25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

სამინისტრო უსაფრთხო გარემოს შეუქმნის თითოეულ გამოსაცდელს – სამუშაო შეხვედრაზე გამოცდების ჩატარების წესი განიხილეს

spot_img

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესებს განიხილავდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ გამოცდების ჩატარების წესში ცვლილებები შევიდოდა, აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით. მოლოდინი არ გამართლდა, რადგან შეხვედრის დასასრულ გაკეთებულ განცხადებაში, ფაქტობრივად, ახალი არაფერი იყო, სამინისტრო ისევ აცხადებს, რომ აპლიკანტებს გამოცდებზე, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, უსაფრთხო გარემო დახვდებათ, დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც ამ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მერხებს წინა დამცავი ბარიერები ექნება, ამასთან ერთად, დაცული იქნება პირადი ჰიგიენის წესები.

გთავაზობთ ნუნუ მიცკევიჩის განცხადებას, რომელიც მან, შეხვედრის დასასრულ, ჟურნალისტებთან გააკეთა:

„როგორც მოგეხსენებათ, კორონა ვირუსის ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით, აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ერთად. განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო ადასტურებს 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო, ასევე, მაგისტრობის მსურველთა კონკურსების ჩასატარებლად მზადყოფნას და, შესაბამისად, მასწავლებელთა იმ ნაწილისთვის, რომელიც 2020 წლის ზაფხულის გამოცდებზე მიიღებენ მონაწილეობას, ჩვენ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ მათ დახვდებათ უსაფრთხო გარემო, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, დაცული იქნება ის დისტანცია, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც მოგეხსენებათ თითოეული მერხი უზრუნველყოფილია წინა დამცავი ბარიერით და ამასთან ერთად, პირადი ჰიგიენის წესები არის აბსოლუტურად დაცული.

ჩვენ, როგორც დაგპირდით, მუდმივ კონტაქტში ვართ, პერმანენტულ მუშაობაში გახლავართ ჩართული ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად და, უახლოეს დღეებში, დაზუსტებულად მოგაწვდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც შესრულებული იქნება განათლების სამინისტროს მიერ თითოეულ სექტორში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და გიდასტურებთ, რომ სამინისტრო შეუქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეულ გამოსაცდელს, მეთვალყურეს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საგამოცდო სისტემის ორგანიზებაში.“

მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა, თუმცა რაიმე ახალი ინფორმაცოა არც ამ პასუხებში ყოფილა.

„ჩვენ დღეს განვიხილეთ ის სიტუაცია, როდესაც უკვე გამოსაცდელი პირი დაიკავებს ადგილს, კონკრეტულად განთავსდება მისთვის განკუთვნილ საგამოცდო სივრცეში. – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა,მოგეხსენებათ, რომ მათ უკვე მიღებული აქვთ საგამოცდო ბარათები, იციან თავიანთი ადგილები, სად უნდა მოთავსდნენ და ჩვენ ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, ადგილების დაკავების შემდეგ, ისინი რა წესს უნდა დაექვემდებარონ, იმავე გაგრილების სისტემებთან და პირბადეების გამოყენების წესთან დაკავშირებით. ჩვენ ვთანხმდებით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებული იქნება ჯანდაცვის სისტემის მიერ და მზად ვართ, შევასრულოთ. განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ თითოეული სივრცე უზრუნველყოფილია ტექნიკურად გამართული კონდიციონირების სისტემით. როგორც დღეს გვაქვს რეკომენდაციებში, ყველა სივრცე განიავდება გამოცდების დასაწყისში და შუალედში, გაიმართება სანიტარიული შესვენება და დეზინფიცირებული იქნება ყველა გარემო. რაც შეეხება გაგრილების დაზუსტებულ წესებს,  ამ დღეებში შემოგთავაზებთ.“

მინისტრის მოადგილემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სხვადასხვა უწყებას შორის გარკვეული უთანხმოებაა: „არც ერთი უწყების მხრიდან არანაირ წინააღმდეგობაზე არ არის საუბარი, პირიქით, აქ არის აბსოლუტურად შეთანხმებული საუბარი და ეს არის სამუშაო შეხვედრები. ამასთან ერთად, ჩვენ ვითვალისწინებთ საერთაშორისო, ამ შემთხვევაში – ევროპულ, დაავადებათა კონტროლის პრევენციის ორგანიზაციების ყველა რეკომენდაციას. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ახალი დაავადება, ახალი ინფექცია და ეს არ არის პანდემია, რომლის მიმართ განსაზღვრული და ჩამოყალიბებულია გარკვეული წესები, შესაბამისად, ყოველდღე არის სიახლე და ჩვენ არ გვინდა ავჩქარდეთ.“

როგორც ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება და საზოგადოება ყველა დეტალზე იქნება ინფორმირებული: „ამ თემაზე ვიმუშავებთ და გადაწყვეტილების შესახებ გამოცდებამდე, უახლოეს დღეებში, მოგაწვდით ინფორმაციას. მოგეხსენებათ, რომ  ეროვნულ გამოცდებამდე რამდენიმე დღე დაგვრჩა და ინფორმირებას მოვასწრებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით.“

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე მართლაც რამდენიმე დღეა დარჩენილი. იმედია, განათლების სამინისტრო დროულად მოასწრებს აბიტურიენტების ინფორმირებას გამოცდების ჩატარების წესში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, თუ ასეთი იქნება მიღებული და ცვლილებების შესახებ განცხადებას პირველი საგამოცდო დღის წინა საღამოს არ გააკეთებს.

ლალი თვალაბეიშვილი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები