სამუშაო შეხვედრაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიკის ჯგუფის უფროსმა, ზაქარია გიუნაშვილმა და კვლევის ჯგუფის კოორდინატორმა, გიორგი რატიანმა განათლების სფეროს წარმომადგენლებს საერთაშორისო კვლევების (PISA, TALIS, TIMSS) შედეგად გამოვლენილი ის კონკრეტული ფაქტორები გააცნეს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეების მიღწევებსა და მათ სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე.
„მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრების ჩატარება. იმედი გვაქვს, დაწყებული დისკუსია დაეხმარება განათლების სფეროში მოქმედ დაინტერსებულ მხარეებს საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების მიგნებების გაცნობასა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში“ – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ.
შეხვედრას ესწრებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, წარმომადგენლები სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციებიდან, აგრეთვე იმ სკოლების პედაგოგები და დირექტორები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ ამ კვლევებში. შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია, რომელიც ძირითადად მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევაში (TIMSS) საქართველოს სოფლის სკოლების IV კლასის მოსწავლეთა გაუმჯობესებული მიღწევების ანალიზს შეეხებოდა.
„სოფლის სკოლებში შედეგების ზრდა გამოიწვია იმან, რომ სახელმწიფოს მხრიდან იყო მხარდაჭერაზე დაფუძნებული კომპლექსური მიდგომა. მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა, მოესმინათ საგნობრივი ტრენინგები, ამავდროულად, სასწავლო პროცესში შეეტანათ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო რესურსი. აღსანიშნავია ისიც, რომ გაიზარდა მასწავლებლების თანამშრომლობის კულტურა – ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს, თუნდაც საგნობრივი ტრენინგების, მეთოდების, სტრატეგიების შესახებ, ორიენტირებული არიან კონკრეტული მოსწავლის წარმატებაზე“ – აღნიშნა სოფელ მუხრანის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა, სოფიო კუბლაშვილმა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ამბობს, რომ „რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. ის ნაპრალი, რაც სოფლის და ქალაქის სკოლებს შორის იყო ხოლმე, საგრძნობლად არის შემცირებული, ეს ეხება ბუნებისმეტყველების და მათემატიკის მე-4 და მე-8 კლასების კვლევებს, ასევე შემცირებულია კერძო და საჯარო სკოლებს შორის სხვაობა. სხვაობების შემცირება სოფლის და საჯარო სკოლების შედეგების გაუმჯობესების ხარჯზე ხდება, რაც სასიხარულოა. ხარისხიანი განათლება ხომ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მიუხედავად დაბადების ადგილისა, ოჯახის სოციალური სტატუსისა თუ ეკონომიკური მდგომარეობისა. მაგ. ბუნებისმეტყველებაში სოფლის სკოლების ქულებში გაუმჯობესება 40 ქულაა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები 2015 წლის შეფასებიდან 2019 წლამდე პერიოდს მოიცავს. პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ამ წლებში პროფესიული განვითარება ორგანიზებულ ფორმატში მოექცა, ამოქმედდა „მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. სქემა შეეხო ყველა მასწავლებელს და მის ფარგლებში დაეკისრათ პროფესიული განვითარების გარკვეული ვალდებულებები. დაინერგა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი; სკოლის ბაზაზე მონიტორინგის სისტემა და უკუკავშირი;
მასწავლებლები გაუმჯობესების შესაძლო ფაქტორებში, ასევე, სკოლებში თანამშრომლობის გააქტიურებას ასახელებენ.
ამ მიღწევებს უნდა შენარჩუნება და მათზე დაშენება!“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს კვლევითი საქმიანობა. ცენტრი მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში (PISA, PIRLS, TIMMS, TALIS) და ატარებს სახელმწიფო შეფასებებსაც, რაც სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესსა და მოსწავლეთა მიღწევებს შეეხება.