საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის იმართება საზაფხულო ბანაკი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გიორგი ამილახვართან ერთად, შეხვდა უკრაინელ მოსწავლეებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ისვენებენ საზაფხულო ბანაკში. მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა.
ბანაკი, 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებსა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს ორ ნაკადად მიიღებს.
პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები ქალაქ ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და ქართულ და უკრაინულ ენებზე სიმღერები შეასრულეს.
უკრაინელი მოსწავლეები, ორი კვირის განმავლობაში, მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, გრემსა და ნეკრესში.
5-19 ივლისს ბანაკი მეორე ნაკადს – უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩამოსულ ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს უმასპინძლებს.