გამოცდაში თავისთავად ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ჩემს დარგზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროფესიული გამოცდა რეალურად ბევრს არაფერს ამბობს. ამ გამოცდას ისტორიაში მაღალი კლასის მოსწავლე თავისუფლად ჩააბარებს, არათუ მასწავლებელი. შეიძლება დიპლომში გიწერია — ექიმი, ინჟინერი, მხატვარი, ქიმიკოსი ან ნებისმიერი სხვა პროფესია, ვთქვათ, როგორღაც მოახერხე ისტორიის ამ გამოცდის ჩაბარება და გზა ხსნილი გაქვს, ისტორიის მასწავლებელი იყო, ეს სწორია? ისე გამოდის, რომ ყველას ყველაფრის მასწავლებლობა შეუძლია იყოს და ცოდნას მნიშვნელობა არ აქვს.
⇒ რა მდგომარეობაა დღეს მასწავლებლების კვალიფიკაციის მხრივ ქვეყანაში? რეალურად, რა ტიპის გადამზადება სჭირდებათ მასწავლებლებს და რამდენად სწორად ზრუნავს განათლების სისტემა პედაგოგის პროფესიულ განვითარებაზე?
⇒ ტრენინგებსა და გადამზადებებში ცუდს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, როცა რაღაც დაუსრულებლად გრძელდება, რუტინაა მასწავლებლისთვის და საბოლოოდ შედეგი არ დგება, ბუნებრივია, მასწავლებლის მოტივაციაც იკარგება. საბოლოო შედეგით უნდა განისაზღვროს: ჩავატარეთ ტრენინგები, ვინ გამოიყენა პრაქტიკაში ან გაამართლა? ამდენი თანხა დაიხარჯა და რა შედეგი მივიღეთ? იქნებ ტყუილად იხარჯება თანხები. მოძრაობას სულ ვხედავ, რაღაც გადამზადებებს, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით შედეგს ვერ ვხედავ.
⇒ ნოდარ, ჩემი ყურადღება სოციალურ ქსელში გავრცელებულმა თქვენმა სტატუსმა მიიქცია, სადაც ღიად საუბრობთ სასკოლო განათლებაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ რეალობაზე. მინდა, თქვენი ეს გამოხმაურება იმ პედაგოგებსაც გავუზიაროთ, რომლებსაც კომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის არქონის გამო (სამწუხაროდ, ასეთები საკმაოდ ბევრნი არიან) წაუკითხავი დარჩათ.
⇒ „ზოგადად, მასწავლებლები რომ სიახლეებს არ ღებულობენ, არის მითი. ცხადია, ყველა სიახლის მიმართ კითხვები ჩნდება. მაგრამ, ასე იყო თუ ისე, ნებით, ძალით, ყველა შემოთავაზებულ სიახლეს წლების განმავლობაში მასწავლებლები მიყვებოდნენ, სხვა გზა არ ჰქონდათ.
კრედიტებსაც აგროვებდნენ, იმ ფურცლებსაც ავსებდნენ (რომელსაც არავინ კითხულობდა და კითხულობს), ტრენინგებზეც დადიოდნენ, თეორიებსაც ეცნობოდნენ, სამინისტროს მიერ ტაშისკვრით დამტკიცებული უვარგისი სახელმძღვანელოებითაც წვალობდნენ, შრომობდნენ. კარგ მასწავლებლებზე ვამბობ.
იგივე სამინისტრომ გაარკვია, რომ კრედიტების გროვება სისულელე ყოფილა, ფურცლები ტყუილად ავსებინა ამ ხალხს, 20 000 ტრენინგი გაატარა და საბოლოოდ შედეგი არ დადგა, რა ადგილზეც ვიყავით, იმაზე წინ არ ვართ ყოველ შემთხვევაში. დაკარგული დრო, საათები, რაც ბავშვებს უნდა მოხმარებოდა, ტყუილად დახარჯული ენერგია ვიღას ახსოვს და პასუხისმგებელი ვინაა? არადა, ნაწილი, იმ დროსაც, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერების სახელებით ამართლებდა ამას. ასე იყო თუ ისე, ეს ყველაფერი გამოცდილებად დარჩა, უნდობლობა გაჩნდა და არსებობს დღემდე.
დაიწყეს რეფორმა, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად ცვლის სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესს.
წინა გამოცდილებიდან გამომდინარე და თან, როცა ამხელა საქმეს იწყებ, ბუნებრივია, რეფორმა უნდა ყოფილიყო ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი: გარჩევა უნდა ყოფილიყო ტელევიზიითაც, უნივერსიტეტშიც, ყველა სკოლაში, საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან ერთად. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. განათლების სისტემაში პანაცეა არ არსებობს, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი.
ხალხი, რომლებიც ექსპერტებად გამოცხვნენ ამ ახალი სკოლის მოდელის მიმართულებით, სამწუხაროდ, ერთმანეთს დაემსგავსნენ: კომპლექსური სწავლების მეთოდი გამოცხადებული აქვთ უპირობო ჭეშმარიტებად, უცდომელად, ვისაც არ მოსწონს ახალი სწავლების სისტემა: არის ჩამორჩენილი, ბნელი, უვიცი, არ გაუგია ბლუმი, სკინერი, გარდნერი და სხვები. მხოლოდ კომუნისტური — „ადექი, მოყევი“ იცის და იმიტომ არ მოსწონს! სხვა ვერსია არ არსებობს!
დამახასიათებელი სნობიზმი: აი, გოიმები, სოლო ტაქსონომია არ იციან, სამიზნე ცნებებს ვერ წვდებიან. აუცილებლად უნდა მოწონდეს ყველას! ჩამორჩენილის იარლიყს ვერ გადარჩებით.
მასწავლებელთა სახლის დირექტორი ამბობს, რომ საგნები ცალ-ცალკე არ მომწონსო: ფიზიკა ცალკე არ უნდა ისწავლებოდესო, ქიმია ცალკე არაო. არადა 2024 წლამდე გაწერილია უკვე ის გეგმა, რომელიც თვითონვე დაამტკიცეს დიდი ზარზეიმით. რა გააკეთოს ახლა მასწავლებელმა? დაბნეულობას იწვევს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველამ იცის, რა იდეაც მოუვიდათ, თუნდაც ყველაზე გიჟური, ყველაფერს გაათრევენ ისე, რომ მასწავლებლების აზრი არც აინტერესებთ“.
⇒ დაბოლოს, როგორია თქვენი თვალით დანახული თანამედროვე ქართველი მასწავლებელი?
⇒ თანამედროვე ქართველი მასწავლებელი არ არის თავისუფალი. ბიუროკრატიით, სქემით, ცუდი სახელმძღვანელოებით, დაუსრულებელი ექსპერიმენტებით დაღალეს. თუ დეცენტრალიზაციაზე დაიწყეს ლაპარაკი, მაშინ მასწავლებლებს თავისუფლება უნდა მიეცეთ და უნდა აცალონ მეთოდების არჩევაც. საბოლოოდ, შედეგით და მოსწავლეების ცოდნით განისაზღვრება ვისი მეთოდი ჯობდა და ვისი უარესი იყო.