3 დეკემბერი, შაბათი, 2022

სამინისტროს პოლიტიკა რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების მიმართულებით

spot_img

⇑⇓ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენა. გთავაზობთ მის განმარტებას პირველ შკითხვაზე: საქართველოში 58 რუსულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია – 11 სკოლა და 47 სექტორი, რომელთა კონტინგენტი იზრდება. პარალელურად იზრდება რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც. როგორი არის სამინისტროს პოლიტიკა? კერძოდ, გულისხმობს თუ არა იგი რუსულენოვანი სკოლების და სექტორების რაოდენობის ზრდას? თუ გულისხმობს საიდან მოჰყავს პერსონალი? რა პრინციპით ხელმძღვანელობს სამინისტრო კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციის მინიჭების დროს?

დღევანდელი პასუხები 1 ნოემბრის მონაცემების საფუძველზეა მომზადებული. 2022 წლის 1 იანვრიდან, საჯარო და კერძო სკოლებში, რუსული სექტორი არ დამატებულა, ხოლო 2 საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორი. ამასთან გაცნობებთ, რომ 2020-22 წლებში, ავტორიზაცია არც ერთ რუსულენოვან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია. აქვე განვმარტავ, რომ განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაცია წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული, განათლების დამადასტურებელი, დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

ამავე კანონის მიხედვით, ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. 2021 წლის მაისის მდგომარეობით, რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებზე ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენდა 14 222-ს, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით – 16 042-ს. აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების კონტინგენტის 1820 მოსწავლიდან ზრდა, უმთავრესად, უკავშირდება 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე იმ პირების შემოსვლას, რომლებიც ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, რომ გასულ სასწავლო წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა. ხოლო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-23 სასწავლო წლისთვის, თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა და ასევე გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, საკუთარი სურვილით, შესაძლებლობა ჰქონდათ და კვლავ ეძლევათ, სხვადასხვა ენაზე გააგრძელონ სწავლა საქართველოს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში როგორც ქართულ, უკრაინულ, რუსულ, ასევე, სხვა, მათთვის სასურველ ენებზე. სწორედ აქედან გამომდინარე გაიზარდა რუსულენოვან სექტორზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა, რაც არ გულისხმობს რუსულენოვანი სკოლებისა და სექტორების რაოდენობის ზრდას.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები