სამწუხაროდ, არსებითი სახის გაუმჯობესება არ ჩანს – მათემატიკის ჯგუფის ხელმძღვანელი ზაზა თევდორაძე პირველად შედეგებს აფასებს

1157

როგორ შეაფასებდით აბიტურიენტების წლევანდელ შედეგებს მათემატიკაში?

შედეგები დაახლოებით იგივეა, რაც იყო გასულ წელს. მიმდინარე წელს ტესტის სტრუქტურამ მცირე ცვლილება განიცადა, მაგრამ შენარჩუნებული იქნა სირთულის დონე. შედეგებზე ყველაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს გამოცდის შედეგების სტატისტიკა, რომელიც მალე გამოქვეყნდება.

 იცვლება თუ არა წლიდან წლამდე აბიტურიენტების ცოდნის დონე მათემატიკაში? გაამართლა თუ არა ამ ცვლილებებმა?

სამწუხაროდ, არსებითი სახის გაუმჯობესება არ ჩანს. წელს შეიცვალა მათემატიკის ტესტი – კერძოდ, ამოღებული იყო რამდენიმე დავალება და, შესაბამისად, შემცირდა მაქსიმალური ქულა. ტესტის სტრუქტურული ცვლილების შედეგად, როგორც აღვნიშნეთ, ტესტიდან ამოღებულ იქნა რამდენიმე დავალება და პროპორციულად შემცირდა ტესტის შესრულებისთვის გამოყოფილი დრო. ამით ჩვენ შევინარჩუნეთ ტესტის სირთულის დონე და იმავდროულად შევეცადეთ, მოგვეხსნა ტესტზე მუშაობის მეოთხე საათით გამოწვეული დაღლილობა და სტრესი აბიტურიენტებისათვის. ტესტის შედეგების სტატისტიკაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ცვლილებებმა გაამართლა.

დაიწერა თუ არა წელს მაქსიმალური ქულა? ასევე რამდენია იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც  2021 წელს მათემატიკაში ვერ გადალახეს ზღვარი? გაზრდილია თუ არა მათი რიცხვი წინა წელთან შედარებით?

2021 წელს  დაიწერა 13 უმაღლესი შეფასება – 51 ქულა (გასულ წელს დაიწერა 12 უმაღლესი შეფასება). მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წინა წლის მსგავსად, პირველადი შედეგების მიხედვით 17 % -ზე მეტმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა. ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ მათემატიკის ტესტებმა კარგად მოახდინეს როგორც მაღალი, ასევე საშუალო და დაბალი მათემატიკური ცოდნისა და უნარების აბიტურიენტების დიფერენცირება, რაც სასელექციო გამოცდის ტესტის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს. სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ტესტები იყო დაბალანსებული და კარგად მორგებული თავის მიზნებს.

რა ტიპის შეცდომები ჰქონდათ აბიტურიენტებს ყველაზე ხშირად დაშვებული?

ღია ტიპის დავალებების გასწორების პროცესში გამოვლენილი შეცდომები სხვადასხვა სახის იყო. გვხვდებოდა როგორც ტექნიკური სახის შეცდომები, როდესაც აბიტურიენტი სწორად ვერ აწარმოებდა გამოსახულებების მათემატიკურ გარდაქმნებს, ასევე ხშირი იყო მათემატიკური ფაქტობრივი ცოდნის ნაკლებობით გამოწვეული შეცდომები. გასწორების პროცესმა აჩვენა, რომ აბიტურიენტების ერთ ნაწილს შესაძლოა აქვს კიდეც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი ცოდნა, მაგრამ უჭირთ მისი გამოყენება კონკრეტულ შემთხვევებში.

რას ურჩევთ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გეგმავენ მომდევნო წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის ჩაბარებას?

მათემატიკა ბარდება იმ სასწავლო პროგრამებზე, რომლებზეც კარგი მათემატიკური ცოდნისა და უნარების ფლობის გარეშე სწავლა წარმოუდგენელია. ესენია: საინჟინრო, ეკონომიკური, საფინანსო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა, საბუნებისმეტყველო და მათემატიკის მიმართულებები. აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ბეჯითად იმუშაონ, რათა გახდნენ თავიანთი სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და შემდგომ წარმატებით მოახერხონ სასურველი პროფესიის დაუფლება.

 

დატოვეთ კომენტარი