28 აპრილი, კვირა, 2024

საკვლევი პრობლემის შერჩევა, მისი იდენტიფიცირება და მიზნის დასახვა უცხოური ენის გაკვეთილებზე

spot_img

სწავლების დროს აუცილებლად არსებობს პრობლემა. მისი იდენტიფიცირება შეიძლება საკუთარი დაკვირვებით, მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების ჩართულობით.

საქართველო ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში შევიდა. უცხოური ენის გარეშე წარმოუდგენელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება. უცხო ენა, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი, სასკოლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა ორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საშუალო საფეხურზე,  უცხოური ენების სწავლება ისახავს პრაქტიკულ მიზანს. კერძოდ, გულისხმობს სწავლების მთელი პროცესის კომუნიკაციურ მიმართულებას. მოსწავლეს უნდა მივცეთ ისეთი ცოდნა, რომ მან შეძლოს უცხოურ ენაზე მეტყველება, წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან, ენის ფლობის დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩემს წინაშე გამოიკვეთა შემდეგი საკვლევი პრობლემა: ჩემს კვლევაში მეტყველების უნარ-ჩვევის დაუფლებას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს უნარი აუცილებელია სწორი წარმოთქმის ჩამოსაყალიბებლად, რაც წარმატებული ინტერაქციის საფუძველს წარმოადგენს.

ზოგადად, უცხო ენის და, კერძოდ,ზეპირი კომუნიკაციის სწავლა/სწავლება რთული პროცესია. პირადმა გამოცდილებამ და ზოგადად საბაზო-საშუალო საფეხურზე სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ განაპირობა ის, რომ საკვლევ თემად ავირჩიე სამეტყველო უნარ-ჩვევის განვითარება სწავლების საბაზო-საშუალო საფეხურზე.

ცნობილია, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს უჭირს არათუ თავისუფლად მეტყველება უცხო ენაზე, არამედ მიმდინარე დიალოგებში ჩართვაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ საბაზო-საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს აქვს მაღალი პასუხისმგებლობა, გააჩნიათ შესაბამისი ლექსიკური მარაგი, ფლობენ გრამატიკულ კონსტრუქციებს და მეტ-ნაკლებად გამომუშავებული აქვთ დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევები, რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში მოხვედრისას, მოსწავლეები  დაზეპირებული წინადადებების გამოყენებას ყოველთვის ვერ ახერხებენ,ზეპირი მეტყველების დროს მათი ყურადღება მიპყრობილია სწორი წარმოთქმების გამოყენებაზე და გრამატიკული შეცდომების აღმოფხვრაზე. ამიტომ, თავისუფალი მეტყველების უნარი საბაზო-საშუალო საფეხურზე კვლავ პრობლემატურია.

ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. უცხოური ენების კათედრის წევრებთან გასაუბრების საფუძველზე დადგინდა – მიუხედავად იმისა, რომ პირველი უცხოური ენა ისწავლება პირველი კლასიდან, კათედრაზე რეალურად არსებობდა ანალოგიური პრობლემა.გამოითქვა ვარაუდები,რომ პრობლემის გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს:

♦ არაუცხოენოვანი გარემო

♦ მხატვრული ტექსტების ნაკლებობა სახელმძღვანელოში

♦ არასაკმარისად განვითარებული მოსმენის უნარი

♦ ლექსიკის სიმწირე

♦ ლაპარაკის შიში (შფოთვა)

♦ მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია

არსებული პრობლემიდან და მიზეზებიდან  გამომდინარე გამოიკვეთა შემდეგი მიზანი: ზეპირმეტყველების სირთულეების დაძლევისა და განმტკიცების ისეთი გზების, ხერხებისა და სტრატეგიების ძიება, რომლებიც ეფექტურსა და საინტერესოს გახდის უცხოურ ენაზე ზეპირმეტყველებას და საშუალებას მისცემს მოსწავლეს, ეფექტურად გამოიყენოს ენა კომუნიკაციისათვის.

 

 

ირინა ქოზაშვილი სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქემფრის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები