25 მაისი, შაბათი, 2024

„საკვირაო სკოლები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისათვის“ – ერთი სემესტრის შეჯამება

spot_img

დასრულდა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის საკვირაო სკოლების ერთი სემესტრი. პროექტი „საკვირაო სკოლები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისათვის“ მასწავლებლის სახლისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ ხორციელდება და არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებში სახელმწიფო ენის ცოდნის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ასევე, ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და სკოლაში დასაქმების ხელშეწყობას.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, უკვე მეექვსე წელია, რაც საგანმანათლებლო მიმართულებით მოღვაწეობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს. ფონდის მთავარი მიზანია, მხარი დაუჭიროს და  ხელი შეუწყოს მასწავლებლის როლის გაძლიერებას და მეტად წამოსწიოს მასწავლებლის როლი საგანმანათლებლო სფეროში.

„საკვირაო სკოლები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისათვის“ მასწავლებლის სახლისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის  მეორე ერთობლივი პროექტია, რომელიც დეკემბრიდან დაიწყო და, 9 თვის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავდა. პირველი ეტაპი დასრულებულია და დავინტერესდით შედეგებით, რომელზე სასაუბროდაც „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის მენეჯერს, ნინო ბერიკაშვილს მივმართეთ. გავესაუბრეთ, ასევე, პროექტის მონაწილე ორ სტუდენტს, საკვირაო სკოლის მასწავლებლებს – რაფაელ სულეიმანოვსა და ჰრეფსიმე ნალბანდიანს.

„არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის მენეჯერი ნინო ბერიკაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე ბავშვებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, სასკოლო საგნების შესწავლასთან ერთად, ჰქონდეთ შესაძლებლობა, განვითარდნენ იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებსაც წარმატების საერთაშორისო სტანდარტები აკმაყოფილებს.

ფორმალური განათლება უფრო და უფრო არასაკმარისი ხდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ გამოცდილებას, პრაქტიკას. არაფორმალური განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე ენის შესწავლის პროცესში.

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებში სახელმწიფო ენის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანია, დაიგეგმოს იმგვარი ღონისძიებები, სადაც არაფორმალურ გარემოში მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა თემების დამუშავებას, მსჯელობას, საინტერესო და აქტუალური საკითხების განხილვას. ზემოთ აღნიშნულის მისაღწევად ერთერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს საკვირაო სკოლების მუშაობა,– გვითხრა პროგრამის მენეჯერმა, ნინო ბერიკაშვილმა.

სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად ხორციელდება პროექტი „საკვირაო სკოლები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისათვის“, რომლის მიზანია:

⇒ მოსწავლეებში მაღალი სააზრონო უნარების, ემოციური ინტელექტის, ლოგიკის, კომუნიკაბელურობის, კულტურულ-შემოქმედებითი უნარების მაღალ დონეზე განვითარება;

⇒ სახელმწიფო ენის გაძლიერება;

⇒ ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა ჩართვა სასწავლო პროცესში;

⇒ ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა პროფესიული განვითარების და სკოლაში დასაქმების ხელშეწყობა.

პროექტის საპილოტე ეტაპზე შეირჩა 12 სკოლა კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის რეგიონებიდან. საკვირაო სკოლის ჯგუფებში ჩარიცხული არიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ხოლო მასწავლებლები მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოტივირებული სტუდენტები არიან, რომლებსაც არჩეული აქვთ მასწავლებლის პროფესია.

რაფაელ სულეიმანოვი საკვირაო სკოლის მასწავლებელია. იგი საკვირაო სკოლის მნიშვნელოვან სარგებელზე საუბრობს როგორც არაქართულენოვანი სკოლებისთვის და თემის წარმომადგენლებისთვის, ასევე იმ სტუდენტებისთვის, ვისაც პროფესიად მასწავლებლობა აქვთ არჩეული.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და გუდავაძეპატარკაციშვილის ფონდის მიერ დაორგანიზებულ და განხორციელებულ პროგრამასსაკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს არაქართულენოვანი სკოლებისთვის და თემის წარმომადგენლებისათვის. ზემოაღნიშნული პრგრამის ფარგლებში, დასაქმებულ არიან სტუდენტები, რომელთაც არჩეული აქვთ მასწავლებლის პროფესია, შესაბამისად, ეს პროგრამა ძალიან ეფექტური გზაა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის, დასაქმების ხელშეწყობისთვის და ასევე სტუდენტების ერთგვარი ფინანსური მხარდაჭრაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს ქართული ენის უკეთ სწავლაში დავეხმაროთ.

რაფაელ სულეიმანოვი იმასაც აღნიშნავს, რომ მოსწავლეებისთვის წამახალისებელია ის ფაქტი, რომ მათივე თემის, ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი, ახალგაზრდები ელაპარაკებიან ქართულ ენაზე, მათთან ერთად განიხილავენ საინტერესო თემებსა და აქტივობებს. საკვირაო სკოლის შეხვედრებში ჩართულ მოსწავლეებში აშკარად ჩანს ქართული ენის ცოდნის პროგრესი და უკეთ სწავლისკენ მისწრაფება. საკვირაო სკოლის მრავალ დადებით მხარეთაგან ერთერთი ის არის, რომ მოსწავლეები სწავლობენ არა მხოლოდ ენას, არამედ ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს, დღესასწაულებს, ქართულ სამზარეულოს და კიდევ მრავალ თემას, რომელიც შესაძლოა მათთვის საინტერესო და სასარგებლო იყოს. საკვირაო სკოლა, ამ მხრივ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა. აღნიშნული პროგრამა მოსწავლეებს დაეხმარება არა მხოლოდ სახელმწიფო ენის შესწავლაში, არამედ ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას, სამშობლოს წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობების გააზრებასა და აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.

ჰრეფსიმე ნალბანდიანიც საკვირაო სკოლის მასწავლებელია და საკვირაო სკოლის ფარგლებში, იმავე სოფელში მუშაობს, სადაც საშუალო საფეხური დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, არ იყო რთული პროექტში ჩართვა და მოსწავლეებთან მუშაობა. საქმე იმაშია, რომ, თავის დროზე, როცა მოსწავლე ვიყავი, ამავე თემში, თითქმის იმავე გამოწვევებთან გამკლავება მომიწია. ცხადია, გავლილი მაქვს მათი გზა და უკეთ მესმის არა მხოლოდ საგანმანათლებლო საჭიროებები, აგრეთვე თემისა და სკოლის თავისებურებები. მოსწავლეებს ვეუბნები, რომ არ ვარ მათი მასწავლებელი, არამედ ვარ პიროვნება, რომელსაც საკუთარი გამოცდილებისა და განათლების საფუძველზე შეუძლია იყოს მრჩეველი და დამხმარე უფროსი, საგანმანათლებლო მიზნების დასახვისა და განხორციელების ეტაპზე.

პროექტის ფარგლებში არჩეული საინტერესო თემებითა და დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობებით, ჰრეფსიმე ნალბანდიანმა შეძლო ბავშვებთან უშუალო ურთიერთობების დამყარება და მათი ნდობის მოპოვება. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები არიან, არჩეული თემების გარდა, სტუდენტობისთვისაც ემზადებიან, ისწავლეს აკადემიური პრეზენტაციების აწყობა, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენება, ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვა და ჯგუფური მუშაობისას როლების რაციონალური განაწილება. აღსანიშნავია, რომ პროექტის შედეგად ერთ-ერთმა მოსწავლემ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, სხვა ქვეყნის მაგივრად, განათლება თბილისის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს, რადგან უკვე დარწმუნებულია, რომ შეუძლია ისწავლოს ქართული და გახდეს სტუდენტი საქართველოში.

გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი საპილოტე რეჟიმშია, ვეცდებით, ვიყოთ სერიოზული ექსპერტები, რათა აღმოვაჩინოთ არსებული გამოწვევები და უფრო გავაუმჯობესოთ პროექტის მიმდინარეობა. მომდევნო სემესტრიდან ვაპირებ უფრო მრავალფეროვანი შეხვედრების დაგეგმვას და შეხვედრების რაოდენობის გაზრდას. შეხვედრების ჩატარება უმნიშვნელოვანესად მოქმედებს არა მხოლოდ მოსწავლეთა შედეგებზე, არამედ მეხმარება პროფესიულ განვითარებაში. მოსწავლეების მსგავსად, მეც ვრწმუნდები, რომ ჩემ მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, რომლებიც უკავშირდება განათლების ხარისხის ამაღლებას, უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, ვიდრე მგონია.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უნივერსიტეტისა და სკოლის მჭიდრო ურთიერთობის მოდელის შექმნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ ეტაპზე, სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში, ეთნიკური უმცირესობის 12 სკოლის მოსწავლეები და იმავე თემის 12 სტუდენტი მონაწილეობდნენ. პროექტი ხელს შეუწყობს ამ სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. სტუდენტები კი, თავის მხრივ, სკოლის მოსწავლეებს დაეხმარებიან არა მარტო ქართულ ენისა და ლიტერატურის უკეთ დაეუფლებაში, არამედ სწორი არჩევნის გაკეთებაში, სკოლის დამთავრების შემდეგ. იმედია, მომავალში, საკვირაო სკოლის მონაწილეები, ჰრეფსიმე ნალბანდიანის მოსწავლის მსგავსად, თავიანთ არჩევანს ქართულ უნივერსიტეტებზე გააკეთებენ.

ლალი თვალაბეიშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები