სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის სათანდო პირობების შექმნაა. „განათლების შესახებ“ კანონით, პრაქტიკოს სპეცმასწავლებლებს კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარება 2022 წლის პირველ იანვრამდე შეეძლოთ, პირველი გამოცდა კი 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო. კოვიდ პანდემიის გამო, სპეცმასწავლებლები პირველ გამოცდაზე მხოლოდ 2021 წლის ზაფხულში გავიდნენ. მაშინ კვალიფიკაცია დაადასტურა და შესაბამისი სტატუსი მოიპოვა 1302-მა კანდიდატმა, მათგან 1010 მოქმედი სპეცმასწავლებელია. დღეისათვის, სისტემაში 938 პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი რჩება, რომელთაც არ აქვთ ჩაბარებული კანონით განსაზღვრული გამოცდა.
ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს, 2015 წლიდან, ყოველწლიურად ჰქონდათ შესაძლებლობა, დაედასტურებინათ კვალიფიკაცია და აემაღლებინათ სტატუსი. ამ შესაძლებლობას მოკლებული იყვნენ სპეცპედაგოგები, რომელთაც მხოლოდ 2020 წელს მიეცათ კანონმდებლობით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების უფლება, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მათ, სხვა პრაქტიკოს მასწავლებლებთან შედარებით. სწორედ ესაა კანონპროექტის მთავარი მოტივი, რომელიც განათლების სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება იმ მოქმედ სპეციალურ მასწავლებლებს შეეხება, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სპეციალური მასწავლებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და მათთვის კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის ჩატარების ვადის გაზრდას, განათლების სამინისტრო, 2025 წლის პირველ იანვრამდე ითხოვს.
კიდევ ერთი არგუმენტი, რითაც გამოცდის გადავადებას ხსნის ცვლილების წარმდგენი, სპეციალური მასწავლებლების დეფიციტია. პარლამენტში განხილვისას, განათლების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა, რომ გამოცდის ჩაბარების ვადის გახანგრძლივება მნიშვნელოვანია, რათა „არ შეფერხდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდების პროცესი“. როგორც ჩანს, განათლების კომიტეტის წევრებისთვის სამინისტროს არგუმენტები არასაკმარისია, რომ ცალსახა მხარდაჭერა მიიღოს ცვლილებების პაკეტმა. ვფიქრობთ, ლეგიტიმური იყო შეკითხვა განათლების უწყების მისამართით, რას გააკეთებს სამინისტრო იმისთვის, რომ პრაქტიკოსმა სპეცმასწავლებლებმა წარმატებით ჩააბარონ გამოცდა. ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა, რომ ეს დრო მოხმარდება სპეცპედაგოგების მომზადებას გამოცდებისთვის, ჩაუტარდებათ ტრენინგები, მათ შორის დისტანციური სწავლების მოდული და ა.შ. ეს გამოცდილება სისტემას აქვს და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ თითოეულმა წარმატებით დაადასტუროს კომპეტენცია და აიმაღლოს სტატუსი.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3-წლიანი გადავადების ნაცვლად, მიზანშეწონილად ერთწლიანი ვადა მიიჩნია: „გასაგებია, რომ ადამიანებს ჩაბარებული ჰყავთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები და წყვეტა არ უნდა იყოს. არ ვიცი, ზოგადად, რამდენად დეფიციტია ამ პედაგოგების, მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც სახელმწიფოს აქვს, მათ შორის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიმართ, რამდენად გონივრულია ეს ვადა… მე ასეთ რამეს შემოგთავაზებთ – ვთხოვოთ განათლების სამინისტროს, წარმოგვიდგინოს გრაფიკი, პროგრამები, თუ რას სთავაზობს იმ მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდებზე უნდა გავიდნენ. პირობითად, 2022 წელს რამდენი ადამიანის გადამზადება შეიძლება, რა პროგრამებთ — ეს რომ წარმოგვიდგინოთ წერილობით, რასაც განვიხილავთ საკომიტეტო მოსმენაზე.“
კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ გადავადებას მხარს ერთი დათქმით დაუჭერენ, სამინისტრო წარმოადგენს მოთხოვნილ გეგმას. დღეისათვის, სპეცმასწავლებელთა კარიერული წინსვლისთვის სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა ისევ გადაიდო. გაურკვეველია ისიც, როდის წარუდგენს განათლების სამინისტრო სერტიფიცირებისთვის პედაგოგთა მომზადების გეგმას პარლამენტს და ისიც, გამოცდების ჩატარების რა პერიოდით გადავადებაზე შეთანხმდებიან საკანონმდებლო ორგანო და ცვლილებების წარმდგენი განათლების სამინისტრო.
ანა ფირცხალაიშვილი