თამაზ აბულაძე
სსიპ თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი
ხარაულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს თემში მდებარეობს, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, IX-X საუკუნეების უნიკალური თაღიანი ხიდიდან იწყება და შეფენილია ფერდობებზე. ამ სოფელში აღმოჩენილი სიძველეებით შეიძლება ითქვას, რომ აქ დასახლება X საუკუნიდან არსებულა.
აჭარა, როგორც ცნობილია, მე-16 საუკუნის 50-იანი წლებიდან, ოსმალებმა დაიპყრეს, მაგრამ 60-იანი წლების თურქულ დავთრებში ეს სოფელი ნახსენები არაა. როგორც ჩანს, აქაურები მტერს შეაკვდნენ და დაუსახლებელი სოფლის აღწერას რაღა აზრი ჰქონდა.
ამის შემდეგ კვლავ გაჩნდა აქ მოსახლეობა. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, დანდალოს აჯანყების შემდეგ, როცა მთელი მოსახლეობა გამწყდარა, ზ. ჭიჭინაძის ცნობით, დანდალოში იმერეთიდან ჩამოსახლებულთაგან, ველიაშვილი და ზაქარაძე ხარაულაში დაცარიელებულ სახლებში შესახლებულან (ამ გვარების უბნები დღესაც არსებობს, ზაქარაძეები ყველაზე მრავალრიცხოვნად არიან სოფელში). ამ დროიდან აქაურები, ფიზიკური გადარჩენის მიზნით, გამუსლიმანებულან, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, აღარ დაუტოვეს ოსმალებმა.
წელს წელი მისდევდა, ოსმალებს კი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ ქართველთა წინსვლისთვის, მეჩეთი და მედრესეც არ აუგიათ. ერთადერთი მეჩეთი და მედრესე მეფის რუსეთის დროს გახსნილა, მე-20 საუკუნის დასაწყისში. არც რუსებს გამოუდვიათ თავი აქაურთა განათლებისთვის. 40 წლის მანძილზე, ქედის მაზრაში მხოლოდ 2 სკოლა გახსნეს: ერთი ქედაში – 1903 წელს და მეორე – მახუნცეთში, 1913 წელს, თანაც ორივე რუსული.
♦♦♦
წინამდებარე ისტორიულ ექსკურსს იმისთვის მივმართე, რომ მეთქვა: ამ სოფელში, როგორც მთლიანად აჭარაში, საგანმანათლებლო საქმიანობა 1921 წლიდან გაიშალა. ეს ნათქვამი ზოგიერთს მწარედ მოხვდება გულზე, რადგან არ სურს საბჭოთა ხელისუფლებაზე დადებითის გაგონება, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ აჭარაში, სადაც 1921 წელს მოსახლეობის 94% წერა-კითხვის უცოდინარი იყო, საგანმანათლებლო საქმიანობა გაიშალა. დანდალოს თემში პირველი სკოლა 1922 წელს გაიხსნა, მეორე – სოფელ ხარაულაში, 1928 წლის 20 ნოემბერს. ამ დღეს, ხელისუფლების მიერ დაქირავებულ კერძო სახლში, ლიზა სურგულაძემ მერხებს მიუსხა 27 მოსწავლე, რომელთაგან მხოლოდ 12-მა გააგრძელა სწავლა. ასეთი იყო მძიმე რეალობა, რომელსაც ისიც ადასტურებს, რომ მოსწავლეებში არც ერთი გოგონა არ ერია.
განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ, აქედან მოყოლებული 1957 წლამდე, სკოლაში მასწავლებელთა უმრავლესობა (1940 წლამდე – ყველა) გურია-იმერეთი-სამეგრელოს წარმომადგენელი იყო, მათმა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა. ასე იყო მთელ აჭარაში, ამიტომ მათი ამაგი უდიდესი, მარადიულად სადიდებელი და წარუშლელია! ამ პედაგოგებმა წერა-კითხვის უცოდინრობის სალიკვიდაციო სკოლებიც გახსნეს და 1940 წლისათვის უკვე 94%-მა იცოდა წერა-კითხვა.
გარდა ამისა ამ პედაგოგების დამსახურება სხვა მხრივაც იყო განსაკუთრებული – ოსმალებმა მოსახლეობაში დაამკვიდრეს სისხლის აღების ტრადიცია, რაც, სულ რაღაც 12 წელიწადში, აღიკვეთა; ამასთან მტრებმა ქალი ჩაამწყვდიეს სილამაზის დილეგში, ჩადრში გაახვიეს და არავინ ეკითხებოდა გათხოვება-დაქორწინებას, 60 წლის მამაკაცსაც გააყოლებდნენ პატარა გოგონებს. ეს უდიდესი ტკივილი მოკლე დროში იქნა დაძლეული. ოსმალებმა ძირფესვიანად ამოძირკვეს ვაზი, აჭარლებმა კი ტყეებში გადამალვით გადაარჩინეს უძველესი ჯიშები. 30-იან წლებში კვლავ ჩაიყარა ვაზი და კვლავ აგუგუნდა ქართული ქორწილები.
გასაოცარი იყო ისიც, რომ გურია-იმერეთი-სამეგრელოს წარმომადგენელმა ქალმა პედაგოგებმა, რომლებსაც წამოსვლისას აშინებდნენ აჭარელი მამაკაცებით, მალე აუღეს ალღო ვითარებას, დაინახეს, რომ არაფერი იყო საშიში და თხოვდებოდნენ კიდეც აქაურ ჭაბუკებზე. პირველად ეს ნაბიჯი 1937 წელს ჩამოსულმა ანეტა ფირცხალაიშვილმა გადადგა, რომელიც სამუდამოდ დარჩა აჭარაში და გარდაცვალებამდე (1981 წლამდე) ემსახურა სოფელს. ვერაფერ სათაკილოს ვერ ვხედავ ამ ფაქტში და მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონ ანეტას შემოუტანია სოფელში პირველი უთო და გაუთოების კულტურა დაუმკვიდრებია.
ანეტას მაგალითი ხარაულის სკოლის კიდევ ოთხმა პედაგოგმა გაიზიარა. ამ ქალბატონების მასპინძლად ქცევამ უდიდესი როლი შეასრულა ადგილობრივი ქალების წინსვლაში (სხვათა შორის, კატუშა ღლონტმა სოფელში ჭრა-კერვის სკოლაც გახსნა).
რამდენიმე წინადადებით აუცილებელია, სკოლის მატერიალური ბაზის განვითარებაზეც მოგითხროთ: კერძო სახლიდან სკოლა, 1934 წელს, მისთვის სპეციალურად აგებულ შენობაში გადავიდა, მაგრამ ის 1936 წელს დაიწვა და ისევ კერძო სახლში გაგრძელდა სწავლა ორ ცვლად. 1937 წელს, დღევანდელი სკოლის ადგილზე, აშენდა შენობა შვიდწლიანი სკოლისთვის და გაიხსნა კიდეც. 1956-1957 წლებში ოთახები მიაშენეს და 1957 წლიდან საშუალო სკოლა ამოქმედდა. 1988 წელს, იმავე ადგილზე, 250 მოსწავლეზე გათვლილი კაპიტალური შენობა აშენდა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.
1937 წელს გახსნილი შვიდწლიანი სკოლის დირექტორი გახდა, შემდგომში ცნობილი მსახიობი გორდის იმნაიშვილი. 1940 წლისათვის ამ სკოლამ პირველ გამოშვებას – 14 მოსწავლეს დაულოცა გზა უფრო დიდ ასპარეზზე. მათგან, მალე, ექვსი პედაგოგი გახდა, ორი – კოლმეურნეობის თავმჯდომარე და ერთი – საბჭოს თავმჯდომარე, შვიდწლიანი განათლებით. ასე ჩაეყარა საფუძველი სოფლის ინტელიგენციას.
პირველი აჭარელი, ვინც 1941 წელს სკოლის დირექტორად დაინიშნა, ლევან დიასამიძე იყო, ქედის რაიონის სოფელ ზენდიდიდან, თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 1942-1945 წლებში მას ჩაენაცვლა ისევ ადგილობრივი კადრი, ქედის რაიონის სოფელ ძენწმანიდან – სერგო სურმანიძე. მისი დირექტორობის დროს, 1943 წელს, აქ მასწავლებლობა დაიწყო პირველმა ხარაულელმა, მიხეილ ზაქარაძემ, ქედის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ. მეორე წელს მის კვალს კიდევ ორი თანაკლასელი გაჰყვა. 1945-1950 წლებში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა პირველი ხარაულელი – არჩილ ტაკიძე, 1951 წელს კი – უკვე უმაღლეს დამთავრებული მიხეილ ზაქარაძე, პირველი ხარაულელი, გახდა მშობლიური სკოლის დირექტორი.
ადგილობრივმა გოგონებმა1930 წლიდან დაიწყეს სკოლაში სწავლა და უკვე 1957 წელს პირველმა ადგილობრივმა ქალმა, თინა ცინარიძემ, შემდგომში ორდენოსანმა პედაგოგმა, აიღო ხელში სასკოლო ჟურნალი.
1951 წლიდან დღემდე, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ადგილობრივი კადრები მუშაობდნენ: 1955-1957 და 1963-1993 წლებში – ოთარ მჟავანაძე, აჭარის დამსახურებული მასწავლებელი, 1957-1963 წლებში – მიხეილ ზაქარაძე, 1993-2004 წლებში – ოთარ ბერიძე (ღირსების მედლის მფლობელი), 2004-2007 წლებში – ალექსანდრე იმნაძე, 2007-2017 წლებში – მაყვალა ზაქარაძე, 2017 წლიდან დირექტორია მურმან ზაქარაძე. 1951 წლიდან დირექტორის მოადგილეებიც ყოველთვის ხარაულელები იყვნენ.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ხარაულაში მომუშავე პედაგოგებიდან ორი სხვა სკოლაში გახდა დირექტორი, ხარაულის სკოლის აღზრდილებიდან თორმეტმა კი დირექტორად იმუშავა, დღეს ოთხი კურსდამთავრებული: მურმან ზაქარაძე, ბადრი ბერიძე, ინგა ბერიძე და ცირა აბულაძე მუშაობენ დირექტორებად ქედის რაიონის სოფლებში.
სულ მალე, 20 ნოემბერს, სკოლას 95 წელი უსრულდება, ამიტომ აუცილებელია წარმოვაჩინო მის მიერ შესრულებული თვალსაჩინო როლი. ჯერ იმას გავუსვამ ხაზს, რომ პედაგოგიურმა კოლექტივმა, პირველად, 85 წლის იუბილე აღნიშნა. მაშინ სკოლის ისტორიაზე, ჩემი ავტორობით, 500-გვერდიანი წიგნი გამოიცა – „ორი სოფლის ჩირაღდანი“.
რატომ ორი სოფლის? ეს სკოლა ემსახურება არა მარტო ხარაულელ მოსწავლეებს, არამედ მეზობელი სოფლის – ჯალაბაშვილებისასაც. პირველი გამოშვება ხარაულის საშუალო სკოლამ 1960 წელს იზეიმა, მას შემდეგ 1100-მდე ახალგაზრდამ დაამთავრა სკოლა, მათ შორის უმაღლეს დამთავრებულთა რაოდენობა 250-ს აღწევს, აქედან 100-ზე მეტმა პედაგოგიური განათლება მიიღო, ათეულებს ითვლის ექიმთა, იურისტთა, ჟურნალისტთა, ინჟინერთა რაოდენობა. საშუალო-სპეციალური განათლების მქონეთა რიცხვი უფრო მეტია და შრომით ასპარეზზე ყველა გამორჩეულია.
ხარაულის სკოლის აღზრდილებიდან ყველაზე მაღალ თანამდებობებს მიაღწია არჩილ ტაკიძემ – იყო ქედის რაიკომის მდივანი, აჭარის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და აჭარის განათლების მინისტრი. მაღალ პარტიულ და საბჭოთა თანამდებობებზე მუშაობით თავი გამოიჩინა მიხეილ ზაქარაძემ (საქართველოს დამსახურებულმა მასწავლებელმა); შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ: ვლადიმერ ზაქარაძე, მამია ცინცაძე, სულიკო აბუსელიძე და სხვები; სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გაზეთების მთავარ რედაქტორებად მუშაობდნენ: თამაზ აბულაძე, რესან ზაქარაძე და გოჩა აბულაძე; სატყეო დარგში აჭარის სამმართველოს განაგებდა ქართლოს მანველიძე; სამედიცინო დარგში განსაკუთრებული ავტორიტეტი მოიხვეჭეს: ანზორ მანველიძემ, დავით ზაქარაძემ და თემურ ზაქარაძემ; სამეცნიერო სფეროში სახელი გაითქვეს პროფესორმა ნოდარ ბერიძემ, დოქტორებმა – გურამ ნაკაშიძემ და მაია ხარაძემ; სამწერლო ასპარეზზე გამოირჩევიან – სანდრო ბერიძე და გურამ არძენაძე და ა.შ. ბატონი სანდრო ამჟამად ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორია.
ცალკე უნდა შევჩერდე ექიმ თემურ ზაქარაძეზე: ის აფხაზეთში ომის დაწყების პირველი დღიდან ჩაება ბრძოლაში და უკანასკნელ დღეს, 27 სექტემბერს, გამოვიდა იქიდან. სხვათა შორის თემურმა და მისმა მეგობრებმა, დერეფანი შექმნეს მთავრობის სახლთან, რომლითაც ვერ ან არ ისარგებლა ეროვნულმა გმირმა, ჟიული შარტავამ. ომის შემდეგ თემური ხელმძღვანელობდა ვეტერანთა სამსახურის რეგიონულ დეპარტამენტს. ომგამოვლილ კაცს გულმა უღალატა და 2015 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ვეტერანთა რესპუბლიკური ორგანიზაციის ინიციატივით, ხარაულის სკოლას მისი სახელი მიენიჭა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთში იბრძოდა, ასევე, ხარაულის სკოლაში აღზრდილი ედნარ ზაქარაძე, არაერთი მონაწილეობდა სამაჩაბლოსთვის ბრძოლებში. ხარაულის სკოლის სახელი შორს გაიტანეს აქ მომუშავე პედაგოგებმა. პირველი აჭარელი დირექტორი ლევან დიასამიძე, წლების მანძილზე, მუშაობდა ქედის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის და არაერთ საოლქო დონის თანამდებობაზე; სერგო სურმანიძე და ვაჟა ბერიძე იყვნენ რაიონული რგოლის განყოფილებათა გამგეები და სკოლის დირექტორები; თამაზ გოგიაშვილი – ქედის რაიონული აღმასკომის თავმჯდომარე. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ხარაულის სკოლის 6 პედაგოგსა და აღზრდილს მინიჭებული აქვს ქედის რაიონის საპატიო მოქალაქის წოდება.
აუცილებლად უნდა ითქვას დღეს მომუშავე პედაგოგების შესახებაც: საუკეთესო პედაგოგიური მოღვაწეობით გამოირჩევა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთო საფარიძე, რომელიც 54 წელია მუშაობს სკოლაში. მის 70-ზე მეტ მოსწავლეს ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მიღებული აქვს დიპლომები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები, მაოცებს მის მიერ თავგანწირული შრომით შექმნილი სასკოლო ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც დამოუკიდებელი სტატუსის მინიჭებას ელოდება. ახალგაზრდა პედაგოგებიდან გამორჩეულია ქიმიის აკადემიური დოქტორი მაია ხარაძე, რომელიც ახლებურად უძღვება სასწავლო პროცესს. მისი მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ კონკურსებსა და კონფერენციებში.
მნიშვნელოვანია სკოლის ისტორიაში ქორეოგრაფ ზაზა მჟავანაძის როლი, რომელიც ამჟამად ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორია, მინიჭებული აქვს უამრავი ტიტული, არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სახელობის პრემიის „ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარის“ და „ბრწყინვალების ორდენების“ მფლობელი.
ასევე მნიშვნელოვანია სკოლის აღზრდილის, დეკანოზ ბაგრატ ბერიძის დამსახურება. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ამჟამად პენსიონერი პედაგოგის, მერი ბერიძის შესახებ, ის თავის გამოცდილებას რაიონსა და მის ფარგლებს გარეთ უზიარებდა პედაგოგებს, იყო გამორჩეული სკოლისგარეშე აქტივობებში მონაწილეობით.
ყველას შესახებ ვერ მოგითხრობთ, საგაზეთო სტატია არ იძლევა ამის საშუალებას, ამიტომ აღვნიშნავ, რომ დღეს სკოლაში 20-ზე მეტი პედაგოგი მუშაობს და მათგან ორი მენტორია (რაიონში სხვა არც არის), 3 – წამყვანი და 12 – უფროსი მასწავლებელი.
ამ კოლექტივის კიდევ ერთ ღირსებაზე მინდა ვთქვა: მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში რა სირთულის წინაშე დადგა ცხოვრების ყველა სფერო, მათ შორის, სკოლაც. მაშინ პედაგოგი თავისი ხელფასით ერთხელ თუ ჩავიდოდა ქალაქ ბათუმში და ასეთი მძიმე პირობების მიუხედავად არც ერთ პედაგოგს არ მიუტოვებია სკოლა, რომელსაც დღეს სხვა გასაჭირი აქვს: დრომ მოიტანა და ცარიელდება სოფელი – 250-მოსწავლიან სკოლას ახლა 60 მოსწავლე ჰყავს მხოლოდ.
მინდა მივულოცო პედაგოგებს სკოლის იუბილე, გამძლეობა და მეტი აქტიურობა ვუსურვო, რომ 100 წლისთავის გადახდაც შეძლონ. თუმცა, მარტო მათი გარჯა არ იკმარებს, სახელმწიფოს თანადგომაცაა საჭირო.