სოფიო გოგნაძე
სსიპ ქ. ზესტაფონის №4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
თამაშით სწავლება ხელს უწყობს ხალისიანი და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას. უზრუნველყოფს კლასში ბუნებრივი საკომუნიკაციო სიტუაციის ჩამოყალიბებას და ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას.
ეს არის ცოცხალი პროცესი, რომლის თანამონაწილეც ბავშვი გაუაზრებლად ხდება. თამაშის დროს მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, დაძლიონ კომპლექსები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხო ენაზე კომუნიკაციისას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამაშით სწავლებისას, ხშირად, არაკომუნიკაბელური ბავშვებიც კი, ახერხებენ მაქსიმალურად გამოავლინონ შესაძლებლობები, ჩაერთონ აქტიურად და აიმაღლონ თვითშეფასება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა, შემექმნა სასწავლო რესურსი სამაგიდო თამაშის სახით, სახელად „მუხლუხო“ (Caterpillar). რესურსი წარმოადგენს ფერადი წრეებისგან შემდგარ ჯიბაკებიან დაფას, რომელიც მრავალჯერადია და შესაძლებელია დავალების პირობების ცვლა თემის მიზნებიდან გამომდინარე.
ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები, თანმიმდევრობით, აგორებენ კამათელს, მონიშნავენ სვლას ფერადი ნიშნულით, ასრულებენ შესაბამისი ნომრის დავალებას და, მართებული პასუხის შემთხვევაში, მიითვლიან ქულას. დანარჩენი ჯგუფებიც იმავე პრინციპით თამაშობენ და თამაში გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე ჯგუფი პირველი არ მიაღწევს ფინიშამდე. თამაშს „ართულებს“ და საინტერესოს ხდის გზადაგზა მოწყობილი ხაფანგები, რომლებიც ავალებენ მოსწავლეს გამოტოვოს სვლა, დაბრუნდეს რამდენიმე ნაბიჯით უკან ან ბონუსად წავიდეს რამდენიმე ნაბიჯით წინ. რესურსი განსაკუთრებით ეფექტიანია დაწყებით და საბაზო საფეხურზე სამუშაოდ. თამაშის დროს, პედაგოგი აკვირდება პროცესს, ინიშნავს ძლიერ მხარეებსა და გამოვლენილ საჭიროებებს; მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, გეგმავს შემდგომ სასწავლო აქტივობებს.
რა მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ აღნიშნული რესურსი:
- ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ ცნებებზე სამუშაოდ (ტექსტი, სამეტყველო ქმედება, ენობრივი საშუალებები);
- ნასწავლი ლექსიკური მასალის განსამტკიცებლად;
- ნასწავლი გრამატიკული მასალის განსამტკიცებლად;
- ტექსტის გაგება-გააზრებაზე სამუშაოდ;
- ზეპირი ინტერაქციის სტრუქტურირებისთვის;
- კოდირება-დეკოდირებაზე სამუშაოდ;
- თანამშრომლობითი უნარების გასავითარებლად;
- მოტივაციისა და ჩართულობის გასაზრდელად.
შედეგები, რაც ამ რესურსის გამოყენებას მოჰყვება:
- მოსწავლეები შეძლებენ ნასწავლი ლექსიკური ერთეულებისა და გამონათქვამების საჭირო მიზნით გამოყენებას;
- მოსწავლეები შეძლებენ ნაცნობ თემატიკაზე ზეპირ ინტერაქციას;
- მოსწავლეები განიმტკიცებენ ნასწავლ ლექსიკურ თუ გრამატიკულ მასალას;
- მოსწავლეები გამოიმუშავებენ ტექსტის გაგება-გააზრების უნარს;
- მოსწავლეები გამოიმუშავებენ თანამშრომლობით უნარებს;
- გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა.
სასწავლო მიზნიდან გამომდინარე შეგვიძლია შევქმნათ შემდეგი ტიპის დავალებები:
- შეკითხვები ნასწავლი ტექსტის ირგვლივ;
- „მცდარია“/„ჭეშმარიტია“;
- ნასწავლი ლექსიკური ერთეულების ჩამოთვლა/დასახელება;
- შეცდომების აღმოჩენა-გასწორება;
- თარგმნა;
- საკუთარი პოზიციის გამოხატვა/რჩევის მიცემა;
- მხატვრულ-გამომსახველობით ენობრივ საშუალებებზე მუშაობა;
- სიტყვების სწორად შეკავშირება წინადადების ასაგებად.
რესურსი ინტერდისციპლინარულია და შესაძლოა სხვა საგნების მასწავლებლებმაც გამოიყენონ კონკრეტული მიზნის ფარგლებში.