24 ივნისი, ორშაბათი, 2024

სადიაგნოსტიკო ტესტირება, შეფასება, ანგარიშის ფორმის შევსება

spot_img
თეა ალიმბარაშვილი
სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კავთისხევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

 

 

ტრადიციად გვაქვს მიჩნეული დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარება განსაზღვრულ ვადებში. ვიყენებთ G-PriEd-ის მათემატიკის შეფასების დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებს კლასებისა და კომპეტენციების მიხედვით. ვარჩევთ კონკრეტული კლასის ამა თუ იმ კომპეტენციის შესამოწმებელ ტესტს მათემატიკაში, კითხვის სწავლის შეფასების დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებს კლასებისა და კომპეტენციების მიხედვით; ვარჩევთ კონკრეტული კლასის ამა თუ იმ კომპეტენციის შესამოწმებელი ტესტს ქართულ ენაში ან მათემატიკაში, აღრიცხვას ვახდენთ ტესტირების შედეგების და ვიყენებთ დაგროვილი ინფორმაციას სასწავლო პროცესის დასაგეგმად. მათი გამოყენება საკმარის ინფორმაციას გვაწვდის თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, რაც, თავის მხრივ, ადეკვატური სწავლების მეთოდებისა და რესურსების შერჩევაში გვეხმარება. გარდა ამისა, ტესტირების შედეგებს ვიყენებთ დიფერენცირებული სწავლების დაგეგმვასა და წარმართვაში. კითხვის დიაგნოსტიკური შეფასებისათვის ვიყენებთ შემდეგ შეფასებებს:

♦ წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები

♦ სიტყვების ბგერებად დანაწევრება

♦ ასო-ბგერების ამოცნობა

♦ სიტყვების წაკითხვა

♦ ტექსტის წაკითხვა

♦ ლექსიკური მარაგი

♦ თხრობითი ტექსტის გაგება-გააზრება

♦ საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრება

2022-2023 სასწავლო წელსაც დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე სადიაგნოსტიკო ტესტირების პროცესს. კურიკულუმში ყოველ წელს ვნერგავთ და, საჭიროების შემთხვევაში, ვუკეთებთ მოდიფიკაციას, გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს. ვაცნობთ ჩატარებული ტესტირების შედეგებს და ვსახავთ შემდგომ ნაბიჯებს, ინტერვენციებს. მოსწავლეებს აქვთ დიდი მზაობა და მოტივაცია სადიაგნოსტიკო ტესტების წერისას. საერთო საკლასო მიღწევებს, პრობლემის ანალიზს ვაცნობ მშობლებს და ერთად ვმსჯელობთ შედეგების გაუმჯობესების გზებზე. ჩემი მიდგომა ასეთია: ხშირად მშობლებს და მოსწავლეებს ვუმზადებ სასწავლო ვიდეოებს, ვუხსნი მეთოდებს, ვაცნობ გრაფიკულ მაორგანიზებლებს და საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მზად ვარ მათ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო. ვუგზავნი მესენჯერის საშუალებით ჩემივე ხელით სხვადასხვა პროგრამებში Paint-ში, Word-ში. Power Point-ში შექმნილ ინსტრუქციებს ნაბიჯ-ნაბიჯ, რაც ეფექტური კომუნიკაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს და ქმნის ერთ მთლიან ჯაჭვს მასწავლებელს,  მოსწავლესა და მშობელს შორის. დაგეგმილ ინტერვენციებში მშობელთა ჩართულობა პრიორიტეტულია, ვქმნით მკითხველთა კლუბებს, მშობლები უკითხავენ შვილებს ჯიპრაიდის წიგნებს და გაზეთებს, უფროსკლასელებსაც ვიწვევ ამ აქტივობის ჩასატარებლად, ისინიც სიამოვნებით გვთანხმდებიან. ვგეგმავ მშობლის მიერ ჩასატარებელ გაკვეთილს. მთლიანად სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერით იქმნება სასიამოვნო, შემოქმედებითი და საინტერესო საკლასო კლიმატი.

2023 წლის აპრილში გავიარე ქოუჩინგი მცირე ჯგუფში. ვიმუშავეთ მატრიცების აგებაზე და სოლო ტაქსონომიით შეფასებაზე. გავეცანით სადიაგნოსტიკო ტესტებს ქართულ ენაში, რომელიც ანბანის შემდგომი პერიოდის სამივე სამიზნე ცნებას მოიცავდა. ტრენინგზე მიღებული ცოდნა სასკოლო საზოგადოებას გავუზიარე, კათედრის სხდომაზე მოვიწვიეთ დაწყებითი საფეხურის ინგლისურის მასწავლებელიც, რომელმაც მოსმენილიდან გამომდინარე გააანალიზა დავალების არსი და მნიშვნელობა, ახალი ტესტის ნიმუში საინტერესო ვარიანტად დასახელდა, დარწმუნებული ვარ, ჯიპრაიდის სკრინინგულ, სადიაგნოსტიკო ტესტებთან მუშაობის პარალელურად უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება. კათედრაზე დავსახეთ გეგმები სამომავლოდ მსგავსი რესურსების შექმნასთან დაკავშირებით. პირადად მე, გამოვთქვი მზაობა წინასაანბანო და საანბანო პერიოდის სადიაგნოსტიკო ტესტის შექმნისა.

მოსწავლეთა მიღწევების გაანალიზებისთვის, 2022- 2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, აპრილის ბოლოს, მე-4 კლასში, გამოვიყენე სამინისტროს მიერ გაზიარებული სადიაგნოსტიკო შეფასების ინსტრუმენტი ქართულ ენაში. შევძელით დიაგნოსტიკის საფუძველზე  მიზანმიმართული ინტერვენციების განხორციელება. მნიშვნელოვანია , რომ მოსწავლეთა მიღწევების სასწავლო წინსვლის აღწერილობა სასკოლო საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე იყოს გადმოცემული, რადგან გაგვიადვილდეს კომუნიკაცია მოსწავლესთან, მშობელთან, კოლეგებთან. მათ უნდა იცოდნენ, რომ  მოსწავლეთა მიღწევების გაანალიზება შესაძლებელია სადიაგნოსტიკო შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებითაც, რათა შევძლოთ პრობლემის გამოკვეთა და დიაგნოსტიკის საფუძველზე მიზანმიმართული ინტერვენციების გამოყენება მათი მონაწილეობითაც.

ჩვენ მიერ განხორციელებული სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი ეფუძნება ორ საკითხს, რომლის სიღრმისეული გააზრება სამიზნე ცნების ფლობის ორიენტირად მიიჩნევა. „ღრმა გააზრება“ ნიშნავს, რომ ყველა სამიზნე ცნებაზეა ორიენტირებული სადიაგნოსტიკო შეფასების ინსტრუმენტები, რაც მათ ურთიერთდაკავშირებულად გამოყენებას გულისხმობს. შერჩეული საკითხის შესწავლისას მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი გამოცდილების დაკავშირება არსებულ სიტუაციასთან.

თემა: ბუნება და ადამიანი

საკითხი 1. მოთხრობა „ტყის ქალის“ შინაარსი და ენა.

საკითხი 2. ამბავი ტყეში დაკარგული ბიჭის შესახებ.

ყურადღებით წაიკითხე ტექსტი და შემდეგ შეასრულე ქვემოთ მოცემული დავალებები.

ტყის ქალი
  1. მე ლილე მქვია. ზედმეტ სახელად ტყის ქალს მეძახიან. მაგრამ მე არ მწყინს, რადგან ვიცი, რომ ტყის ქალი ძალიან ლამაზია, ძალიან კეთილია – ტყის ბინადრებს მფარველობს, ამიტომაც ეძახიან ნადირთპატრონს… სამწუხაროდ, მეტი არაფერი ვიცი მის შესახებ. არა, გამახსენდა – გრძეეელი  თმა აქვს, კოჭებამდე სწვდება და მთელ ტანს უფარავს. მეც იმიტომ მეძახიან ტყის ქალს, რომ ძალიან გრძელი თმა მაქვს, ტყის ქალივით მზისფერი. როცა დავრბივარ, ისე ლამაზად მიფრიალებს, რომ  ყველა აღტაცებით მიყურებს. ისე შენ დალი უნდა გერქვას, რადგან ტყის ქალს დალი ჰქვიაო, მითხრა გუშინ ერთმა უფროსკლასელმა. დიახ, ბატონო, მაგრამ მე ლილე მომწონს  და უნდა იცოდე, რომ ლილე მზის ქალღმერთსაც ჰქვია-მეთქი, ვუთხარი და ამაყად გავიარე… ისე, უნდა გამოგიტყდეთ, ერთხელ რაა, ერთხელაც არ ვყოფილვარ ტყეში. ჰოდა რაღას ველოდო – ხვალ ავდგები და წავალ, გადავწყვიტე ერთ მშვენიერ დღეს და ამ ფიქრში ჩამეძინა…
  2. როცა ინათა, ჩემი მზისფერი თმა კარგად დავივარცხნე, უკან ლამაზად გადავიყარე, ხელში კალათი ავიღე და გავუდექი გზას ტყისკენ. მივდივარ, მივდივარ… გზა არ ილევა… მივადექი ტყეს. მაგრამ რაც უფრო ღრმად შევდიოდი, მით უფრო მიცრუვდებოდა იმედი – არსად ჩანდა ტანაშოლტილი ხეები, არც წყაროს ჩუხჩუხი ისმოდა, არც ღაბუა ჩიტების ჟრიამული, არც მშვენიერი მარწყვის მდელო იყო სადმე და არც წითელქუდა სოკოები იწონებდნენ თავს…
  3. უცებ დავინახე მოლზე საცოდავად წაქცეული ულამაზესი გოლიათი წიფელი. ირგვლივ სხვა ხეებიც ეყარა, ტოტებწაჭრილი და დასახიჩრებული. ხეები კვნესოდნენ, მაგრამ მათი კვნესა არავის ესმოდა. გულგახეთქილმა და აღშფოთებულმა გზა გავაგრძელე წინ თვალცრემლიანი შვლის ნუკრი შემომეფეთა, თავის დედიკოს ეძებდა. არ მითქვამს, რომ გულქვა მონადირეებმა მოკლეს (ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან ვიცოდი). ნუკრს თავზე ხელი გადავუსვი, ის კი უკან დამედევნა. მალე წყაროსთან აღმოვჩნდით, მაგრამ ცოცხალმკვდარ წყაროსთან – სადღა იყო მისი მხიარული ჩუხჩუხ-რაკრაკი, ძლივს მოწანწკარებდა, რადგან კალაპოტი ნაგვით ამოევსოთ. თვალებზე ცრემლი მომადგა, დავიხარე და გასუფთავება დავიწყე. მალე წყაროს ცოტა ჩაეწმინდა ხმა, თითქოს წყალიც მოემატა, ფერდობზე ხალისიანად ჩარაკრაკდა…
  4. ბილიკმა ტყიდან გამოგვიყვანა. სახლისკენ მიმავალი გზა გამოჩნდა. უკან მივიხედე, რომ ტყისთვის კდევ ერთხელ შემევლო თვალი და რას ვხედავ: ნუკრს მელაკუდა ამოსდგომოდა გვერდში, მელაკუდას – ბაჭია, ბაჭიას – დათუნია… ტყის ყველა ცხოველი აქ იყო! თურმე უკან გამომყოლოდნენ. ცხოველების უკან ტყის ქალი დავლანდე. ძალიან მოწყენილი იყო, თმაც აღარ უელავდა მზისფერად. ყველანი ისე სევდიანად მიყურებდნენ, რომ თვალები ცრემლებით ამევსო და ტირილი დავიწყე…

– ლილე, ლილე, რა გატირებს? – მომესმა უცებ დედაჩემის შეშფოთებული ხმა და გამომეღვიძა.

– კიდევ კარგი, სიზმარი ყოფილა! – ვთქვი და დედას გულში ჩავეკარი, მერე ყველაფერი ვუამბე.

– ეჰ, შვილო, ადამიანები მართლაც ისე დაუნდობლად ექცევიან ბუნებას, როგორც სიზმარში ნახე! – მითხრა დედამ და ამოიოხრა, მერე შუბლზე მაკოცა.

  1. იმ დღეს სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი – სულ სიზმარში ნანახი მედგა თვალწინ. მერე უცებ გადავწყვიტე: „გავიზრდები და მართლა გავხდები ტყის ქალი, ნამდვილი ტყის ქალი! არავის მივცემ ნებას, უდიერად მოექცეს ბუნებას. ყველას ვასწავლი, რომ მოუარონ და დაიცვან მცენარეები, ცხოველები, დარგონ ხეები, ყვავილები…“ მეორე დღეს რვეულები ავაჭრელე წარწერებით: „ლილე – ტყის ქალი!!! ლილე – ტყის ქალი!!!“. იმ ღამით კიდევ ერთხელ დამესიზმრა ტყის ქალი, ოღონდ ამჯერად იღიმებოდა და კოჭებამდე თმა ისევ მზისფერად უელავდა.

დავალება 1. ქვემოთ მოცემულია წინადადებები ტექსტიდან. ამოიწერეთ ის  წინადადება, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე უკეთ გამოხატავს ამ ტექსტის მთავარ სათქმელს, დედააზრს. შენი არჩევანი დაასაბუთე.

  1. როცა ინათა, ჩემი მზისფერი თმა კარგად დავივარცხნე, უკან ლამაზად გადავიყარე, ხელში კალათი ავიღე და გავუდექი გზას ტყისკენ;
  2. ხეები კვნესოდნენ, მაგრამ მათი კვნესა არავის ესმოდა;
  3. არვის მივცემ ნებას, უდიერად მოექცეს ბუნებას. ყველას ვასწავლი, რომ მოუარონ და დაიცვან მცენარეები, ცხოველები;
  4. ტყის ქალი ძალიან ლამაზია, ძალიან კეთილია – ტყის ბინადრებს მფარველობს, ამიტომაც ეძახიან ნადირთპატრონს;
  5. ადამიანები მართლაც დაუნდობლად ექცევიან ბუნებას;
  6. ნუკრს მელაკუდა ამოსდგომოდა გვერდში, მელაკუდას – ბაჭია, ბაჭიას – დათუნია… ტყის ყველა ცხოველი აქ იყო! თურმე უკან გამომყოლოდნენ.

შენი არჩეული წინადადებაა:

……………………………………………………………………………………………………………….

 

რატომ ფიქრობ, რომ ის ყველაზე უკეთ გამოხატავს მოთხრობის დედააზრს:

……………………………………………………………………………………………………………….

⇑⇓ კლასის საერთო ანალიზი

13 მოსწავლიდან  უმრავლესობამ სწორად ამოიწერა ის წინადადება, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავდა ამ ტექსტის მთავარ სათქმელს, დედააზრს.

დასაბუთებისას გამოიყენეს საგანთაშორის კავშირები, საერთაშორისო პროექტებიდან მიღებული გამოცდილება. მეტად ორიგინალურად და არგუმენტირებულად განმარტეს, რომ ბუნებას დაცვა-გაფრთხილება სჭირდება ეს კი ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს და სხვებსაც ასწავლოს. გამოკვეთეს ასევე საკუთარი და თანატოლების  როლის მნიშვნელობა ამ საქმეში შესატანი წვლილისთვის. მხოლოდ ორმა მოსწავლემ, ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადების ნაცვლად, აირჩია მოცემულობასთან მიახლოებული წინადადება, მიუხედავად ამისა მათ შეძლეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემის ანალიზი და მოთხრობის მთავარი დედააზრის ადეკვატურად დასაბუთება.

დავალება 2. ტექსტში მოცემულია წინადადება: ტყის ქალი იღიმებოდა. ეს წინადადება განავრცე იმგვარად, რომ მიიღო 10-სიტყვიანი წინადადება.

წინადადების გასავრცობად გამოიყენე ქვემოთ მოცემული სიტყვები, საჭიროების შემთხვევაში სიტყვებს შეუცვალე ბრუნვა ან რიცხვი. შეგიძლია დაურთო -ზე, -თან, -ში სართები.

სიტყვები: მშვენიერი, იდგა, წყარო, მზისფერდალალებიანი, მხიარულად, ლამაზმა, ტყეები, ხმაწკრიალა, დაბურული, რაკრაკი, გრძელთმიანი, მშვენიერი, ამაყი, გახარებული, აღტაცებული, მინდორი, და, ყვავილი, მოფენილი, ნაზი

……………………………………………………………………………………………………………….

⇑⇓ კლასის საერთო ანალიზი

მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო, მეტყველების ნაწილების გამოყენებით, წინადადებების განვრცობა, ჩამოაყალიბეს, სულ მცირე, ათსიტყვიანი წინადადებები. დავალების პირობაში მოცემული სიტყვები ერთმანეთთან დააკავშირეს სათანადო ბრუნვისა და რიცხვის ფორმებით. სამმა მოსწავლემ წინადადების გავრცობისას ვერ შექმნა შინაარსობრივად ან გრამატიკულად გამართული ვრცელი შერწყმული ან რთული წინადადებები. ორმა მოსწავლემ კი გაიგო დავალების მოთხოვნა, მაგრამ სიტყვების წინადადებად გაერთიანებისას ვერ გამოიყენა გრამატიკული საშუალებები. ბრუნვა და რიცხვი.

დავალება 3. ამბის განვრცობა

ყურადღებით წაიკითხეთ მოკლე მონათხრობი:

დიტო მშობლებმა სოფელში წაიყვანეს, ერთხელ მას ტყეში გზა აებნა. ბიჭი გვიან საღამოს იპოვეს.“

ამ მონათხრობზე დაყრდნობით, წარმოიდგინეთ და უფრო ვრცლად დაწერეთ დიტოს ამბავი სხვადასხვა ახალი დეტალის წარმოჩენით (მაგ., როგორ ერთობოდა ბიჭი სოფელში, როგორ აღმოჩნდა ტყეში და რა გადახდა იქ თავს, როდის შეამჩნიეს მისი დაკარგვა, ვინ იპოვა ბიჭი და რას გრძნობდა შინ დაბრუნებისას). შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველის დასაინტერესებლად შეეცადე, გამოიყენო მრავალფეროვანი სიტყვები.

გაითვალისწინე, რომ დიტოს ძალიან უყვარს ტყე და ცხოველები.

⇑⇓ კლასის საერთო ანალიზი

მოსწავლეებს მოკლე მონათხრობიდან გამომდინარე გაუძნელდათ მიზნის შესაბამისად სიტყვებისა და წინადადებების შერჩევა თუმცა შინაარსის გასამდიდრებლად და მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად შეძლეს თითოეული გასათვალისწინებელი დეტალის წარმოჩენა. რომლებიც მინიშნებებისა და რეკომენდაციების სახით იყო ჩაშლილი დავალების პირობაში. რამაც გეზი მისცა მოსწავლეების სწორად აზროვნებას. შეეცადნენ სათქმელი ისე გადმოეცათ, რომ ტექსტის აგებულება შესაბამისობაში ყოფილიყო მიზანთან. უმრავლესობას დაცული ჰქონდა ტექსტის სამნაწილიანობა, შესავალი შუა ნაწილი და დასასრული, თუმცა რამდენიმეს გაუძნელდა მრავალფეროვანი ლექსიკის გამოყენება, ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე სიტყვის ან გამოთქმის განმეორებას ტექსტის მცირე მონაკვეთში. მიუხედავად იმისა, რომ სინონიმური წყვილებისა და არსებითი სახელების ნაცვალსახელებით ჩანაცვლებას ვსწავლობთ, ვაგებთ სავარჯიშოებს მოსწავლეთა გამოცდილებაზე, ინტერესებზე , ვიყენებთ გრაფიკულ მაორგანიზებლებს და ვებ 2 ინსტრუმენტებს სალექსიკონო ერთეულების შესწავლის მიზნით, ვქმნით დიალოგებსა და სამეტყველო სიტუაციებს , არსებულმა პრობლემამ მაინც იჩინა თავი. დავინტერესდი და დავიწყე მოკვლევა, ვაწარმოე წერილობითი გამოკითხვა. შევავსებინე თვითშეფასების შემაფერხებელი ფაქტორებიდან მოსწავლეებმა დაასახელეს სადიაგნოსტიკო ტესტირებისთვის განკუთვნილი დროის სიმცირე და თვალსაჩინოების გარეშე ამბის წერილობით გადმოცემა. დიაგნოსტირებიდან გამომდინარე ანალიზისა და გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა პრობლემები . ვინაიდან ჩვენი მოსწავლეების საჭიროებებიდან, ინტერესებიდან გამომდინარე ვგეგმავთ ინტერვენციებს აღნიშნული ცნების უკეთესად შესწავლის მიზნით, სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან შეხვედრამდე, მოვისმინე მათი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის მხარდაჭერას ისურვებდნენ ამის შემდეგ. მათ იციან შემდეგი პრინციპი: დაწერე, გადაამოწმე, გადაწერე. გამოთქვეს სურვილი, საკუთარი ნამუშევრის გადამოწმებისა და გადაწერისთვის დამატებით მიგვეცა დრო 20-25 წუთი. რამდენიმე მოსწავლემ ითხოვა ესკიზნოტირების საშუალებით ტექსტის შედგენა, დანარჩენებმაც ჩანახატების ეფექტურობა დაასახელეს მიზნის მისაღწევად.

სამივე სამიზნე ცნებისა და საფეხურის შედეგების მიმართულებით მოსწავლეთა პროგრესი შევამოწმე ყველა იმ ქვეცნებაზე და ქვესაკითხებზე დაყრდნობით, რომელიც ნაშრომის მთლიან ანალიზის საფუძველზე გავაკეთე. დასკვნის სახით საბოლოო შეფასება წარმოვადგინე ცხრილის სახით.

შეფასების სქემაში წარმოდგენილია განმავითარებელი კომენტარები, რომელიც რეკომენდაციების სახით მივაწოდე მოსწავლეებს.

სამიზნე ცნება

ტექსტი (ჟანრები)

(შედეგები: (I). 1, 2, 3, 4, 5)

  1. სათქმელის გამოსაკვეთად მნიშვნელოვანია მიზნის შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების შერჩევა.
  2. შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველზე/მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მნიშვნელოვანია დეტალების წარმოჩენა, მრავალფეროვანი სიტყვების გამოყენება.
  3. იმისთვის, რომ მკითხველს/მსმენელს გავაგებინოთ სათქმელი, მისი აგებულება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს. ამოცანას.

ქვეცნება/ქვეცნებები

მოთხრობა და მისი

შინაარსობრივი მხარე

ქვესაკითხი

მოთხრობის „ტყის ქალის“ მთავარი იდეა,  თემა, პერსონაჟი, მთხრობელი

 

არსებითი და არაარსებითი დეტალი;

საკითხი 1. მოთხრობა „ტყის ქალის“ შინაარსი და ენა.

2) სიტყვა, წინადადება, ტექსტი (სიტყვიდან ტექსტამდე)

(შედეგები: (I). 4, 5, 6)

  1. სათქმელის გამოსაკვეთად მნიშვნელოვანია მიზნის შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების შერჩევა.
  2. შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველზე/მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მნიშვნელოვანია დეტალების წარმოჩენა, მრავალფეროვანი სიტყვების გამოყენება.
  3. იმისთვის, რომ მკითხველს/მსმენელს გავაგებინოთ სათქმელი, მისი აგებულება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს. ამოცანას.

ქვეცნება/ქვეცნებები

სამეტყველო ქმედებები და მათი სტრუქტურა აგებულება;

სამეტყველო ქმედებათა განსახორციელებელი ენობრივი საშუალებები;

საკომუნიკაციო სიტუაციის მახასიათებლები.

ქვესაკითხი

ბუნების მოყვარულ, დაკარგულ ბიჭზე შეთხზული ამბის სამნაწილიანობა, ლექსიკური მრავალფეროვნება, დროითი მიმართებების,  მდებარეობის/სივრცეში ლოკალიზების, ნიშან-თვისებების გამომხატველი ენობრივი საშუალებები.

საკითხი 2. ამბავი ტყეში დაკარგული ბიჭის შესახებ.

სამიზნე ცნება

გრამატიკა

(შედეგები: (I). 5, 6)

  1. სიტყვები იცვლიან/არ იცვლიან ფორმასა და მნიშვნელობას, ერთიანდებიან წინადადებებად გრამატიკის ნორმების/წესების შესაბამისად.

ქვეცნებები:

სინტაქსი

მორფოლოგია

ქვესაკითხი/ქვესაკითხები

„ტყის ქალში“ მოცემული წინადადება; მეტყველების ნაწილები – არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, ზმნა, კავშირი, ზმნიზედა;

სიტყვების წინადადებად გაერთიანების გრამატიკული საშუალებები – ბრუნვა, რიცხვი;

სართები – -ზე, -თან, -ში.

გასავლელი ბარათი

 

„საკლასო წერის“ ჩატარების შემდეგ მასწავლებლები ყურადღებით ამოწმებენ რამდენიმე (მაგალითად, ჟურნალის მიხედვით ყოველი მეხუთე მოსწავლის ნაშრომს) და ავსებენ ანგარიშის ქვემოთ მოცემულ ფორმას. თუკი სკოლას აქვს  საშუალება, უმჯობესია, რომ ნაწერები ორ-ორმა მასწავლებელმა შეაფასოს.

შესრულებული დავალებების შეფასება ხდება დაახლოებით 4-5 მოსწავლეზე, წარმოგიდგენთ ერთი მოსწავლის ნაშრომის მიხედვით შევსებულ ანგარიშის ფორმას.

მოსწავლე №

ანალიზი:

ტესტის ჩატარების შემდეგ, ანალიზის პროცესში, სასკოლო საზოგადოების წევრებმა, მასწავლებლებმა. დირექციამ მშობლებმა ვიმსჯელეთ მონაცემთა დამუშავებაზე, შევისწავლეთ ერთად ჩემს მიერ შევსებული ანგარიშები და გამოვკვეთეთ მოსწავლეების პრობლემები და გამოწვევები.

ამრიგად, სიტუაციის რაოდენობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ დიაგნოსტიკის საფუძველზე მიზანმიმართული ინტერვენციების განხორციელება. მნიშვნელოვანია იმ სამიზნე ცნების – სიტყვა, წინადადება, ტექსტი. ფარგლებში, რომელიც ყველაზე მეტად გაუჭირდათ მოსწავლეებს. მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენე ტექსტის წერის სტრუქტურა, შევთავაზე წერის საფეხურების დაცვა, იდეები, შავი ვარიანტი, გადამოწმება და სხვა. სასკოლო საზოგადოების მიერ ერთობლივად შემუშავებული შემდგომი ინტერვენციები იდენტიფიცირებიული პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაიგეგმა. რომელიც შესაძლებელია შემდეგ ნაწილში შემოგთავაზოთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები