27 ივლისი, შაბათი, 2024

საკვლევი თემის განსაზღვრა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება

spot_img

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა სწავლების გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ეფექტური სტრატეგიაა. იგი გულისხმობს მასწავლებლის მიერ სწავლა-სწავლების პროცესთან და სასკოლო სიტუაციებთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლას, მისი გამომწვევი მიზეზის დადგენასა და გადაჭრის გზების ძიებას.

კვლევის სწორად და ეფექტიანად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება. ვფიქრობ, ეს დაეხმარება მკვლევარ მასწავლებელს საკვლევი საკითხის გააზრებასა და შედეგზე ორიენტირებაში.

მრავალწლიანმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ქართული ენის გრამატიკის სწავლება ძირითადად ემყარება მოსწავლეთა მართლმეტყველებისა და მართლწერის უნარების განვითარებას. მიუხედავად ამისა, ჩემი მოსწავლეების ერთი ნაწილის მართლმეტყველებისა და მართლწერის უნარ-ჩვევები სავალალო მდგომარეობაში იყო – უჭირდათ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი კომპეტენციის დაძლევა; მოსწავლეთა ერთი ნაწილი ხშირად არ იყენებს ან უბრალოდ არ იცის ორთოგრაფიისა და მორფოლოგიის ელემენტარული წესებიც კი; არ იცავენ წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურას.

პრობლემის დასაძლევად, საკვლევ თემად შევარჩიე: „მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული ხარვეზები და მათი დაძლევის გზები“. ვფიქრობ, როგორც მეტყველებისას, ასევე წერისას აუცილებელია მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული წესების დაცვა. ეს ორი უნარი ერთმანეთთან კავშირის გარეშე წარმოუდგენელია. მიმაჩნია, რომ ვერ იმეტყველებ, ვერ წერ სწორად, თუ ამ საკითხთან დაკავშირებულ მართლწერისა და მართლმეტყველების უნარს არ ფლობ, გამართულად წერა არ შეგიძლია და პირიქით. მოსწავლეებიც ისე წერენ,როგორც მეტყველებენ. რა თქმა უნდა, ეს შეხედულება არ ვრცელდება მათზე, რომელთაც დარღვეული აქვთ მეტყველების ან წერის უნარები და სსსმ მოსწავლეებად მოიაზრებიან.

ეს საკითხი აქტუალურია, რადგან, ბოლო დროს განსაკუთრებით, ჩვენი საზოგადოების საჭირბოროტო საკითხად იქცა სწორად, გამართულად წერა და მეტყველება. ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს საჯარო სამსახური, საგანმანათლებლო სივრცე თუ მედიასაშუალებები, უხეშად ირღვევა სალიტერარურო ენის ნორმები. პრობლემის სათავე და გადაჭრის გზები სკოლაშიც უნდა ვეძიოთ. იქ უნდა ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს სწორად წერისა და მეტყველების კულტურა.

ჩემი საკვლევი თემის განსახორციელებლად დავსახე შემდეგი მიზნები:

♦ პრაქტიკულ მასალაზე დაყრდნობით გამოვიკვლიო ჩემი მოსწავლეების მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული უნარები.

♦ ამოვიცნო, მოსწავლეების მიერ, რატომ ხდება ამ სფეროში მიცემული ცოდნისა და უნარების უგულებელყოფა.

♦ სწორად განვსაზღვრო და გამოვიყენო მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების გაუმჯობესების გზები.

♦ ავამაღლო მოსწავლეთა მოტივაცია.

♦ მოსწავლეებს გამოვუმუშავო საკუთარ მეტყველებასა და წერაზე დაკვირვებისა და ხარვეზების აღმოფხვრის უნარ-ჩვევა.

♦ შესაბამისად, გავაუმჯობესო ჩემი მოსწავლეების საგნობრივი კომპეტენცია, კერძოდ: შეძლონ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულად მართებული ფორმებით წერა და მეტყველება.

♦ მიღებული გამოცდილება გავუზიარო კოლეგებს.

♦ აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად შევადგინე და გამოვიყენე სადიაგნოსტიკო ტესტები.

♦ მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის მოვახდინე მარლთწერასა და მეტყველებაზე დაკვირვება.

♦ სადიაგნოსტიკო ტესტსა და მეტყველებაზე დაკვირვებით, ტიპური შეცდომების გამოკვეთა.

♦ ტიპურ შეცდომებზე აპელირება, თეორიული მასალის მიწოდება.

♦ ტიპური შედომების გამოყენებით, ტესტის შედგენა-გამოყენება, ანალიზი.

♦ საკითხის განხილვისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კოლეგებთან შეხვედრა-კონსულტირება.

♦ სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, ქართული ენის გრამატიკის სწავლებისთვის ცალკე საგაკვეთილო საათების დათმობა.

♦ წერილობითი შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი და მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების დადგენა.

♦ მოსწავლეები დააკვირდებიან გაკვეთილზე საკუთარ და სხვათა მეტყველებას და შეეცდებიან ხარვეზების გამოვლენასა და გასწორებას.

♦ სწავლების პროცესში მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და აქტივობების გამოყენება.

აღნიშნული საკვლევი თემისა და მიზნის განსაზღვრა, ჩემი აზრით, იქნება წინაპირობა სალიტერატურო ენის ნორმების დაცვისა და შენარჩუნების.

 

ირინე გელაშვილი

სსიპ. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები