6 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

სამინისტროს გეგმა აკადემიური პროცესის გაგრძელების შესახებ – რეკომენდაციების პაკეტი 16 მარტამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაეგზავნება

spot_img

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისი საბჭომ, 11 მარტს გამართულ მორიგ სხომაზე, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგების პირველ აპრილამდე გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საჯაროდ გააკეთა კომენტარი იმის თაობაზე, რომ არდადეგები სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის, ამისთვის კი სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. „ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება“ – განაცხადა მინისტრმა.

გეგმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, იმავე დღეს სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვიგებთ, რომ:

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იმისთვის რომ, მოსწავლეებმა დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან,  მუშაობს ინსტრუქციებზე, რომლებიც სკოლებს, მოქნილ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მისცემს საშუალებას დაგეგმონ სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწელი.

სასწავლო პროცესის ამგვარი მოდიფიცირება მოგვცემს შესაძლებლობას სწავლა აქამდე დადგენილ ვადებში დასრულდეს.

 სამინისტრო ასევე ამზადებს  რეკომედაციებს სკოლებისთვის, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რესურსისა და კლასგარეშე დავალებების მიწოდებას.“ 

უწყების ცნობით აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტი 16 მარტამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაეგზავნება, არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი კი, შრომის ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ.

 ლალი ჯელაძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები