გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ხელისუფლებამ, განათლების სამინისტრომ და უმაღლესმა სასწავლებლებმა ფიზიკას, როგორც სასწავლო საგანს, დაუკარგეს ყოველგვარი ღირებულება, მნიშვნელობა და ფუნქცია. დღეისათვის, სასკოლო საგაკვეთილო ცხრილში, ფიზიკამ მიიღო უარყოფილი, ფორმალური საგნის ხასიათი /მიზეზებზე საუბარს აღარ შევუდგები/. შედეგმაც აღარ დააყოვნა არა მარტო სკოლებში, არამედ ზედა ეშელონებშიც.
წლებია, რაც უმაღლესმა სასწავლებლებმა ფიზიკის ფაკულტეტები გააუქმეს. თუ სადმე შემორჩა, აღარც კომპლექტდება, მიუხედავად გარკვეული საშეღავათო პირობებისა – ფიზიკის ფაკულტეტზე უგამოცდო ჩარიცხვა; სწავლის საფასურისგან გათავისუფლება.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ფიზიკის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა რთულია, სხვა საგნების სასერტიფიკაციო გამოცდებისგან განსხვავებით. და ეს სირთულე იმდენად შესამჩნევია, რომ დასაბუთება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. მაგალითად:
1. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების დაწყებიდან დღემდე, ყველა საგნის ტესტების სავარაუდო პასუხთა რიცხვია ოთხი. გამონაკლისია ფიზიკა, რომლის სავარაუდო პასუხთა რიცხვია ხუთი. ხუთი როგორც განსხვავდება ოთხისგან, ასევე ხუთპასუხიანი ტესტი რთულია ოთხპასუხიან ტესტთან შედარებით.
2. არც ერთი სასერტიფიკაციო საგნის ტესტების რაოდენობა არ აღემატება ორმოცს, ფიზიკაში კი – ორმოცდასამია.
3. დასაგროვებელი მაქსიმალური ქულაა 70. უპრიანია, შედარება გავაკეთოთ მათემატიკასთან. დიახ, მათემატიკაში, სერტიფიცირება ხდება VII-XII კლასებისთვის, ხოლო ფიზიკაში – VIII-XI კლასებისთვის.
მათემატიკა ექვსკლასიანია, 27-საათიანი კვირეული დატვირთვით, ტესტების რაოდენობა – 40, მაქსიმალური ქულა – 52, ტესტის სავარაუდო პასუხი – 4; ფიზიკა ოთხკლასიანია, 9-საათიანი კვირეული დატვირთვით, ტესტების რაოდენობა – 43, მაქსიმალური ქულა – 70, ტესტის სავარაუდო პასუხი – 5.
4. ფიზიკის სასერტიფიკაციო გამოცდაზე, სხვა საგნებთან შედარებით, არის ბევრი არასტანდარტული ტესტი, რის დასაბუთებასაც აქ აღარ შევუდგები, უბრალოდ დაინტერესებულ პირებს ვურჩევ, შევადაროთ 2019 წლის მათემატიკისა და ფიზიკის ტესტები.
ვფიქრობ, ფიზიკის საგამოცდო ტესტების მრავალმხრივი გართულება შემთხვევითი მოვლენა არ არის. ეს არის მიზანმიმართული ქმედება, ხელისუფლებისა და მათი შტოების მიერ, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ფიზიკის მიმართ ჩადენილი არასწორი, დამაზიანებელი ქმედებების დაფარვისა და ყველაფრის მასწავლებლებზე გადაბრალების მცდელობაა.
სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისას, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიზიკაზე მოდის და ამას ურცხვად უსმენენ, ხედავენ და იმეორებენ, ზემოთ დასახელებული სამივე შტოს წარმომადგენლები. მათ შორის, ყველაზე ცუდი, რაც ხდება, არის ის, რომ მოსწავლეები იგებენ მასწავლებლების წარუმატებლობას და კიდევ უფრო იძულებენ ისედაც უარყოფილ და არარაობად ქცეულ საგანს.
ვფიქრობ, გამოსავალი სასერტიფიკაციო გამოცდის გართულებაში და ამით მიღებულ შედეგებში ნამდვილად არ არის. ეს მდგომარეობა ვერ შეაყვარებს მოსწავლეებს ფიზიკას, ვერ აღადგენს და ვერ გადაავსებს ფიზიკის ფაკულტეტებს სტუდენტებით. გარკვეულწილად, ეფექტიანი იქნება, ტესტებზე მომუშავე კომისიამ დადგენილი სტანდარტებით იხელმძღვანელოს:
1. შეამციროს სავარაუდო პასუხების რიცხვი 4-მდე;
2. ტესტების რაოდენობა არ აღემატებოდეს 40-ს;
3. მაქსიმალურ ქულათა რაოდენობა არ აღემატებოდეს 52-ს;
4. ტესტში შეტანილ იქნეს სტანდარტული ამოცანები.
დემურ კუხალეიშვილი
ზუგდიდი, ჩხორიის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი