განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სასწავლო თამაშების როლი მოსწავლეთა წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვის როგორც კოგნიტურ, ისე ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. თამაში, ასევე, ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს აქტუალური. მაგალითად, ქართველი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის აზრით, „თამაშს ეგოდენ დიდი ობიექტური აზრი აქვს: ამიტომაა, რომ იგი გროსის არ იყოს, ცხოვრების ნამდვილი „მოსალოდნელი სკოლაა“.
თამაში ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების კარგი საშუალებაა, ბავშვები ივითარებენ ვერბალური და არავერბალური, მარტივი და კომპლექსური კომუნიკაციის უნარებს;
თამაშში ბავშვები ხალისით ერთვებიან და ინტერესით ასრულებენ დავალებებს, ხდებიან უფრო კონცენტრირებულები და ყურადღებიანები, რაც საშუალებას აძლევს მათ, უკეთესად აითვისონ და გაიაზრონ შესასწავლი მასალა. თამაში ეხმარება ბავშვებს, ემოციების საშუალებით, უფრო მარტივად, დამოუკიდებლად ააშენონ ახალი ცოდნა და გამოცდილება, უკვე არსებულზე დაყრდნობით;
დიდაქტიკური თამაშების გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია, ლამაზად შენიღბოს სასწავლო ამოცანა, რათა მოსწავლე ბუნებრივად, სტრესის გარეშე დაეუფლოს ცოდნას. სასწავლო თამაშების ეფექტიანობა, უპირველეს ყოვლისა, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს, რომელიც განსაზღვრავს მასში მოსწავლის ჩართვას. თუ დიდაქტიკური თამაშის მიმართ მოსწავლეებს დადებით ემოციურ დამოკიდებულებას შევუქმნით, შედეგიც აუცილებლად დადებითი იქნება, თამაშზე დაფუძნებული სწავლება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს ნამდვილად სჭირდება, რადგან თამაშში მონაწილეობა, მოსწავლისთვის სწავლის პროცესს სასიამოვნოს ხდის და გაცილებით იმატებს გაგება-დამახსოვრების ხარისხიც.
დიდაქტიკური თამაშის ამ თვისებებზე ჯერ კიდევ ფ. ფრებელი (XIXს-ის გერმანელი პედაგოგი, „საბავშვო ბაღის“ ცნების ავტორი) და მ. მონტესორი მიუთითებდნენ, როდესაც სწავლებისას თამაშის გამოყენებაზე მსჯელობდნენ. XXI საუკუნეში კი თამაშით სწავლისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
დიდაქტიკური თამაშებით სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაა და, პირველ რიგში, მათი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებას გულისხმობს. ამიტომ, სანამ მასწავლებელი სწავლების ამ ფორმას მიმართავს, მნიშვნელოვანია, შესაბამისი სასწავლო გარემო შექმნას: მოამზადოს თამაშისთვის საჭირო რესურსები, რომელთა შექმნისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეების ინტერესები, უნარები და საჭიროებები, შეარჩიოს კონკრეტული თამაშისათვის კლასის ორგანიზების ოპტიმალური ფორმები, მერხები და სკამები კი განალაგოს სასწავლო თამაშის წესების შესაბამისად.
გთავაზობთ რამდენიმე სასწავლო თამაშს, რომელთაც წარმატებით ვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან კითხვის უნარის, მეტყველების განვითარებისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით:
სიტყვები წყვილებში: მასწავლებელი წყვილებს სთხოვს „სიტყვის სკივრიდან“, რომელშიც შესწავლილი სიტყვებია მოთავსებული, ამოიღონ ხუთი სიტყვა და 1 წუთის განმავლობაში ერთმანეთს ესაუბრონ ნებისმიერ (ან მასწავლებლის მიერ განსაზღვრულ) თემაზე; ბავშვები ცდილობენ, საუბრისას ხუთივე სიტყვის გამოყენება მოასწრონ. თამაშის შემდეგ ეტაპზე ერთვება მომდევნო წყვილი და ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა არ მიიღებს მონაწილეობას;
ნახატების დაგროვება: მასწავლებელი კლასს ჰყოფს ორ გუნდად, ურიგებს განსაზღვრული რაოდენობის (10-დან 20-მდე) ერთნაირ სიტყვის ბარათებს, რომლებსაც მოსწავლეები შლიან მაგიდაზე ისე, რომ ადვილად იკითხებოდეს; შემდეგ ნახატების დასტიდან სათითაოდ იღებს საგნების გამოსახულებებს და აჩვენებს ბავშვებს. რომელი გუნდის წარმომადგენელიც სწრაფად იპოვის ნახატის შესაბამის სიტყვას, მის გუნდს რჩება ნახატი. ასე გრძელდება თამაში ილუსტრაციების ამოწურვამდე. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტ ნახატს დააგროვებს;
სიტყვების ლოტო: მასწავლებელი დაფაზე ამაგრებს სიტყვის ბარათებს. მისი მითითებით, ბავშვები თაბახის ფურცლებს კეცავენ 8 ნაწილად, შემდეგ კი ისევ შლიან. მოსწავლეები, დაფაზე გაკრული სიტყვებიდან, შეარჩევენ და მიღებულ უჯრებში წერენ 8 სიტყვას; ამის შემდეგ, თითო მოსწავლე თავისი შევსებული ფურცლიდან ხმამაღლა წარმოთქვამს თითო სიტყვას, დანარჩენები, დასახელებულ სიტყვას, თუკი დაემთხვა, მონიშნავენ თავიანთ უჯრებზე და იძახიან სიტყვას: „ბინგო“. გამარჯვებულია ის, ვინც პირველი მონიშნავს თავის ფურცელზე ყველა სიტყვას. ამ შემთხვევაში გამარჯვებული დაიძახებს: „სუპერბინგო!“ და წყდება თამაში;
სიტყვების აკიდო: მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს წებოვან ქაღალდებზე დაწერილ თანაბარი რაოდენობის, მაგრამ განსხვავებულ სიტყვებს. შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით, თითო ჯგუფი იღებს ანბანის ერთ ასოს და ამაგრებს დაფის ზედა ნაწილზე ჰორიზონტალურად. მოსწავლეები თავიანთ ბარათებში პოულობენ სიტყვებს, რომლებიც იწყება მათი ჯგუფის მიერ შერჩეულ ასოზე, გამოდიან და აკრავენ შესაბამისი ასოს ქვეშ. გამარჯვებულია ის ჯგუფი, რომელიც შეძლებს ყველაზე გრძელი „სიტყვების აკიდოს“ შექმნას;
სიტყვების გაელვება: მასწავლებელი წყვილებს/ჯგუფებს აჩვენებს წამიერად ,,გაელვებულ“ სიტყვის ბარათების გარკვეულ რაოდენობას. ბავშვები ცდილობენ, დროის მცირე მონაკვეთში, დანახული სიტყვების სწორად დასახელებას. მასწავლებელი ინიშნავს სწორ პასუხებს. იმარჯვებს ის წყვილი/ჯგუფი, რომელსაც მეტი სწორად დასახელებული სიტყვა დაუგროვდება;
1-წუთიანი საუბარი: მასწავლებლის მითითებით, მოსწავლეები, სურათებიანი ბარათების დასტიდან, მორიგეობით იღებენ თითო ბარათს და 1 წუთის განმავლობაში უნდა შეძლონ შეუჩერებლად საუბარი მასზე გამოსახული საგნის შესახებ;
სიტყვების „სნაიპერი“: მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ნებისმიერ უცხო ტექსტს (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, ბროშურა) შემდეგ ასახელებს სიტყვას და ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ იგი თავიანთ რესურსში;
სიტყვების მარკეტი: მასწავლებელი წყვილებს/ჯგუფებს ურიგებს განსაზღვრული რაოდენობის, ერთნაირი სიტყვის ბარათებს. შემდეგ იწყებს „ვაჭრობას“, მაგალითად: „წითელ წრეს გავცვლი სამმარცვლიან, საგნის თვისების გამომხატველ სიტყვაში, რომელიც შედგება 7 ასოსგან და იწყება თანხმოვანზე!“. ვინც პირველი იპოვის ამ მახასიათებლების შესაბამის სიტყვას, აძლევს მასწავლებელს და იღებს წითელ წრეს. მასწავლებელი ყოველ ჯერზე ცვლის სიტყვის მახასიათებლებს გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე. ასე გრძელდება თამაში 3-5 წუთის განმავლობაში. ბოლოს ითვლიან „ნავაჭრს“ და გამოვლინდება გამარჯვებული;
სიტყვების დაკავშირება: მასწავლებელი წყვილებს/ჯგუფებს ურიგებს 5-7 სიტყვის ერთნაირ ბარათს და აძლევს ინსტრუქციას: სცადონ, ეს სიტყვები ერთმანეთს დაუკავშირონ აზრობრივად, მაგალითად, შერჩეული სიტყვები: ტოტები, ქარი, ხე, ძლიერი, ნორჩი, დამტვრევა. მოსწავლეები, სავარაუდოდ, შეადგენენ ასეთ წინადადებას: „ძლიერმა ქარმა ნორჩ ხეს ტოტები დაამტვრია“. მასწავლებელი შერჩეულ სიტყვებში აუცილებლად ურევს ახლად შესწავლილი სიტყვებიდან 1-2 სიტყვას მაინც. თამაშში მონაწილეობა ხელს უწყობს მათი მნიშვნელობის უკეთ გააზრებას და აქტიურ ლექსიკაში დამკვიდრებას.
თამაშით სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე, რადგან ამ ასაკის მოსწავლეებში ჯერ კიდევ აქტუალურია თამაშის მოთხოვნილება და მოსწავლეები ყოველთვის სიამოვნებით ერთვებიან სასწავლო მიზნის შესაბამის დიდაქტიკურ თამაშებში, შედეგად — გაცილებით უადვილდებათ ახალი ინფორმაციის აღქმა და უკვე არსებული ცოდნის საჭიროებისამებრ გამოყენება. მოსწავლეთა ინტერაქციის უზრუნველსაყოფად, მასწავლებელმა ხშირად უნდა ცვალოს თამაშები ან გაუკეთოს მოდიფიცირება.
გაკვეთილზე დიდაქტიკური თამაშების სისტემატური გამოყენება მოსწავლეებს ხალისს მატებს და ხელს უწყობს იმ ცოდნისა და უნარების ფორმირებას, რომელთა განვითარება ჰქონდა განზრახული მასწავლებელს სასწავლო გეგმის მიხედვით და რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო სივრცის გარეთაც, პრაქტიკულ ცხოვრებაში.
ნინო გურეშიძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაზალეთის
საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრი