27 ივლისი, შაბათი, 2024

საერთაშორისო კვლევების როლი ჩვენი პრაქტიკის გაუმჯობესებაში

spot_img

ნონა ბეროშვილი

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №124 საჯარო სკოლის უცხო ენების მასწავლებელი

 

წიგნიერება მრავალფეროვანი ტექსტების წაკითხვის, შექმნის, განხილვისა და გადამუშავების უნარია. ეს უნარი განაპირობებს მოსწავლის წარმატებას როგორც სკოლაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. წიგნიერების უნარი კავშირშია ეფექტური კომუნიკაციის დამყარების, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, არგუმენტირებული მსჯელობის და სხვა უნარებთან, წარმოადგენს წარმატების მიღწევისთვის აუცილებელ კომპეტენციას. ამდენად, ამ საკითხის შესწავლა და რელევანტური ინტერვენციების განხორციელება უმნიშვნელოვანესია როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლისათვის და ზოგადად სკოლისთვის და საზოგადოებისთვის.

აღნიშნული კვლევა ჩავატარე, 2022-2023 სასწავლო წელს, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლაში. კვლევის დაწყებამდე, იმ საერთაშორისო კვლევებით დავინტერესდი, რომელიც ახლოს იყო შესასწავლ საკითხთან.

PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) მეოთხეკლასელი მოსწავლეების მიღწევებს და მათზე მოქმედ ფაქტორებს შეისწავლის. მას ატარებს საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA), 2001 წლიდან. საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფი უძღვება.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველომ ბოლო სამ ციკლში (2006, 2011 და 2016) მიიღო მონაწილეობა. პირველ ორ ციკლში მხოლოდ ქართული სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მესამეში კი კვლევაში აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი. მართალია, საქართველოს შედეგები, სტატისტიკურად, ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ საშუალო დონეს, თუმცა კვლევის განმეორებითი ხასიათი საშუალებას იძლევა, დინამიკაში დავაკვირდეთ მონაცემებს – ბოლო ათი წლის განმავლობაში (2006-2016), საქართველომ, მიღწევის ყველა საფეხურზე, გააუმჯობესა საკუთარი შედეგი.

PIRLS-ის კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა მიღწევებზე მოქმედ ფაქტორთა შორის, სახელდება საზოგადოება, სკოლა, კლასი, ოჯახი, მოსწავლის ინდივიდუალური მახასიათებლები და სწავლისადმი დამოკიდებულებები. ამავე კვლევაში, მოსწავლეთა წიგნიერებაზე მოქმედ მნიშვნელოვან ფაქტორთა შორის, თანაბარი ხელმისაწვდომობაც სახელდება, რის ინდიკატორებადაც მოსწავლის სქესი, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სკოლის ადგილმდებარეობა და ტიპია განხილული. ჩემ შემთხვევაში, კვლევას კონკრეტულ სკოლაში ვგეგმავდი, ამდენად მისი ტიპი და ადგილმდებარეობა განსაზღვრული იყო. დავინტერესდი კვლევის დიზაინით. სწორედ Pirls კვლევის წაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა ჩემთვის ის მიმართულებები, სადაც ჩემი საქმიანობა უნდა გამეშალა. კვლევისას სამიზნე ჯგუფი იყო სამივე საფეხურის, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული, მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის ბიბლიოთეკარი. ამ მიმართულებებზე ჩატარებულმა გამოკითხვების შედეგებმა გამოკვეთა ზოგადი სურათი და პრობლემები, რომელთა მოგვარებისთვის ინტერვენციების ჩატარება დადგა დღის წესრიგში.

„Vision du Monde“ „World Vision International“-ის პარტნიორი, მსოფლიოში პირველი, ბავშვთა სპონსორი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა დაეხმაროს ყველაზე დაუცველ ბავშვებს. იგი წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში და ამ ბავშვების დახმარების 70 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

„Vision du Monde“-ის მიხედვით, თითოეული ბავშვის წიგნიერების დონის ამაღლებით, გაუმჯობესდება არა მხოლოდ მათი ცხოვრების პირობები, არამედ სრულიად საზოგადოება. ამ პრობლემის გამომწვევ სხვა მრავალ მიზეზთა შორის, როგორიცაა: არახელმისაწვდომი განათლება, რესურსების არქონა, ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება და სხვ., ისინი უკვე კოვიდ 19-საც ასახელებენ.

დავინტერესდი იმ ინტერვენციებით, რასაც ეს ორგანიზაცია ახორციელებს წიგნიერების დონის ასამაღლებლად. 2012 წლიდან, „World Vision“ ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას სახელწოდებით „Unlock Literacy“, რომლის მთავარი მიზანი კითხვის სწავლის წახალისებაა. ეს მეთოდი, ასევე, მოიცავს სოციალურ და კულტურულ სწავლებას. ამ პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული „კითხვის კლუბები“, რომელსაც მოხალისეები ხელმძღვანელობენ, საშუალებას აძლევს ბავშვებს, მოვიდნენ და ერთად წაიკითხონ ისტორიები.

ჩვენს ქვეყანაში კონტექსტი განსხვავებულია – უზრუნველყოფილია განათლების ხელმისაწვდომობა (უფასო, საყოველთაო), მოსწავლეები სკოლაში დადიან და იციან წერა-კითხვა, თუმცა, ნაკლებს კითხულობენ. გადავწყვიტე, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისთვის, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები ჩამერთო აქტივობებში, სწორედ მათ ეტვირთათ მოხალისეთა ფუნქცია. ამით სარგებელს მიიღებდნენ არა მხოლოდ დაწყებითის, არამედ მოხალისე მოსწავლეებიც, რომლებიც თანატოლ-განმანათლებლის სტატუსს მოირგებდნენ და სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა აუმაღლდებოდათ. გარკვეულწილად, ამ აქტივობით ინსტიტუციების გაძლიერებაზეც ვიზრუნებდი სკოლის სასარგებლოდ.

ამ აქტივობის განსახორციელებლად გამოვიყენე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის და „ყველაზე წიგნიერის“ შემოთავაზებული სასწავლო რესურსები, რომელიც, კითხვის მოტივაციის ამაღლების გარდა, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასაც შეუწყობდა ხელს.

https://online.fliphtml5.com/njlgv/wafx/?fbclid=IwAR3qo8pnrcmhntdd8gxmuVUMGCteiFPUoM81PNpMnD7YeBirPXalRWD_yUM&mibextid=Zxz2cZ#p=6

ეს აქტივობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან განვახორციელეთ.

აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებს მოესმინათ უფროსების მიერ საინტერესოდ წაკითხული ნაწყვეტები, რომელზეც ერთობლივ მსჯელობას გამართავდნენ. გადავწყვიტე, ამ ინტერვენციის განხორციელებაში, სკოლის თვითმმართველობის წევრები ჩამერთო. მოზარდები სიამოვნებით და ინტერესით ჩაერთვნენ გამოწვევაში. თვითმმართველობის წევრების გარდა, მათ უფროსკლასელი მოხალისეები შეუერთდნენ. ამით სკოლამ ორმაგი სარგებელი მიიღო – ხელი შევუწყვე სკოლის ბაზაზე ინსტიტუციების, კერძოდ მოსწავლეთა თვითმმართველობის გაძლიერებას, გაიზარდა მოსწავლეთა სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა, თანაც, წიგნის კითხვის მოტივაციის ამაღლებასთან ერთად, ისინი პატარა თანასკოლელებს ბულინგის თემაზეც ესაუბრნენ.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წაკითხული წიგნის შთაბეჭდილებით გამოწვეული ემოციები, უკუკავშირის სახით, ნახატებით გადმოსცეს პოსტერებზე – თანამშრომლობა შედგა!

ჩვენ მიერ განხორციელებულ აქტივობებს გამოეხმაურა სულაკაურის გამომცემლობის გვერდი „სამასწავლებლო“ პოსტით, სადაც ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ნამუშევრები იყო გამოფენილი.

https://www.facebook.com/photo?fbid=10209979691046630&set=pcb.6879649458728254

საბოლოო ჯამში, საერთაშორისო კვლევების და ინტერვენციების გაცნობამ და პრაქტიკაში დანერგვამ დადებითი შედეგი მოუტანა როგორც მოსწავლეებს, ასევე სკოლას.

 

გამოყენებული ლიტერატურა: https://naec.ge/uploads/postData/KVLEVEBI/PIRLS%202016%20%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%

https://www.visiondumonde.fr/je-m-informe/actualites-et-blog/nos-actualites/comment-lutter-contre-l-analphabetisme/

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები